რა არის გრენლანდიის ყინულის ქვეშ?
გრენლანდიის დაახლოებით 80% ყინულის სქელი ფენითაა დაფარული, რომლის ქვეშაც ბევრი საინტერესო გეოლოგიური წარმონაქმნი იმალება და ჩვენი პლანეტის წარსულის შესახებ მნიშვნელოვან ინფორმაციას ინახავს.
მაინც, რას დაინახავდით იქ, ყინული რომ არა?
პირველ რიგში, უნდა ითქვას, რომ გრენლანდია დედამიწის უდიდესი კუნძულია, რომლის ფართობიც 2.17 მილიონ კვადრატულ კილომეტრამდეა. აქედან 410 000 კვადრატული კილომეტრი ყინულისგან თავისუფალია, ხოლო სხვა რეგიონებში უზარმაზარი საფარველი გვხვდება, რომლის მაქსიმალური სისქეც 3 კილომეტრს აჭარბებს.
ასევე, იხილეთ: რა არის პოლარული ყინულის ქვეშ?
ყინულის ეს ფენა მსოფლიოში სიდიდით მეორეა და მხოლოდ ანტარქტიდას ჩამოუვარდება. ისევე, როგორც იქ, გრენლანდიაზეც ყინულის ქვეშ ხმელეთის მასაა, რასაც ვერ ვიტყვით არქტიკის რეგიონზე, სადაც ყინული წყალშია.
დავუბრუნდეთ გრენლანდიას. იქ ყინულის ფენის დაბლა მრავალი გასაოცარი სტრუქტურაა, მათ შორის დედამიწის უდიდესი კანიონი, რომლის სიგრძეც რეკორდულ 750 კილომეტრს აჭარბებს, სიღრმე 800 მეტრია, სიგანე კი 10 კილომეტრს აღწევს. ვარაუდობენ, რომ ის უზარმაზარმა მდინარემ წარმოქმნა, რომელიც ამ არეალში დაახლოებით 4 მილიონი წლის წინ მიედინებოდა.
გრენლანდიის ყინულის ქვეშ მეცნიერებმა მცენარეების კვალსაც კი მიაგნეს. 1966 წელს სპეციალისტებმა კუნძულის ჩრდილო-დასავლეთით ყინული გაბურღეს და 4.5-მეტრიანი მილით მატერია ამოიღეს. როდესაც დეკადების შემდეგ ის დეტალურად გამოიკვლიეს, იქ ფოთლები, ტოტები და განამარხებული მცენარეები აღმოაჩინეს.
მეცნიერები ამბობენ, რომ ადრე გრენლანდია მწვანე იყო. კერძოდ, დაახლოებით 400 000 წლის წინ მისი დიდი ნაწილი ჯერ კიდევ წიწვოვან ტყეებსა და ტუნდრას ეკავა. მოსალოდნელია, რომ შემდეგ საუკუნეში საკუთარი თვალით დავინახავთ, რა არის ამ ყინულის დაბლა, რადგან დედამიწაზე კლიმატის ცვლილება მიმდინარეობს, ეს კი კარგი სულაც არაა.
გლობალური დათბობის გამო 2001-2011 წლამდე პერიოდში, ანუ სულ რაღაც ერთ დეკადაში გრენლანდიაზე 1.5°C-ით დაცხა, ვიდრე მეოცე საუკუნეში. მაშინ იქ ბოლო 1 000 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი ტემპერატურა დაფიქსირდა, რაც საგანგაშო მაჩვენებელია. ეს ხელს უწყობს როგორც ყინულის ლღობას, ასევე მისით პროვოცირებულ ზღვის დონის მატებას.
კომენტარები