NASA-ს მავალმა მარსზე საერთო ჯამში 122 გრამი ჟანგბადი წარმოქმნა
NASA-ს მიერ მარსზე გაშვებულმა მავალმა Perseverance წითელ პლანეტაზე ფუნქციონირების 2 წელზე მეტ ხანში საერთო ჯამში 122 გრამი ჟანგბადი წარმოქმნა. ადამიანისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ელემენტის ეს რაოდენობა საკმარისია, რომ 1-მა ასტრონავტმა 3 საათი ისუნთქოს, მცირე ზომის ძაღლმა კი — 10 საათი.
ჟანგბადის გამომუშავება MOXIE-ის სახელით ცნობილი მოწყობილობის დამსახურებაა, რომელიც მას ნახშირორჟანგიდან აცალკევებდა. აშშ-ის კოსმოსური სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, აღნიშნული ექსპერიმენტი დასრულებულად გამოცხადდა.
"ვამაყობთ, რომ მხარს ვუჭერდით MOXIE-ის მსგავს გარდამტეხ ტექნოლოგიას, რომელმაც შესაძლოა, სამომავლო მისიებში ადგილობრივი რესურსები გამოყენებად პროდუქტებად აქციოს", — ამბობენ NASA-ში.
წითელ პლანეტაზე ნახშირორჟანგის მაღალი კონცენტრაციაა. მოწყობილობამ 16-ზე მეტი ექსპერიმენტის განმავლობაში სწორედ ის გამოიყენა და CO2-დან ჟანგბადის ატომები გამოაცალკევა. სპეციალურ კაფსულაში დაგროვებამდე ხელსაწყო მათ "სისუფთავეს" ამოწმებდა, ნარჩენს კი უკან ნახშირბადის მონოქსიდის სახით აბრუნებდა.
"MOXI-ის გასაოცარი მუშაობა გვიჩვენებს, რომ მარსის ატმოსფეროდან ჟანგბადის მოპოვება შესაძლებელია, რომელსაც მომავალში სასუნთქი ჰაერის ან რაკეტის საწვავის სახით გამოვიყენებთ", — აცხადებენ სააგენტოში.
მართალია, ეს წინ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია. მაგრამ მარსზე ადამიანთა კოლონიის დაარსება სხვა გამოწვევებსაც უკავშირდება. მაგალითად, იქ ტემპერატურა დაახლოებით -62 გრადუსი ცელსიუსია, ანუ ძალიან ცივა, რის გამოც ჩვენი ორგანიზმი სკაფანდრის გარეშე უბრალოდ გაიყინება. ძალიან დაბალია ატმოსფერული წნევაც, რაც სხეულში სისხლის ადუღების წინაპირობაა, რომ არაფერი ვთქვათ კოსმოსურ რადიაციაზე.
ამ დაბრკოლებების გადალახვამდე ჩვენ მაგივრად წითელ პლანეტას სწორედ ისეთი რობოტების მეშვეობით ვიკვლევთ, როგორიც Perseverance-ია. ის ციურ სხეულზე სიცოცხლის კვალს ეძებს და გრუნტის ნიმუშებსაც აგროვებს, რომელთაც დედამიწაზე ჩამოვიტანთ და დეტალურად შევისწავლით.
კომენტარები