1 წლის წინ ჯეიმს ვების კოსმოსურმა ტელესკოპმა მუშაობა დაიწყო. 10 მილიარდი დოლარის ღირებულების ტელესკოპმა, რომელსაც ინჟინერიის საოცრებასაც უწოდებენ, სამყარო ახალი თვალით დაგვანახა. 2022 წლის 12 ივლისი ეს ის დღეა, როდესაც სამყაროს "ახალი თვალი" ამოქმედდა.

ერთი წლის განმავლობაში ვების ტელესკოპმა სამყაროს შესახებ დიდი მონაცემები შეაგროვა. ეს მოიცავს, როგორც ყველაზე შორეულ გალაქტიკებს, ისე უშუალოდ ჩვენს მზის სისტემასაც.

თუმცა, ეს მხოლოდ დასაწყისია და როგორც მეცნიერები ამბობენ, აისბერგის მწვერვალი. წინ უამრავი აღმოჩენა და გასაოცარი სიახლეა. ამ მომენტისთვის კი, ტელესკოპის პირველი საიუბილეო თარიღის აღსანიშნავად, მოდით გადავხედოთ ტელესკოპის ყველაზე საინტერესო აღმოჩენებსა და სურათებს.

პირველი ფოტო — ღრმა კოსმოსი

ფოტო: NASA

ტელესკოპის გააქტიურებიდან მალევე საზოგადოებამ ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპის პირველი ფოტო იხილა. ეს სანუკვარი ფოტო მასალა აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა წარადგინა.

პრეზენტაციისას ითქვა, რომ ფოტოზე ვხედავთ გალაქტიკებს, რომელთა ხილვა აქამდე შეუძლებელი იყო. NASA-ს ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპის ეს პირველი სურათი იყო შორეული სამყაროს ყველაზე ღრმა და მკვეთრი ინფრაწითელი გამოსახულება, რაც კი აქამდე მიგვიღია. გალაქტიკათა გროვის SMACS 0723-ის ეს სურათი სავსეა დეტალებით. აქ არის ათასობით გალაქტიკა, მათ შორის ყველაზე მკრთალი ობიექტები, რომლებიც ოდესმე დაფიქსირებულა ინფრაწითელში. ეს ყველაფერი კი პირველად გამოჩნდა ვების ხედში.

მეტი ინფორმცაიისთვის: ის, რასაც 18 წელი ველოდით — ნახეთ, ჯეიმს ვების ტელესკოპის პირველი ფოტო

ჯეიმს ვების ტელესკოპმა დედამიწის მსგავსი ეგზოპლანეტის არსებობა დაადასტურა

ფოტო: NAS

2023 წლის 11 იანვარს ასტრონომებმა ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპის გამოყენებით ეგზოპლანეტის არსებობა დაადასტურეს. საუბარია ციურ სხეულზე, რომლის დიამეტრიც დედამიწისას მხოლოდ 1 პროცენტით ჩამოუვარდება.

დადგინდა, რომ LHS 475 b დედამიწის მაგვარი კლდოვანი, ანუ მყარი ციური სხეულია და არა აირისგან შედგენილი.

დღეს ჩვენს ხელთ არსებულ ტელესკოპებს შორის, მხოლოდ ვებს შეუძლია, რომ ამ ზომის ეგზოპლანეტების ატმოსფეროს მახასიათებლები გამოავლინოს. ამასთან, პლანეტის ატმოსფეროში მოლეკულების დაფიქსირებაც მოხდა, რაც მნიშვნელოვანია.

მეტი ინფორმცაიისთვის: ჯეიმს ვების ტელესკოპმა დედამიწის მსგავსი ეგზოპლანეტის არსებობა დაადასტურა

უძველესი ორგანული მოლეკულები

ფოტო: NASA, ESA, CSA

ივნისში შევიტყვეთ, რომ ჯეიმს ვების ტელესკოპმა კოსმოსში უძველესი რთული ორგანული მოლეკულები დააფიქსირა.

