"რას ამბობს ქათამი" — მეცნიერები ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით ქათმების "ენის" გაგებას ცდილობენ
იაპონელი მკვლევრები ამბობენ, რომ ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით ქათმის "საუბრის თარგმნა" შეუძლიათ.
კვლევას ტოკიოს უნივერსიტეტის პროფესორი ადრიან დევიდ ჩეოკი ხელმძღვანელობდა. მისი თქმით, შეიმუშავა სისტემა, რომელსაც ქათმებში სხვადასხვა ემოციური მდგომარეობის გაშიფვრა შეუძლია. საუბარია შიმშილზე, შიშზე, ბრაზზე, კმაყოფილებაზე, აღელვებასა და სტრესზე.
ტექნიკა რთულ მათემატიკურ ალგორითმებზეა დაფუძნებული და ის დროთა განმავლობაში კიდევ უფრო დაიხვეწება.
ჯგუფმა 80 ქათამი შეისწავლა. მკვლევრებმა ნიმუშები ალგორითმს მიაწოდეს და მან ისინი გადაამუშავა. ხელოვნურმა ინტელექტმა ქათმების "ემოციური მდგომარეობის" გაშიფვრა ისწავლა.
და აი ახლა, მკვლევრები ამბობენ, რომ მათ ქათმების ფსიქიკური მდგომარეობის ზუსტად გამოვლენა შეძლეს.
"ჩვენმა მოდელმა ქათმის ხმებისგან ემოციების გამოვლენა ისწავლა. ახლა ჩვენ გვესმის თუ რას ამბობს ქათამი", — ამბობენ მკვლევრები.
თუმცა, რამდენად საკმარისია ეს? არის სხვა ფაქტორებიც, როგორიცაა არააკუსტიკური ნიშნები — ენა და სოციალური ინტერაქცია.
"ეს დიდი პროგრესია და მხოლოდ დასაწყისია. მომავალში სისტემას კიდევ დავხვეწთ. წარმოიდგინეთ სამყარო, რომელშიც ზუსტად ვიცით თუ რა უნდათ ცხოველებს", — თქვა დევიდ ჩეოკმა.
კომენტარები