7 აგვისტოს მზემ გამოათავისუფლა ძლიერი, X კლასის ამოფრქვევა, რამაც ჩრდილოეთ ამერიკაში რადიოსადგურები გათიშა.

კოსმოსური ამინდის პროგნოზებმა ასევე იწინასწარმეტყველა, რომ კორონალური მასის ამოფრქვევა (CME), რომელიც 5 აგვისტოს მოხდა, ჩვენს ატმოსფეროს დაარტყამდა. სინოპტიკოსების აზრით, მზის დაგვიანებული შტორმის წარმოქმნა ნაკლებად სავარაუდოა.

მზის ამგვარი აქტივობა უახლოეს თვეებში, დიდი ალბათობით, გაიზრდება, რადგან ვარსკვლავი ესკალაციას იწყებს თავისი 11-წლიანი აქტივობის ციკლის პიკამდე, რომელსაც 2025 წლის ივნისში უნდა ველოდოთ.

მზეზე ყოველდღიური ამოფრქვევები უკვე 18 თვეზე მეტია, რაც ხდება, მაგრამ ახლა ისინი აშკარად ძლიერდება. ივნისსა და ივლისში დაფიქსირდა X კლასის აფეთქებები, რომლებიც მზის ამოფრქვევის ყველაზე მაღალი კლასიფიკაციაა.

ივლისის განმავლობაში კი, თითქმის, ყოველდღიურად ფიქსირდებოდა M კლასის, ანუ მეორე ყველაზე ძლიერი ამოფრქვევები. რაც შეეხება აგვისტოს, უკვე ჩაიწერა X კლასის ორი ამოფრქვევა და M კლასის ყოველდღიური აფეთქებები. 5 აგვისტოს, X1.63-ის გარდა, ასევე დაფიქსირდა M-კლასის ორი და C-კლასის 9 აფეთქება.

ფოტო: NOAA/SWPC

X1.5 კლასის ამოფრქვევა, რომელმაც 7 აგვისტოს რადიოსადგურები გათიშა, გამოიყო მზის დისკის კიდეზე მდებარე ლაქიდან და დედამიწას ისეთი ძალით დაარტყა, რომ ჩრდილოეთ ამერიკასა და წყნარ ოკეანეში რადიოსადგურები გაითიშა.

5 აგვისტოს აფეთქება ასევე წამოვიდა დისკის კიდიდან, თუმცა მას თან ახლდა კორონალური მასის ამოფრქვევები, რაც ხდება მაშინ, როდესაც დიდი რაოდენობით, მილიარდობით ტონა მასალა ვარსკვლავიდან მზის სისტემაში გამოიდევნება.

5 აგვისტოს ის, რაც მზემ გამოათავისუფლა, ცნობილია როგორც კანიბალი CME. ასეთ დროს ორი ამოფრქვევა ხდება შედარებით სწრაფი თანმიმდევრობით და მეორე ამოფრქვევა, რომელიც პირველზე უფრო სწრაფად მოძრაობს, უსწრებს წინამორბედს, რის შედეგადაც პლაზმური და მაგნიტური ველების უფრო მძლავრი ტალღა იტყორცნება მზის სისტემაში.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.