"შეიძლება კრახი განვიცადოთ" — ილონ მასკი Twitter-ის წარუმატებლობას აღიარებს
ილონ მასკმა ცოტა ხნის წინ Twitter-ზე, აწ უკვე X-ზე, დაწერა, რომ პლატფორმამ შეიძლება კრახი განიცადოს. კომპანიის მფლობელმა ეს მას შემდეგ განაცხადა, რაც ხარვეზის გამო სოციალური ქსელიდან 2014 წლამდე დადებული სურათების დიდი ნაწილი წაიშალა.
იხილეთ: Twitter-ზე 2011-2014 წლებში ატვირთული ფოტოები წაიშალა, ახლა კი ბლოკირების ფუნქციაც ქრება
"სამწუხარო სიმართლე ისაა, რომ ამჟამად არ არსებობს დიდებული "სოციალური ქსელები". შეიძლება კრახი განვიცადოთ, როგორც ბევრს უვარაუდია, თუმცა მაქსიმალურად შევეცდებით, რომ ერთი მაინც არსებობდეს", — დაწერა მასკმა პლატფორმაზე.
ხარვეზის შედეგად 2014 წლამდე დადებული ბმულები და ფოტოები ამ შაბათ-კვირას წაიშალა. The Verge-ის მიხედვით, პრობლემა, სავარაუდოდ, URL-ების შემოკლების პლატფორმაში ჩაშენებულ სერვისს უკავშირდება.
წაშლილ სურათებს შორის ელენ დეჯენერესის ცნობილი სელფიც მოხვდა, რომელიც მან ოსკარების ცერემონიაზე გადაიღო ცნობილ კინოვარსკვლავებთან ერთად. ეს ტვიტერზე ყველაზე მეტჯერ გაზიარებული ფოტო იყო და, უამრავი წაშლილი სურათისგან განსხვავებით, პლატფორმაზე საბოლოოდ იგი აღადგინეს.
მასკის მხრიდან აღიარება საკმაოდ იშვიათი სანახავია, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ კომპანიის სათავეში მისი მოსვლიდან სოციალურმა ქსელმა არაერთი კრახი განიცადა.
Twitter-ის ახალმა დირექტორმა ლინდა იაკარინომ მასკის განცხადება გააზიარა, რაც მის თანხმობაზე მეტყველებს.
"მსოფლიოში X-ს მნიშვნელოვანი ადგილი ელის", — დაწერა იაკარინომ.
ლინდა იაკარინო კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი ამ ზაფხულს გახდა. მისი განცხადებით, მასკის მხრიდან Twitter-ის შეძენის შემდეგ რეკლამების ნახევარი ერთ ღამეში გაქრა. მან ეს მფლობელის მხრიდან "სიტყვის თავისუფლების" მხარდაჭერას მიაწერა. მასკის ამ მიდგომის შედეგად პლატფორმიდან გაძევებული ანგარიშები Twitter-ზე დაბრუნდა; პრობლემები შეიქმნა სიძულვილის ენის დაუსჯელობის კუთხითაც.
ასევე იხილეთ: Twitter-ს ახალი აღმასრულებელი დირექტორი ჰყავს — ვინ არის ლინდა იაკარინო
წელს მასკი იმაშიც გამოტყდა, რომ სოციალური ქსელის შეძენა, შესაძლოა, მისთვის საუკეთესო გადაწყვეტილება არ ყოფილა.
"მომავალში გავიგებთ, ფინანსურად რამდენად ჭკვიანური იყო", — აპრილში განაცხადა მან Fox News-თან ინტერვიუში — "ჯერჯერობით არ არის".
მასკის ახალი განაცხადი ძველებთან შედარებით გულახდილი ჩანს. ვინ იცის, იქნებ მართლაც დაიწყო იმის გააზრება, რომ იგი კომპანიის წარუმატებლობას იწვევს — ზოგი იმასაც ფიქრობს, რომ მასკის მიზანი თავიდანვე ეს იყო.
კომენტარები