მალე Twitter-ის ჩიტის ლოგო გაქრება — რა ცვლილებებია პოპულარულ სოციალურ ქსელში
ილონ მასკმა Twitter-ის რებრენდინგი დაიწყო. მის მიერ გამოქვეყნებული პოსტების თანახმად, მალე ამ სოციალური ქსელის ცნობილი ლურჯი ჩიტის ლოგო გაქრება, კომპანიას კი სახელი უკვე გადაერქვა. მას ახლა უბრალოდ "X" ეწოდება.
"მალე Twitter-ის ბრენდს უნდა დავემშვიდობოთ და, ეტაპობრივად, ჩიტებსაც", — წერს მასკი თავის ტვიტში.
"ეს დიდი ხნის წინ უნდა მომხდარიყო, ბოდიში, რომ ამას ამდენი დრო დასჭირდა", — აცხადებს ის.
ილონ მასკმა ზემოხსენებული ცვლილებების შესახებ თანამშრომლებს მეილი მისწერა, სადაც ნათქვამი იყო, რომ Twitter-ის ელექტრონული ფოსტით მათ ბოლო შეტყობინებას უგზავნიდა.
ცნობილია, რომ მასკს "X"-ის ბრენდირება ძალიან მოსწონს, რაზეც მის მიერ თანადაფუძნებული სტარტაპების სახელებიც მეტყველებს. ასეთია, მაგალითად, x.com, xAI, X Corp და SpaceX. ახლა ამ ჩამონათვალს კომპანია X-იც შეუერთდა. ბიზნესმენის თქმით, ეს "ყველაფრის აპლიკაცია" უნდა იყოს, რაშიც რებრენდინგი დაეხმარება.
აღსანიშნავია, რომ ასეთი ცვლილებები საკმაოდ სარისკოა, რადგან კომპანია უკვე რეკლამების სიმცირეს განიცდის და შესაბამის შემოსავალსაც კარგავს. მსგავსმა ნაბიჯებმა შესაძლოა, სიტუაცია გაამწვავოს, თუმცა მასკს სურს, წინა მფლობელებთან და მათ გადაწყვეტილებებთან X-ის კავშირი გაწყვიტოს.
კომენტარები