საუბარია 12 მილიარდი სინათლის წლის მოშორებით მდებარე გალაქტიკა SPT0418-47-ში რთულ ორგანულ მოლეკულებზე. ეს ჩვენთვის ცნობილი უძველესი მსგავსი ნიმუშებია და იმ დროინდელია, როცა სამყარო ჯერ კიდევ ძალიან ახალგაზრდა იყო. კერძოდ, როცა სინათლე იქიდან ჩვენამდე წამოვიდა, დიდი აფეთქებიდან სულ რაღაც 1.5 მილიარდი წელი იყო გასული.

აქამდე მიიჩნეოდა, რომ ასეთი მატერია ვარსკვლავების წარმოქმნის პროცესთან იყო დაკავშირებული, მაგრამ ახალი დაკვირვებების თანახმად, ეს ამ მხრივ არააქტიურ რეგიონებშიც ხდება. ზოგ აქტიურ არეალში კი პირიქით, არ ხდება.

მსგავსი აღმოჩენა ჯეიმს ვების ტელესკოპის გარეშე შეუძლებელი იქნებოდა.

მეტი ინფორმცაიისთვის: ვების ტელესკოპმა კოსმოსში უძველესი რთული ორგანული მოლეკულები დააფიქსირა

უძელესი და უშორესი შავი ხვრელი

ფოტო: NASA

2023 წლის ივლისის დასაწყისში შევიტყვეთ, რომ ჯეიმს ვების ტელესკოპმა 13 მილიარდი წლის წინ არსებული შავი ხვრელი აღმოაჩინა.

შავი ხვრელი CEERS 1019-ის გალაქტიკის ცენტრშია. ის იმდენად შორს არის, რომ დიდი აფეთქებიდან 570 მილიონი წლის შემდეგ უკვე არსებობდა. ეს არის ყველაზე ადრეული და შედარებით ნაკლებად მასიური ზემასიური შავი ხვრელი, რომელიც ოდესმე დაუფიქსირებიათ.

ჯეიმს ვების ტელეკოპის გამოყენებით, მეცნიერებმა დაადგინეს, რამდენ გაზს შთანთქავს შავი ხვრელი და რა სიჩქარით ჩნდება გალაქტიკაში ახალი ვარსკვლავები. აღმოჩნდა, რომ გალაქტიკის ასაკის მიუხედავად, მას კვლავ თავისუფლად შეუძლია ახალი ვარსკვლავების წარმოება.

მეცნიერებმა აღნიშნეს, რომ აქამდე, ასეთი ადრეული სამყაროს დანახვა შეუძლებელი იყო.

მეტი ინფორმცაიისთვის: ჯეიმს ვების ტელესკოპმა 13 მილიარდი წლის წინ არსებული შავი ხვრელი აღმოაჩინა

ეგზოპლანეტების შიგნით

ფოტო: NAS

ტელესკოპის გააქტიურებიდან 2 თვეც არ იყო გასული, როდესაც ტელესკოპმა ისტორიაში პირველად, ეგზოპლანეტის ატმოსფეროში ნახშირორჟანგი დააფიქსირა. ეს ჩვენგან 700 სინათლის წლის მოშორებით მდებარე ვარსკვლავის გარშემო მოძრავი ეგზოპლანეტის ატმოსფეროს შესწავლისას მოხდა.

ეს ქალწულის თანავარსკვლავედში არსებული აირის გიგანტი WASP-39 b-ია, რომელსაც დაახლოებით სატურნის მსგავსი მასა აქვს და ზომით იუპიტერზე დიდია. ის აქამდე ჰაბლისა და სპიცერის კოსმოსური ტელესკოპების ობიექტივშიცაა მოხვედრილი, რის შედეგადაც მის ატმოსფეროში წყლის ორთქლი, ნატრიუმი და კალიუმია აღმოჩენილი. ჯეიმს ვებმა ამ ჩამონათვალს CO2-იც დაამატა.

ნახშირორჟანგის ასეთი ცალსახა კვალის დაფიქსირება ეგზოპლანეტების ატმოსფეროს მახასიათებლების შესწავლის პროცესში დიდი მიღწევაა. ეს ჟანგბადისა და ნახშირბადის სრული შემცველობის განსაზღვრაში გვეხმარება. სპეციალისტების თქმით, ვები შეძლებს, რომ ნახშირორჟანგი დედამიწის მსგავსი მყარი პლანეტების ატმოსფეროშიც გამოავლინოს, რაც არამიწიერი სიცოცხლის ძიების პროცესში უმნიშვნელოვანესი წინ გადადგმული ნაბიჯია.

