29 ივნისს სამყაროს შესახებ ორ მნიშვნელოვან აღმოჩენაზე გავიგებთ — რას უნდა ველოდოთ
29 ივნისი მეცნიერებისთვის გამორჩეული იქნება. ხვალ ფიზიკისა და კოსმოსის მხრივ ორი მნიშვნელოვანი პრესკონფერენციაა ჩანიშნული.
თარიღი ვიცით, მაგრამ ჯერ ვერ ვიტყვით, თუ რას შევიტყობთ ხვალ. წინასწარი ინფორმაციით, ეს იქნება ორი აღმოჩენა, რომელსაც მეცნიერები გაგვიზიარებენ.
აღმოჩენები მნიშვნელოვანია. შესაბამისად, მათ შეიძლება სამყაროზე ჩვენი წარმოდგენებიც კი შეცვალონ.
მაშ ასე, რას უნდა ველოდოთ:
აღმოჩენა გრავიტაციული ტალღების შესახებ
ჩრდილოეთ ამერიკის გრავიტაციული ტალღების ნანოჰერცის ობსერვატორია (NANOGrav) განცხადებას 29 ივნისს, თბილისის დროით 21:00 საათზე გააკეთებს.
პრესკონფერენციაზე უნდა წარადგინონ აღმოჩენა, რომელიც საერთაშორისო თანამშრომლობა Pulsar Timing Array-ის (IPTA) ეკუთვნის. ეს არის გაერთიანება, რომელშიც შედიან: ჩრდილოეთ ამერიკის NANOGrav, ევროპის Pulsar Timing Array, the Indian Pulsar Timing Array Project და ავსტრალიის Parkes Pulsar Timing Array.
ამ დროისთვის ზუსტად არ ვიცით თუ რაზე იქნება პრესკონფერენცია, თუმცა წარმომადგენლებიდან გამომდინარე შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ეს გრავიტაციული ტალღების ფონს (GWB) შეეხება.
ამ ფონის გამოვლენა დიდი მიღწევა იქნება და ის რევოლუციას მოახდენს. ეს უმნიშვნელოვანესია ადრეული სამყაროს ევოლუციის გასაგებად.
"საინტერესოა, რომ ელექტრომაგნიტური გამოსხივება სამყაროს უძველეს სურათს ვერ იძლევა. ასე სამყაროს პირველი 400 000 წლის დანახვა შეუძლებელია. თუმცა, გრავიტაციულ ტალღებს შეუძლია ინფორმაცია პირველად სამყაროზეც მოგვცეს. ეს გასაოცარი პერიოდია, დიდი აფეთქებიდან ∼10-32 წამი", — უთხრა ScienceAlert-ს თეორიულმა ფიზიკოსმა სიუზან სკოტმა.
სამყაროს სხვა "ხმებისგან" GWB-ის გარჩევა ძალიან რთულია. თუმცა, მეცნიერებს გამოსავალი აქაც აქვთ და ეს პულსარების კვლევაა — ამისთვისაა Pulsar timing array.
პულსარი ნეიტრონული ვარსკვლავის ტიპია, ერთგვარი ნარჩენი ერთ დროს მასიური ვარსკვლავისა, რომელიც ზეახალის აფეთქების შემდეგ მხოლოდ მკვრივი ბირთვის სახით შემორჩა.
ეს მბრუნავი ვარსკვლავები კოსმოსური შუქურებივითაა. მათი რადიოგამოსხივება კი დედამიწას ზუსტი ინტერვალით გადაუვლის ხოლმე. საინტერესო ის არის, რომ გრავიტაციულმა ტალღებმა ამ ზუსტ ინტერვალში გაკრვეული გადახრები უნდა წარმოქმნან.
ერთი პულსარი შესაბამის დიდ სიგნალს ვერ იძლევა, მაგრამ პულსარების დიდი რაოდენობა, რომელიც ყველა მსგავს შეუსაბამობას აჩვენებს, შეიძლება გრავიტაციულ ტალღებს წარმოადგენდეს.
სწორედ ამას ეძებდა IPTA ამდენი ხნის განმავლობაში და სავარაუდოდ, იპოვნა კიდევაც.
კონფერენციისთვის პირდაპირ ეთერში თვალის დევნება აქ შეგეძლებათ.
შემდეგი პოდკასტი: გრავიტაციული ტალღები — რისგან შედგება სივრცე-დრო
აღმოჩენა ნეიტრინოების შესახებ
მეორე აღმოჩენაზე განცხადებას ანტარქტიდის ყინულის სიღრმეში განთავსებული ნეიტრინოების ობსერვატორია გააკეთებს.
ნაწილაკების ეს დეტექტორი ნეიტრინოებს ეძებს. ნეიტრინო არის სუბატომიური ნაწილაკები, რომელთა აღმოჩენა წარმოუდგენლად რთულია. ამის მიზეზი კი მუხტის ნაკლებობასა და პრაქტიკულად არ არარსებულ მასაშია.
შესაბამისად, ნეიტრინოს აქვს უნარი შეუმჩნევლად გაიაროს ყოველგვარ მასაში. ამის გამო მას ზედმეტსახელად "მოჩვენება ნაწილაკებიც" კი უწოდეს. ისინი ფაქტიურად უცვლელი რჩება და შორეული კოსმოსური მოვლენების შესასწავლად იდეალურია.
ნეიტრინოები ბეტა დაშლის პროცესში გამოიყოფა, რაც მათ პროტონებად გარდაქმნის. შედეგად, ის ერთ-ერთი ყველაზე უხვი სუბატომური ნაწილაკია. ჩვენს ერთ ფრჩხილს წამში ათობით მილიარდი ნეიტრინო ეხება ისე, რომ ამას ვერც კი ვამჩნევთ.
ნეიტრინოები აქამდე შორეული კვაზარებიდან, ნაწილაკების კოლაიდერებიდან და ჩვენი მზისგანაც კი აღმოვაჩინეთ. ნეიტრინო ბნელი მატერიის სახელით ცნობილი იდუმალი მასალის კანდიდატიცაა.
ზუსტად ვერ ვიტყვით თუ რას გავიგებთ ხვალ, მაგრამ ეს დიდი ალბათობით ნეიტრინოებთან იქნება დაკავშირებული.
IceCube-ის ობსერვატორიის პრესკონფერენცია ხვალ, 29 ივნისს, ჩვენი დროით 22:00 საათზე დაიწყება და მისი პირდაპირ ეთერში ყურება აქ შეგიძლიათ.
კომენტარები