ყავა ალცჰაიმერისგან დაგვიცავს? — ახალი კვლევა ესპრესოს დალევაზე დაგაფიქრებთ
ახალი კვლევის თანახმად, ყავის მარცვლებს შეუძლია ხელი შეუშალოს ცილების დაფების წარმოქმნას, რომლებიც ხელს უწყობს ალცჰაიმერის დაავადების განვითარებას. და მიუხედავად იმისა, რომ ექსპერიმენტები ტარდებოდა პეტრის თეფშზე, მკვლევრების თქმით, მსგავსი შედეგების მიღწევა შესაძლებელი უნდა იყოს დღეში რამდენიმე ჭიქა ესპრესოს დალევით.
ალცჰაიმერის დაავადება მიეკუთვნება დაავადებათა ჯგუფს, რომელიც ხასიათდება ტვინში ტაუ-ცილების აგრეგაციით. იმის გათვალისწინებით, რომ ბოლოდროინდელმა კვლევებმა გამოავლინა ყავის შესაძლო ნეიროდამცველობითი ეფექტი, კვლევის ავტორებმა გადაწყვიტეს, გაერკვიათ, თუ როგორ მოქმედებს ჩვეულებრივი ესპრესო ამ პათოლოგიური ცილის გროვების განვითარებასა და ქცევაზე.
მკვლევრებმა ესპრესოდან რამდენიმე ნაერთი გამოყვეს. კერძოდ, მათ შეარჩიეს ალკალოიდები (კოფეინი და ტრიგონელინი), ისევე როგორც ფლავონოიდები (გენისტეინი და თეობრომინი), ტაუ-ცილის შემცირებულ ფორმასთან ერთად 40 საათამდე ინკუბაციისთვის. ასევე გამოიყენეს ყავის ექსტრაქტი, რათა ყველა ამ ნაერთის ერთობლივ ეფექტს დაკვირვებოდნენ ტაუ-ცილების აგრეგაციაზე.
შედეგებმა აჩვენა, რომ კოფეინი, გენისტეინი და ყავის ექსტრაქტი აფერხებდა ტაუს დაფების წარმოქმნას და, ამ სხვადასხვა ნაერთის კონცენტრაციის მატებასთან ერთად, მცირდებოდა ტაუს ფილამენტების სიგრძე. ყავის სრული ექსტრაქტი კი ყველაზე ეფექტური გამოდგა და, როგორც აღმოჩნდა, მას შეუძლია ტაუს აგრეგატების ფორმის რღვევა.
შემდგომმა ექსპერიმენტებმა აჩვენა, რომ კოფეინს ასევე აქვს ტაუს წინასწარ ჩამოყალიბებული ბოჭკოების შებოჭვის პოტენციალი, ხოლო ყავის ექსტრაქტი ხელს უშლის ტაუს კონდენსატების წარმოქმნას, რომლებიც, სავარაუდოდ, დაფების წინამორბედია.
როდესაც დაინახეს, თუ როგორ აფერხებს ეს სხვადასხვა კომპონენტი ტაუს ბოჭკოების წარმოქმნას, მეცნიერებმა გადაწყვიტეს, გამოეკვლიათ ამ შეფერხების გავლენა ცილის ტოქსიკურობაზე. ამიტომ მათ ადამიანის ემბრიონული თირკმლის უჯრედები ნარევს დაუმატეს და დაადგინეს, რომ ტაუ-ცილებს უჭირს ამ უჯრედებისთვის ზიანის მიყენება ყავის ნაერთების არსებობისას.
კვლევის ავტორების თქმით, დღეში ორი ან სამი ჭიქა ესპრესოს დალევამ შეიძლება უზრუნველყოს როგორც კოფეინის, ასევე გენისტეინის მნიშვნელოვანი რაოდენობის ქონა, ორივე მათგანს კი შეუძლია, გადალახოს ჰემატოენცეფალური ბარიერი და წარმოქმნას ნეიროდამცველობითი ეფექტი. იმის გათვალისწინებით, რომ ტვინში ტაუ-ცილების კონცენტრაცია, ჩვეულებრივ, დაახლოებით 25-ჯერ დაბალია, ვიდრე ამ კვლევაში გამოყენებული დონეები, მკვლევრები ვარაუდობენ, რომ ყავის დალევა ხელს შეუწყობს ამ ცილების აგრეგაციის თავიდან აცილებასა და ალცჰაიმერის დაავადების პრევენციას.
ბუნებრივია, ასეთი პრეტენზიები უნდა გადამოწმდეს სათანადო კლინიკური კვლევებით. მეტიც, ყავის ნეიროდამცველობითი ეფექტის დასადასტურებლად გაცილებით მეტი კვლევაა საჭირო.
კვლევა გამოქვეყნდა Journal of Agricultural and Food Chemistry-ში.
კომენტარები