როგორ მარხავდნენ მკვდრებს ქვის ხანაში — კვლევა
არქეოლოგებმა ესპანეთში, გალერია დელ სილექსში, კერამიკული ჭურჭლის ანალიზის შემდეგ ადრეული ნეოლითური სამარხის უნიკალური მტკიცებულებები აღმოაჩინეს. მკვლევრებმა ორ ორმოს მიაგნეს, რომელშიც ადამიანის ნაშთები აღმოჩნდა.
"ამ ადგილს დაღუპულების დასაკრძალად იყენებდნენ. ეს სამარხი ქვის ხანიდან მოყოლებული ბრინჯაოს ხანის დასაწყისამდე აქტიური უნდა ყოფილიყო", — ამბობენ მკვლევრები, რომლებსაც არქეოლოგი ანტონიო მოლინა-ალმანსა ხელმძღვანელობდა.
ახლანდელი საფრანგეთის, პორტუგალიისა და ანდალუსიის მთელ ტერიტორიაზე, უძველესი ადამიანები დაღუპულების დასაკრძალად გამოქვაბულებს იყენებდნენ. თუმცა, ესპანეთის ნახევარკუნძულზე ადრეული ნეოლითური წეს-ჩვეულებები სხვებისგან განსხვავდებოდა. ისინი მკვდრებს მიწაში მარხავდნენ.
გალერია დელ სილექსში გაკეთებული აღმოჩენები მკვეთრად განსხვავდება ამ პრაქტიკისგან.
აღმოჩენიდან რამდენიმე ნაშთი განსაკუთრებით საინტერესოა. ისინი ორი ცალკეული ორმოს ფსკერზე იყო, რომელიც შესასვლელიდან 300 მეტრის დაშორებითაა.
"გალერია დელ სილექსი არაჩვეულებრივი ადგილია. ეს იმის გამო, რომ იგი ბრინჯაოს ხანიდან უცვლელად შემოინახა", — თქვეს მკვლევრებმა.
თავიდან ითვლებოდა, რომ აღმოჩენილი ნაშთები ადრეულ ბრინჯაოს ხანას მიეკუთვნებოდა, მაგრამ კერამიკული ჭურჭლის ფაქტორმა არქეოლოგების აზრი შეცვალა.
რადიოკარბონული დათარიღებით დადგინდა, რომ სამი ნაშთი ქრისტეს შობამდე 5 300 წლის წინ მცხოვრებ ინდივიდებს ეკუთვნოდათ. ეს 13-14 წლის გოგოს ნაშთებია, რომლის ჩონჩხი ექვს კერამიკულ ჭურჭელთან ერთად იყო შემონახული. მკვლევრები ფიქრობენ, რომ გოგო ჭურჭელთან ერთად განზრახ დაკრძალეს და ამას სიმბოლური მნიშვნელობა უნდა ჰქონოდა.
მკვლევრებს მიაჩნიათ, რომ ადგილს უძველესი ადამიანებისთვის სიმბოლური მნიშვნელობა ჰქონოდა და ამიტომ, ისინი აქ თავიანთ დაღუპულებს კრძალავდნენ.
"ეჭვგარეშეა, რომ ამ ადგილს ადამიანების დასაკრძალად იყენებდნენ. საინტერესოა ის ფაქტიც, რომ გამოქვაბულში შესასვლელსა და აღმოჩენილ ნაშთებს შორის დიდი მანძილი იყო", — ამბობენ მკვლევრები.
კვლევა მნიშვნელოვანია იმის გასაგებად, თუ როგორ მარხავდნენ მკვდრებს ქვის ხანაში. როგორც ჩანს, ეს ადამიანები თავისი კულტურითა თუ რწმენით რთული და კომპლექსური საზოგადოების ნაწილი იყვნენ.
კვლევა Quaternary Science Reviews-ში გამოქვეყნდა.
კომენტარები