რამდენი ბაიტია ადამიანის ტვინი? — კვლევები ჩვენს "ოპერატიულ მეხსიერებაზე"
რა მოცულობის ინფორმაციას იტევს ადამიანის ტვინი და არის თუ არა შანსი, რომ ოდესმე მეხსიერება შეგვევსოს?
მას შემდეგ, რაც ტექნოლოგიების გავლით, ჩვენს ყოველდღიურობაში შემოვიდა და დამკვიდრდა ისეთი ცნებები, როგორიცაა: მეხსიერების ბარათი, ოპერატიული მეხსიერება, შიდა მეხსიერება, კილობაიტი, მეგაბაიტი, გიგაბაიტი და უკვე, ტერაბაიტიც, შეიძლება ბევრს გაგჩენიათ კითხვა, თუ რამდენი ბაიტია ადამიანის ტვინი...
ამ კითხვაზე ბოლო ათწლეულში ჩატარებული რამდენიმე კვლევა გვცემს პასუხს. თუმცა მანამდე, უნდა გავერკვეთ კომპიუტერულ მეხსიერებასთან დაკავშირებული ტერმინების ურთიერთმიმართებაში, რადგან, როგორც ჩანს, ადამიანის ტვინი არათუ გიგაბაიტებში, არამედ პეტაბაიტებში იზომება.
- ბიტი (B) — ინფორმაციის საზომი მინიმალური ერთული = ერთ ბინარულ ციფრს (0 ან 1);
- ნიბლი = 4 ბიტს;
- ბაიტი (B) = 8 ბიტს;
- კილობაიტი (KB) = 1024 ბაიტს;
- მეგაბაიტი (MB) = 1024 კილობაიტს (1,048,576 ბაიტი);
- გიგაბაიტი (GB) = 1024 მეგაბაიტს (1,073,741,824 ბაიტი);
- ტერაბაიტი (TB) = 1024 გიგაბაიტს (1,099,511,627,776 ბაიტი);
- პეტაბაიტი (PB) = 1024 ტერაბაიტს (1,125,899,906,842,624 ბაიტი);
- ექსაბაიტი (EB) = 1024 პეტაბაიტს (1,152,921,504,606,846,976 ბაიტი);
- ზეტაბაიტი (ZB) = 1024 ექსაბაიტს (1,180,591,620,717,411,303,424 ბაიტი);
- იოტაბაიტი (YB) = 1024 ზეტაბაიტს (1,208,925,819,614,629,174,706,176 ბაიტი).
ახლა კი გადავიდეთ იმაზე, თუ რას გვეუბნება კვლევები. რა მოცულობის ინფორმაციას იტევს ადამიანის ტვინი?
საშუალოდ, მოზრდილი ადამიანის ტვინს ტრილიონობით ბაიტი ინფორმაციის დატევა შეუძლია. სტენფორდის უნივერსიტეტის კვლევაში აღნიშნულია, რომ ადამიანის ტვინის მხოლოდ ერთ ნაწილში — ქერქში 125 ტრილიონი სინაფსია. ეს ნაწილი ტვინის სრული ნეირონების მხოლოდ 19%-ს იტევს. სხვა კვლევა კი მიუთითებს, რომ 1 სინაფსს 4.7 ბიტის შენახვა შეუძლია.
ნეირონები უჯრედებია, რომლებიც ამუშავებს და გადასცემს ინფორმაციას ტვინის მასშტაბით, ხოლო სინაფსები ერთგვარი ხიდებია ნეირონებს შორის, რომლებიც ინახავს ამ გადაცემულ ინფორმაციას. რიცხვებს რომ დავუბრუნდეთ, ტვინის ქერქის 125 ტრილიონი სინაფსისგან თითოეული თუ 4.7 ბიტ ინფორმაციას იტევს და ასევე, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ 1 ტერაბაიტი, დაახლოებით, 1 ტრილიონზე მეტ ბაიტს იტევს, მხოლოდ ქერქის მეხსიერების მოცულობა 74 ტერაბაიტი გამოდის.
ასევე იხილეთ: ტვინის რამდენ პროცენტს ვიყენებთ ადამიანები?
2010 წელს, Scientific American-ზე გამოქვეყნებული სტატიის მიხედვით, არა მხოლოდ ტვინის ქერქის (რომელზეც ზემოთ ვისაუბრეთ), არამედ ადამიანის მთლიანი ტვინის მეხსირების მოცულობა 2.5 პეტაბაიტის ექვივალენტია. შეგახსენებთ, რომ 1 პეტაბაიტი (PB) = 1024 ტერაბაიტს (250 ანუ 1,125,899,906,842,624 ბაიტს). სხვაგვარად რომ ვთქვათ, ამ სტატიის მიხედვით, რომელშიც Northwestern University-ის ფსიქოლოგიის პროფესორი, პაულ რებერი პასუხობს კითხვებს, საშუალოდ, მოზრდილი ადამიანის ტვინი 2.5 პეტაბაიტის, ანუ 2.5 მილიონი გიგაბაიტის მოცულობის ინფორმაციას იტევს.
