ნახეთ: ვიდეო ვარსკვლავის გარშემო ეგზოპლანეტის 17-წლიან მოძრაობას გვიჩვენებს
მეცნიერებმა ჩვენგან დაახლოებით 64 სინათლის წლით დაშორებული ვარსკვლავის გარშემო უზარმაზარი ეგზოპლანეტის 17-წლიანი მოძრაობა პირდაპირ გადაიღეს და 10-წამიან ვიდეოში დაჩქარებული კადრებით წარმოადგინეს.
ეს ციური სხეული Beta Pictoris b-ის სახელითაა ცნობილი და იუპიტერზე 12-ჯერ მასიურია. მას სპეციალისტები 2003-დან 2020 წლამდე აკვირდებოდნენ, თუმცა მთლიანი ორბიტული გადაადგილება მაინც ვერ აღბეჭდეს, რადგან ეგზოპლანეტა ამას 23 წლამდე პერიოდს ანდომებს. ჩვენს ხელთ არსებული მონაცემებით შეგვიძლია ვიხილოთ, როგორ ფარავს ის ორბიტის 75%-ს.
2003 წელს აღმოჩენილი Beta Pictoris b ძალიან კაშკაშა და დიდია, რაც მისი პირდაპირ დაფიქსირების საშუალებას გვაძლევს. ეს ნიშნავს, რომ მნათობის ელვარებაში ისე არ იჩრდილება, როგორც შედარებით მცირე ზომის, მკრთალი ეგზოპლანეტები, რომელთა არსებობაზეც, როგორც წესი, ვარსკვლავთა ციმციმი და მცირე მოძრაობები მიუთითებს.
მათგან განსხვავებით, Beta Pictoris b გიგანტურია, რის გამოც პლანეტასა და ყავისფერ ჯუჯას შორის გარდამავალ ციურ სხეულად მიიჩნევა. ყავისფერი ჯუჯები არის ობიექტები, რომლებსაც სულ ცოტა მასა დააკლდა იმისთვის, რომ მნათობად ქცეულიყო, თუმცა პლანეტის კატეგორიაშიც ვერ გადის, რადგან ზედმეტად დიდია.
რაც შეეხება მის მშობელ ვარსკვლავს, მას Beta Pictoris იწოდება, ის მზეს ზომით დაახლოებით 1.75-ჯერ აღემატება და თითქმის 9-ჯერ უფრო კაშკაშაა. ასევე, ეს მნათობი ჯერ ძალიან ახალგაზრდაა, რადგან მხოლოდ 26 მილიონი წლისაა. შედარებისთვის, ჩვენი მზე 4.6 მილიარდი წლისაა.
მეცნიერებმა თავდაპირველად მხოლოდ 5-წლიანი ორბიტის ამსახველი კადრები მოიპოვეს, 2023 წლის იანვარში კი კვლევის გაგრძელება გადაწყვიტეს. მათ არქივში არსებული სამი წყაროს მეშვეობით ეგზოპლანეტის მოძრაობის მონაცემები ამოკრიბეს, რისთვისაც ხელოვნური ინტელექტი და სპეციალური ალგორითმი (დროითი შუალედების ამოსავსებად) გამოიყენეს.
შედეგი თავად იხილეთ:
კომენტარები