ნახეთ: დიდ ბრიტანეთში ცაზე ერთდროულად 3 სხვადასხვა ოპტიკური ფენომენი დააფიქსირეს
ბელფასტის ქვინსის უნივერსიტეტში მომუშავე ასტრონომმა, ალან ფიტსსიმონსმა, ქალაქ ბელფასტის ბოტანიკური ბაღიდან გასაოცარი კადრები დააფიქსირა, რომლებზეც ცაზე ერთდროულად რამდენიმე ოპტიკური ფენომენია აღბეჭდილი.
ასევე, იხილეთ: ნახეთ: ფინეთში მზის გარშემო ცისარტყელას მსგავსი რგოლები დააფიქსირეს — როგორ წარმოიქმნა
როგორც ის ამბობს, ეს შთამბეჭდავი სანახაობა დაახლოებით 30 წუთს გაგრძელდა. კერძოდ, საუბარია ცაზე მოელვარე მზის დისკოს მიმდებარედ არსებულ კაშკაშა ჰალოზე, ერთგვარ თაღსა და უჩვეულო სხივებზე, რომლებიც ჩრდილოეთ ირლანდიის სხვა არეალებიდან, ჩრდილოეთ ინგლისიდან და შოტლანდიიდანაც ჩანდა.
მსგავსი თაღები და ჰალოები ზედა ატმოსფეროში მოლივლივე მილიონობით პაწაწინა ყინულოვანი კრისტალის დამსახურებაა, რომელთაც ხშირად თან ახლავს ე.წ. ბუმბულისებრი ღრუბლებიც. ქარის გავლენით ეს ექვსკუთხა ნაწილაკები ერთნაირად ისე ლაგდება, რომ სხივები მათში ირეკლება და კონკრეტულ ფორმას იძენს.
მათ შორისაა 22-გრადუსიანი ჰალო, ანუ ნათელი რგოლი მზის გარშემო. ასევე, მის სხვადასხვა მხარეს გამოსახული "ცრუ მზეები", იგივე კაშკაშა წერტილები და პარჰელიუმის რგოლი — ხაზი, რომელიც ჰალოს შუაზე ყოფს. სურათებზე შესაძლოა წარმოდგენილი იყოს სუპრალატერალური თაღიც, რომელიც ჰალოს მაღლა და დაბლა ქუთუთოების მსგავსადაა განლაგებული.
სპეციალისტები ამბობენ, რომ აქედან ყველაზე იშვიათი პერიჰელიუმის რგოლია, რადგან მხოლოდ რამდენჯერმეა დაფიქსირებული, სხვები კი შედარებით გავრცელებულია. ამ დროს, წესით, მზე ძალიან ანათებს, რის გამოც ჩამოთვლილი ფენომენების დასანახად მისი დაჩრდილვაა საჭირო.
კომენტარები