დაღესტანში ლგბტ წყვილის ხელის თხოვნის ვიდეოს გამო გამოძიება დაიწყო
რუსი სატელევიზიო ვარსკვლავი და მისი პარტნიორი ხელის თხოვნის ვიდეოს გაზიარების გამო დაღესტანში ჰომოფობიური კრიტიკის სამიზნე გახდნენ. წყვილის წინააღმდეგ ფედერალური ანტი-გეი კანონების დარღვევის ბრალდებით გამოძიება დაიწყო.
ლაურიტა კარპოვამ, რომელიც რუსულ რეალითი შოუ Tomboys-ში ("პაცანკი") მონაწილეობით გახდა ცნობილი, გამოაქვეყნა ვიდეო და ფოტოები, რომელიც სავარაუდოდ დაღესტანშია გადაღებული და პარტნიორ ქალთან საქორწილო ცერემონიას ასახავს.
როგორც ჩანს, ვიდეო რესპუბლიკის დასავლეთ სულაკის კანიონში გადაიღეს და ჩანს, როგორ სვამენ შამპანურს კარპოვა და მისი პარტნიორი და ერთმანეთს კოცნიან.
კარპოვა სტერეოტიპული რეალითი შოუს "Tomboys" მეექვსე სეზონში გამოჩნდა, სადაც ქალებს, რომლებსაც შოუს შემქმნელები საკმარისად ფემინურად არ მიიჩნევენ, ასწავლიან "ეტიკეტს და თავის მოვლას", ასევე "უვითარებენ ინტელექტს და თანაგრძნობას".
ადგილობრივი ტელეგრამ არხი, Dagestanskiye Isvestia წერს, რომ კარპოვამ სოციალური მედიის ანგარიშები დახურა მას შემდეგ, რაც მისი პოსტები რესპუბლიკაში ვირუსულად გავრცელდა.
21 აგვისტოს დაღესტანის პარლამენტის დეპუტატმა, სულთან ხამზაევმა განაცხადა, რომ ამ ცერემონიის შესახებ რუსეთის გენერალურ პროკურატურას და შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა "გეი პროპაგანდის" ამკრძალავი კანონების დარღვევის გამო.
2022 წელს მიღებული ჰომოფობიური კანონი კრძალავს რეკლამაში, წიგნებში, ფილმებსა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში "ლგბტ პროპაგანდის, პედოფილიის და სქესის შეცვლის" შესახებ ნებისმიერ კონტენტს.
ლგბტ წყვილების ქორწინება არ არის აღიარებული რუსეთში და კანონმდებლობა ქორწინებას განსაზღვრავს როგორც კაცისა და ქალის ერთობას.
გენერალური პროკურორისადმი მიმართვაში, ხამზაევი ამტკიცებდა, რომ კარპოვას ქცევა "განსაკუთრებით პროვოკაციულად გამოიყურება დაღესტანში, სადაც საზოგადოებას მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულება აქვს ასეთი გარყვნილების მიმართ".
დაღესტნის შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიმართვაზე გამოძიება ორშაბათს საღამოს დაიწყო.
სტატიაში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის ავტორს და არ წარმოადგენს On.ge-ის პოზიციას. მასალა ქვეყნდება OC Media-სთან პარტნიორობის ფარგლებში, რომლის შედეგად, გამოცემის სტატიები ამიერიდან ოთხ ენაზე გავრცელდება. საქართველოში OC Media-ს პარტნიორი On.ge-ა. სტატია ინგლისურად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.
კომენტარები