2021 წლის 28 ოქტომბერს მზეზე კორონალური მასის ამოფრქვევა მოხდა, რა დროსაც ელექტრულად დამუხტული ნაწილაკები ჩვენს კოსმოსურ სამეზობლოში გავრცელდა. აღმოჩნდა, რომ ამ მატერიამ ერთდროულად დედამიწამდე, მთვარემდე და მარსამდე მიაღწია, რაც აქამდე არასდროს დაფიქსირებულა.

აღნიშნული მოვლენა შიდა მზის სისტემაში განლაგებულ ზონდებსაც არ გამორჩენია, რისი მეშვეობითაც გარემოზე ერთი წყაროს მქონე კოსმოსური რადიაციის გავლენაზე მეტის გაგების საშუალება მოგვეცა. დაკვირვებების მიხედვით, ნაწილაკების ეს ნაკადი იმდენად ენერგიული იყო, რომ ჩვენი პლანეტის მაგნიტური ველი გაარღვია და ზედაპირამდე ჩააღწია. 1940 წლიდან დღემდე ასეთი მხოლოდ 72 შემთხვევაა ცნობილი.

მარსსა და მთვარეს მაგნიტური ველი არ გააჩნია, ამიტომ თითოეული მათგანი უფრო მეტ რადიაციას იღებს. წითელი პლანეტის თხელი ატმოსფერო დაბალენერგიული ნაწილაკების მოძრაობას ანელებს, თუმცა მავნე ნაკადებს მაინც ვერ აკავებს.

შთანთქმული რადიაცია გრეით იზომება. მაგალითად, 10 გრეის დოზა 2 კვირაში ადამიანის სიკვდილს გამოიწვევს, 700 მილიგრეი კი გამოსხივებასთან დაკავშირებულ ავადობას. დედამიწის ორბიტაზე ამ მოვლენისას 10 მილიგრეის მაჩვენებელი დაფიქსირდა, ხოლო ხმელეთზე მხოლოდ უმნიშვნელო ნიშნული გამოთვალეს. მთვარეზე 31 მილიგრეი იყო, მის ზედაპირზე კი — 17. მარსის ზედაპირზე 0.3 მილიგრეი, ორბიტაზე — 9.

ფოტო: SOHO (ESA & NASA)

უნდა ითქვას, რომ 1972 წელს მზის ამოფრქვევამ მთვარის ზედაპირზე დაახლოებით 10 გრეი გამოიწვია. საბედნიეროდ, ეს Apollo 16-ისა და Apollo 17-ის მისიებს შორის მოხდა, წინააღმდეგ შემთხვევაში, ასტრონავტები სერიოზული საფრთხის წინაშე აღმოჩნდებოდნენ. ამის რისკი სამომავლოდ ეკიპაჟიან კოსმოსურ ფრენებში აუცილებლად გასათვალისწინებელია.

"კოსმოსურ რადიაციას ჩვენ მიერ მზის სისტემის კვლევისას სერიოზული საფრთხის შექმნა შეუძლია. რობოტული მისიების საშუალებით მაღალი დონის რადიაციის გაზომვა კრიტიკულად მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ხანგრძლივი ეკიპაჟიანი მისიებისთვის მოვემზადოთ", — აცხადებენ მეცნიერები.

უკანასკნელი კვლევა მონაცემების გაზიარების, ანუ საერთაშორისო კოლაბორაციის საჭიროებასაც გამოკვეთს, რათა რისკები სათანადოდ შეფასდეს.

ავტორთა ნაშრომი გამოცემაში Geographical Research Letters გამოქვეყნდა.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.