მეტი ინფორმცაიისთვის: ისტორიაში პირველად, ჯეიმს ვების ტელესკოპმა ეგზოპლანეტის ატმოსფეროში ნახშირორჟანგი დააფიქსირა

არანაკლებ საინტერესო იყო მარტის აღმოჩენა, რა დროსაც ტელესკოპმა ეგზოპლანეტის ატმოსფეროში ღრუბლები დააფიქსირა.

ტელესკოპი გიგანტური ეგზოპლანეტის ატმოსფეროს დააკვირდა და იქ ტურბულენტური ღრუბლები დააფიქსირა, რომლებიც დედამიწაზე არსებული ქვიშის მსგავსი სილიკატებისგან შედგება.

ამ ობიექტის შესწავლა მსოფლიოში უმძლავრესმა ობსერვატორიამ დეტალური სპექტრული მონაცემების მოპოვების გზით შეძლო, რაც მას აქამდეც გაუკეთებია, თუმცა თავად პლანეტის სინათლეს პირველად დაეყრდნო.

ეგზოპლანეტა ჩვენგან დაახლოებით 40 სინათლის წლის მოშორებით მდებარეობს და დედამიწისგან ძალიან განსხვავდება. ის იუპიტერზე 19-ჯერ მასიურია და მნათობების გარშემო მოძრაობას თითქმის 10 000 წელს ანდომებს.

სპეციალისტებმა იქ წყალი, მეთანი, ნახშირბადის მონოქსიდი და ნახშირორჟანგიც დააფიქსირეს. ეს მზის სისტემის გარეთ არსებულ პლანეტაზე ერთდროულად ამდენი მოლეკულის იდენტიფიცირების პირველი შემთხვევა იყო.

მეტი ინფორმაციისთვის: ვების ტელესკოპმა ეგზოპლანეტის ატმოსფეროში ღრუბლები დააფიქსირა

ყველაზე მკრთალი გალაქტიკა

ფოტო: Swinburne University of Technology, University of Pittsburgh

ვების ტელესკოპის წყალობით JD1 გალაქტიკას ვხედავთ ისეთს, როგორიც ის 13,3 მილიარდი წლის წინ იყო. ეს ის დროა, როდესაც სამყაროს ამჟამინდელი ასაკის მხოლოდ ოთხი პროცენტისთვის ჰქონდა მიღწეული. ამრიგად, მისი იდენტიფიცირება მნიშვნელოვანია სამყაროს ევოლუციის გასაგებად.

ასტრონომებმა აღნიშნეს, რომ ვების კოსმოსური ტელესკოპის ჩართვამდე, მსგავსი მკრთალი გალაქტიკის დაფიქსირებზე ვერც კი ვიოცნებებდით.

ვების ტელესკოპმა გალაქტიკის დანახვა გრავიტაციული ლინზირებით შეძლო. სწორედ ამან განაპირობა JD1-ის 13-ჯერ უფრო კაშკაშად აღქმა.

მეტი ინფორმაციისთვის: ჯეიმს ვების ტელესკოპმა ადრეული სამყაროს ყველაზე მკრთალი გალაქტიკა აღმოაჩინა

გალაქტიკები, რომლებიც, წესით, არ უნდა არსებობდეს

ფოტო: NASA, ESA, CSA, I. LABBE

ამ წლის თებერვალში ვების ტელესკოპმა აღმოაჩინა უზარმაზარი შორეული გალაქტიკები, რომლებიც, წესით, არ უნდა არსებობდეს. ესაა ჩვენი მშობლიური ირმის ნახტომის მსგავსი უზარმაზარი გალაქტიკები, რომლებშიც ზრდადასრულებული წითელი ვარსკვლავებია განლაგებული.

თითოეული მათგანი დიდი აფეთქებიდან 500 000-700 000 წლის შემდეგ უნდა გაჩენილიყო. სამყაროს განვითარების აღნიშნულ ეტაპზე გალაქტიკების არსებობაში გასაკვირი არაფერია, თუმცა, ვების მიერ გადაღებული გალაქტიკები გასაოცრად დიდია, ხოლო მათში მოქცეული ვარსკვლავები ზედმეტად ხნიერი.

