ხვალ დედამიწა მზისგან უშორეს წერტილს მიაღწევს — რა უნდა ვიცოდეთ
დედამიწის ჩრდილოეთ ნახევარსფეროში ზაფხულის ტემპერატურა ჩვეულად მაღალია, თუმცა ჩვენი პლანეტა ხვალ, 6 ივლისს, წლის განმავლობაში მზეს ყველაზე მეტად დაშორდება. ის საკუთარ ორბიტაზე მოძრაობისას იმ წერტილამდე მიაღწევს, რომელიც ვარსკვლავისგან უდიდეს დისტანციაზეა, რასაც აფელიუმი ეწოდება.
დედამიწასა და მზეს შორის საშუალო მანძილი 150 მილიონი კილომეტრია, რასაც მეცნიერები ასტრონომიულ ერთეულს უწოდებენ. ამის მიუხედავად, მნათობის გარშემო ჩვენი მშობლიური ციური სხეულის ტრაექტორია ოდნავ ელიფსურია, რაც ნიშნავს, რომ ყოველი წლის კონკრეტულ დღეებში ეს მანძილი მცირდება და იზრდება.
კერძოდ, 4 იანვარს ჩვენი პლანეტა მზესთან უახლოეს წერტილამდე მივიდა, რაც პერიჰელიუმი სახელითაა ცნობილი. ამ დროს დისტანცია 0.98 ასტრონომიულ ერთეულამდე შემცირდა. 6 ივლისს კი, აფელიუმისას, ის 1.01 ასტრონომიულ ერთეულამდე გაიზრდება.
ეს პირველად ასტრონომმა იოჰანეს კეპლერმა შენიშნა, რომელმაც გამოითვალა, რომ მზის გარშემო პლანეტების ორბიტები ელიფსურია. ასევე ისიც, რომ პერიჰელიუმი თითოეული მათგანი ჩვეულებრივზე სწრაფად მოძრაობს, აფელიუმისას კი პირიქით — ნელა. ამის შედეგად, ჩრდილოეთ ნახევარსფეროში ზაფხული რამდენიმე დღით უფრო ხანგრძლივია, ვიდრე სამხრეთში.
დისტანციის ასეთ ცვლილებას დედამიწაზე არსებულ ტემპერატურაზე მნიშვნელოვანი გავლენა არ აქვს. რეალურად, სეზონების მონაცვლეობას ციური სხეულის ღერძის დახრილობა განაპირობებს, რის გამოც წლის განმავლობაში მზე სხვადასხვა განედებზე სხვადასხვა კუთხიდან ანათებს. მაგალითად, ივლისში ჩრდილოეთ ნახევარსფერო მზისკენაა გადახრილი და მის სრულ მცხუნვარებას იღებს, ხოლო სამხრეთში პირიქით ხდება.
კომენტარები