ხელოვნური ინტელექტი თანამედროვე მსოფლიოში ნელ-ნელა ყველა სფეროს იპყრობს, მათ შორის სოციალურ მედიას. შესაძლოა, ის მალე Instagram-ზეც ვიხილოთ, რაც კომპანიის მიერ წინ გადადგმული დიდი ნაბიჯი იქნება. ამის შესახებ ინფორმაციას უკუ ინჟინერიის სპეციალისტი, ალესანდრო პალუცი, Twitter-ზე ავრცელებს.

როგორც პალუცის მიერ გამოქვეყნებული პოსტებიდან ვიგებთ, Instagram-ზე შესაძლოა, მალე AI ჩატბოტი ვიხილოთ, რომელიც ჩვენს კითხვებს პასუხებს გასცემს და რჩევებსაც მოგვცემს. ასევე, მომხმარებელს საშუალება ექნება, ხელოვნური ინტელექტის 30 ხელმისაწვდომი სახასიათო ვერსიიდან ერთ-ერთი აირჩიოს და ის გამოიყენოს.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ჩატბოტი შეტყობინებების დაწერაში დაეხმარება მათ, ვისაც ეს უჭირს. საინტერესოა ისიც, რომ, პალუცის თქმით, ხელოვნური ინტელექტის ჩართვა თავად მიმოწერაშიც იქნება შესაძლებელი, რისთვისაც ის @-სიმბოლოთი უნდა მოვნიშნოთ.

ჯერ ადრეა იმაზე საუბარი, მართლა ვიხილავთ თუ არა ამ სიახლეს აპლიკაციაში ან როდის მოხდება ეს, თუმცა, როგორც წესი, ტექნოლოგიის სფეროში მსგავსი "ჭორები" უსაფუძვლოდ არ ჩნდება ხოლმე, ალესანდრო პალუცის ცნობები კი ხშირად მართლდება. ამას ემატება ისიც, რომ წლის დასაწყისში ცუკერბერგმა Instagram-ისთვის, Messenger-ისთვისა დაWhatsApp-ისთვის "AI პერსონებზე" მუშაობა დააანონსა.

თუ სტატიაში განხილული თემა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში, სადაც ვლაპარაკობთ ტექნოლოგიებზე.