ამან შესაძლოა, ჩვენი წარმოდგენა შეცვალოს იმაზე, თუ როგორ განიცადა ევოლუცია კოსმოსმა ადრეულ პერიოდში და რა სახე ჰქონდა მას მაშინ. ამასთან, ვების მონაცემები ჰაბლისას სულაც არ ემთხვევა, რადგან ის ყოველთვის უფრო პატარა, ახალგაზრდა გალაქტიკებს აფიქსირებდა.

მეტი ინფორმაციისთვის: ვების ტელესკოპმა აღმოაჩინა უზარმაზარი შორეული გალაქტიკები, რომლებიც, წესით, არ უნდა არსებობდეს

ჯეიმს ვების ტელესკოპი უცნაური გალაქტიკების აღმოჩენას განაგრძობს — ეს ჩვენს ცოდნას ეწინააღმდეგება

მზის სისტემა

ფოტო: NASA

ვების ტელესკოპმა შორეული სამყაროს გარდა ჩვენი სამეზობლო, მზის სისტემაც შეისწავლა. ტელესკოპმა მზის სისტემის პლანეტები ისე დაგვანახა, როგორც აქამდე არასდროს.

დავიწყოთ ყველაზე დიდით — იუპიტერით:

2023 წლის აგვისტოს ვების მიერ გადაღებული იუპიტერის ფოტოები ვიხილეთ. ფოტოზე მძლავრ შტორმებს, პოლარულ ციალებს, პლანეტის მკრთალ რგოლებს, მის თანამგზავრებს, ფონურ გალაქტიკებსა და კიდევ ბევრ საინტერესო დეტალს ვხედავთ.

ფოტო: NAS

სურათზე, რომელიც რამდენიმე კადრს აერთიანებს, იუპიტერის ჩრდილოეთ და სამხრეთ პოლუსებზე გადაჭიმული ციალები წითელი ფილტრითაა აღბეჭდილი. ის ღრუბლების დაბალი ფენებიდან და ნისლის ზედა სარტყლებიდან არეკლილ სინათლეს გამოკვეთს. ნისლია ნაჩვენები მოყვითალო და მომწვანო ფერშიც, რომელიც სხვა ფილტრმა გამოავლინა. ლურჯი ფილტრის წყალობით კი ღრმად განლაგებული ღრუბლის მიერ არეკლილი სხივებია გამოვლენილი.

მეტი ინფორმაციისთვის: ჯეიმს ვების კოსმოსურმა ტელესკოპმა იუპიტერის გასაოცარი ფოტოები გადაიღო

სატურნი:

ფოტო: NASA

ეს უზარმაზარი ციური სხეული თავისი გიგანტური რგოლებით ნამდვილად თვალწარმტაცია. სურათზე სატურნი მთელი თავისი დიდებულებითაა წარმოდგენილი.

გამოსახულებაზე აირის გიგანტი პლანეტა თითქმის შავია, მისი რგოლები კი თეთრად ელვარებს. მათი სინათლის ტალღური სიგრძეები განსხვავებულია, ამიტომ კონკრეტული ფილტრების გამოყენებისას რგოლები უფრო კაშკაშაა.

მეცნიერებს იმედი აქვთ, რომ ვების დახმარებით სატურნის რგოლებსა და მთვარეებზე მეტს გაიგებენ. ამ ხელსაწყოს პლანეტის გარშემო მოძრავი მეტი ბუნებრივი თანამგზავრის გამოვლენაც შეუძლია.

მეტი ინფორმაციისთვის: ვების ტელესკოპმა სატურნი გადაიღო

ნეპტუნი:

ფოტო: NAS

ჯეიმს ვების კოსმოსურმა ტელესკოპმა იუპიტერის შემდეგ, მზის სისტემის კიდევ ერთი პლანეტის, ნეპტუნის გამოსახულება მოიპოვა. სურათზე ციური სხეულის რგოლები და ბუნებრივი თანამგზავრებიცაა აღბეჭდილი.

