ფოტოგრაფმა პუერტო რიკოში თავდაყირა წარმოქმნილი ელვა გადაიღო — იშვიათი ფენომენი
პუერტო რიკოში მცხოვრებმა ფოტოგრაფმა, ფრენკი ლუსენამ 20 აგვისტოს შთამბეჭდავი სურათები გადაიღო, როცა ქარიშხალ ფრანკლინს აკვირდებოდა. მის თვალწინ ცაზე რამდენიმე ელვა წარმოიქმნა, რომლებიც შტორმის ღრუბლიდან ქვემოდან ზემოთ იყო მიმართული და არა პირიქით.
მოწითალო შეფერილობის მქონე მსგავსი ელვა უიშვიათესია და მას გიგანტური ნაკადების სახელით მოიხსენიებენ. ის, ამავე დროს, ყველაზე ძლიერია და წელიწადში დაახლოებით 1 000-ჯერ იჩენს თავს, სიმძლავრით კი ჩვეულებრივ ელვას 50-ზე მეტჯერ აღემატება.
მსგავსმა წარმონაქმნებმა შესაძლოა, დედამიწის ზედაპირიდან 80 კილომეტრზე მაღლა ააღწიოს და იონოსფეროს ქვედა ზღვარს მისწვდეს. ეს ელექტრულად დამუხტული ნაწილაკების შემცველი შრეა, სადაც ჩვენი პლანეტის ატმოსფეროს ზედა ფენისა და კოსმოსის მიჯნა მდებარეობს.
მართალია, გიგანტური ნაკადები ხშირი არაა, მაგრამ ისინი ატლანტიკური ქარიშხლების დროს გავრცელებულია, მეტწილად ტროპიკულ რეგიონებში. განსაკუთრებით ეს სწრაფად გააქტიურებადი შტორმებისას ხდება, ფრანკლინი კი სწორედ ასეთია.
ამგვარი ელვის არსებობის შესახებ დაახლოებით 20 წელია, ვიცით, მაგრამ მისი თავდაყირა ფორმირების მიზეზი ჯერჯერობით გაურკვეველია. ამას შესაძლოა, ღრუბლის ქვედა მხარეს უცნობით მექანიზმით ელვის ბლოკირება განაპირობებდეს, რის გამოც ის მაღლა მიემართება.
გიგანტური ნაკადების შესახებ მეტის გასაგებად ატლანტიკური ქარიშხლების პერიოდი საუკეთესოა, რომელიც ახლახან დაიწყო. რაც შეეხება ფრანკლინს, მან ამ მოვლენის შემდეგ ჩრდილოეთით, ბერმუდისკენ გადაინაცვლა.
სპეციალისტების პროგნოზით, ქარიშხალმა შესაძლოა, ამერიკის შეერთებული შტატების აღმოსავლეთ სანაპიროზე მძლავრი დინებები გამოიწვიოს, რაც პოტენციურად საფრთხის შემცველია. ხმელეთზე ის, სავარაუდოდ, არ გადაინაცვლებს. ეს სიტუაციას გაართულებდა, როგორც ქარიშხალ იდალიას შემთხვევაში მოხდა, რომელმაც სულ მცირე 2 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.
შტორმს ოკეანის რეკორდულად მაღალი ტემპერატურა აძლიერებს. ეს, თავის მხრივ, კლიმატის ცვლილებასა და ელ ნინიოს უკავშირდება, რომელიც გარემოზე საგრძნობლად ზემოქმედებს.
კომენტარები