ნახეთ: ფინეთში მზის გარშემო ცისარტყელას მსგავსი რგოლები დააფიქსირეს — როგორ წარმოიქმნა
ფინეთში მცხოვრებმა ფოტოგრაფმა, მიკო პეუსამ, გასაოცარი კადრები გადაიღო, რომლებზეც მზის გარშემო ცისარტყელას მსგავსი რგოლები მოჩანს. ცაზე მოკაშკაშე ჩვენი ვარსკვლავის ეს გასაოცარი სურათები მან ქალაქ ტურკუდან 30 მაისს აღბეჭდა.
ამ ფენომენს მტვრის გვირგვინი ეწოდება და მაშინ ჩნდება, როცა მზის სხივები ჰაერში არსებულ მცენარის მტვერთან ურთიერთქმედებს. ფოტოებზე მკაფიოდაა გამოსახული მბრწყინავი ნაწილაკები, რომელთა ზომაც ერთმანეთისგან განსხვავებულია. ცისარტყელასებრი რგოლები სწორედ სხივების სხვადასხვა სიგრძის ტალღებად დაყოფისას წარმოიქმნება, როცა ისინი მტვრის ზედაპირზე ხვდება.
ამ შემთხვევაში, მტვერი ფიჭვებს ეკუთვნის. მათ მიერ გამოყოფილი ეს ნაწილაკები, პაწაწინა საჰაერო ღრუების მეშვეობით, ქართან ერთად გადაადგილდება, რის გამოც ფერად რგოლებს ოდნავ ელიფსური ფორმა აქვს. აღსანიშნავია, რომ მსგავსი ფენომენი მხოლოდ მაშინ იჩენს თავს, როცა მტვრის კონცენტრაცია ძალიან მაღალია, მაგრამ მის დასანახად მზე ან სავსე მთვარე მცირედით უნდა იჩრდილებოდეს.
ზოგჯერ ამგვარ რგოლებზე ერთგვარი შვერილები ფორმირდება, რომლებიც მზის დისკოსგან მოშორებითაა გადაჭიმული. სპეციალისტებისთვის ჯერჯერობით უცნობია, რა არის ამის მიზეზი.
ერთ-ერთი კვლევის თანახმად, მცენარეების მტვრის კონცენტრაციის ზრდასა და დამტვერვის სეზონის გახანგრძლივებას ატმოსფეროში ნახშირორჟანგის მომატებული დონე იწვევს, რაც ადამიანთა სამრეწველო საქმიანობის შედეგია. შესაბამისად, მტვრის გვირგვინები შესაძლოა, მომავალში უფრო ხშირად ვიხილოთ.
კომენტარები