ვები ინფრაწითელ სპექტრში "ხედავს", ამიტომ სურათზე ნეპტუნი ლურჯად არ ელვარებს. პირიქით, მასში არსებული მეთანი წითელ და ინფრაწითელ სინათლეს იმდენად შთანთქავს, რომ ციური სხეული აქ ბნელი დისკოს სახითაა წარმოდგენილი, რომლის ფონზეც მისი ატმოსფეროს ზედა ფენებში მოძრავი ღრუბლები კაშკაშებს.

მეტი ინფორმაციისთვის: ჯეიმს ვების ტელესკოპმა ნეპტუნი, მისი რგოლები და თანამგზავრები გადაიღო

ურანი:

ფოტო: NASA

ნეპტუნის შემდეგ ურანის ჯერიც მოვიდა. აქამდე ურანის რგოლების გამოსახულება მხოლოდ ორჯერ იყო მოპოვებული.

ფოტოს მარჯვენა მხარეს ვხედავთ პლანეტის განათებულ პოლუსს, რომელიც მზისკენაა მიმართული. ამ ადგილს პოლარულ ქუდს უწოდებენ და ის უნიკალურია ურანისთვის, რადგან ის მზის სისტემის ერთადერთი პლანეტაა, რომლის ღერძიც 97,77°-ით არის დახრილი, ამის გამო ურანზე ისეთი სეზონური ცვლილებებია, როგორიც არც ერთ სხვა გიგანტ პლანეტებზე არ გვხვდება. ვების ტელესკოპმა აღნიშნული ფოტოს წყალობით მისი პოლარული ქუდის ახალი ასპექტი გამოავლინა.

მეტი ინფორმაციისთვის: ჯეიმს ვების ტელესკოპმა მზის სისტემის ყინულის გიგანტი — ურანი გადაიღო

ფოტო კოსმოსის კვლევის 1 წლის იუბილეს აღსანიშნად

ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპის ფუნქციონირების ერთი წლის იუბილეს აღსანიშნად NASA-მ ამაღელვებელი სურათი გამოაქვეყნა.

კადრზე ვარსკვლავის დაბადებაა აღბეჭდილი. დიახ, ვარსკვლავებიც იბადებიან და ეს ფაზა ჩვენმა ვარსკვლავმაც გაიარა. ეს 4,6 მილიარდი წლის წინ, ახლა კი ამ პროცესში სხვა "ახალშობილი" ვარსკვლავები არიან.

ფოტოზე გამოსახულია ჩვენგან 390 წლის სინათლის მოშორებით მდებარე რეგიონი, რომელიც გველისმჭერის ვარსკვლავთწარმომქმნელ ღრუბელშია განლაგებული. ეს ჩვენთან ყველაზე ახლომდებარე ასეთი არეალია და მნათობების ფორმირების პროცესზე დეტალურად დაკვირვების საშუალებას გვაძლევს. სურათზე ნაჩვენები რეგიონი 50-მდე ახალგაზრდა ვარსკვლავს მოიცავს, რომელთა მასაც მზის მსგავსია ან უფრო ნაკლები. მუქი ადგილები ყველაზე მკვრივია, სადაც სქელ ღრუბელში გახვეული პროტოვარსკვლავებია.

მეტი ინფორმაციისთვის: ვების ტელესკოპმა ვარსკვლავის დაბადება გადაიღო — ფოტო კოსმოსის კვლევის 1 წლის იუბილეს აღსანიშნად

უბრალოდ ფოტოები

მაშ ასე, კიდევ ერთხელ გილოცავთ ჯეიმს ვების ტელესკოპის დაბადების დღეს — აქ სიტყვები უკვე ზედმეტია:

აფეთქების პირას მყოფი ვარსკვლავი

აფეთქების პირას მყოფი ვარსკვლავი

ფოტო: NASA

შემოქმედების სვეტები

შემოქმედების სვეტები

ტარანტულას ნისლეული

ტარანტულას ნისლეული

ფოტო: NASA

გემის ხერხემლის ნისლეული

გემის ხერხემლის ნისლეული

სტეფანის კვინტეტი

სტეფანის კვინტეტი

ფოტო: NASA