"ბატონო ოსბორნ, შეიძლება გავიდე? ჩემი ტვინი სავსეა", — განსაკუთრებით პაწაწინა თავის მქონე მოსწავლე ეკითხება მასწავლებელს, გარი ლარსონის კლასიკურ კომიქსში. ამ კითხვაზე პასუხი იქნებოდა: "არა, თქვენი ტვინი არ არის სავსე". უნდა არსებობდეს ფიზიკური ლიმიტი, თუ რამდენი მოგონების შენახვა შეგვიძლია, მაგრამ მასთან ახლოს არასდროს მივსულვართ. ადამიანებს არ გვმართებს იმაზე დარდი, რომ ჩვენს სიცოცხლეში ეს ლიმიტი ამოიწურება.
ადამიანის ტვინი მილიარდობით ნეირონს მოიცავს, თითოეული ნეირონის გარშემო კი დაახლოებით 1000 ხიდია სხვა ნეირონებთან დასაკავშირებლად. ეს ტრილიონობით კავშირზე მეტია. თუ თითო ნეირონს მხოლოდ ერთი მოგონების შენახვა შეეძლებოდა, ადამიანის მეხსიერების მოცულობა ნამდვილად პრობლემას შექმნიდა. თქვენ მხოლოდ რამდენიმე გიგაბაიტის სამყოფი მეხსიერება გექნებოდათ, ისევე როგორც iPod-ებსა თუ USB ფლეშ მეხსიერების ბარათებს. ამის საპირისპიროდ, თითოეულ ნეირონს შეუძლია ერთდროულად რამდენიმე მოგონება დაამუშაოს, რაც ექსპონენციალურად ზრდის ტვინის მეხსიერების მოცულობას და ის დაახლოებით 2.5 პეტაბაიტია. შედარებისთვის, თქვენი ტვინი ვიდეოს ჩამწერივით რომ მუშაობდეს ტელევიზიაში, 2.5 პეტაბაიტი საკმარისი იქნებოდა იმისათვის, რომ ტელეგადაცემები სამი მილიონი საათის განმავლობაში უწყვეტად გაგეშვათ. ეს იგივეა ტელევიზორი განუწყვეტლივ, 300 წლის განმავლობაში მოგემარაგებინათ სატელევიზიო შოუებით, იმისათვის, რომ ამ მოცულობის მეხსიერების ამოწურვა შეგძლებოდათ", — აღნიშნავდა პროფესორი პაულ რებერი 2010 წელს.
პროფესორი სტატიაში ასევე ხაზს უსვამდა ტვინის კიდევ ერთ მახასიათებელს — მოგონებათა ნაწილი, განსაკუთრებით უმნიშვნელო დეტალები, მეხსირებას მალევე ტოვებს. შესაბამისად, ტვინს აქვს მექანიზმი საჭირო და არასაჭირო ინფორმაციის "დასახარისხებლად" და წასაშლელად. რაც მეხსიერების ბოლომდე დატვირთვის პრევენციის გზადაც შეგვიძლია მივიჩნიოთ. ეს ადამიანის ტვინის მეხსიერების ლიმიტთან მიახლოებას კიდევ უფრო შეუძლებელს ხდის. თუმცა, რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუკი სიცოცხლის ხანგრძლივობა მნიშვნელოვნად გაიზრდება? შევძლებთ თუ არა ჩვენი ტვინების "ბოლომდე გავსებას?" ამ კითხვაზე პასუხი ჯერჯერობით, არ გვაქვს.
მიუხედავად იმისა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით, ინტერნეტში არსებული წყაროების დიდი ნაწილი Scientific American-ის ამ კონკრეტულ სტატიას ეყრდნობა და მეცნიერთა დიდი ნაწილიც ამ აზრზეა, არსებობს ალტერნატიული მოსაზრებებიც. ეს იმის გამოა, რომ ჯერჯერობით, ადამიანის ტვინის მოცულობა ზედმიწევნით ზუსტად არავის გაუზომია. ეს შეუსრულებელ მისიადაც შეგვიძლია ჩავთვალოთ, რადგან ადამიანის ტვინი ამ ტვინის დახმარებით შექმნილი მოწყობილობებისგან განსხვავებულად მუშაობს. ჩვენ არ ვიცით, როგორ შეიძლება გავზომოთ სხვადასხვა მოგონების მოცულობა და ზოგადად, ადამიანის მეხსირების მოცულობა. მით უფრო მაშინ, როცა მოგონებების გარკვეული ნაწილი ცხადია და ბევრ დეტალს შეიცავს, ხოლო მათი უმეტესობა დროთა განმავლობაში მიძინებულია და მეხსიერებიდან "გვიორთქლდება".
რაღაც პერიოდი, სპეციალისტთა ნაწილი ტვინის მეხსიერების მოცულობას 10-დან 100 ტერაბაიტამდე ვარაუდობდა. ეს ვარაუდი ეყრდნობა შემდეგ გამოთვლას — ტვინში დაახლოებით 100 მილიარდი ნეირონია, თითოეულ ნეირონს დაახლოებით 1000 სინაფსი უკავშირდება. ინფორმაცია უმეტესად სინაფსებში ინახება. 100 მილიარდი ნეირონის 1000 სინაფსზე გამრავლებით მიღებულ 100 ტრილიონს მეცნიერთა ეს ნაწილი 100 ტერაბაიტად თარგმნიდა. ეს მსჯელობა ეფუძნებოდა დაშვებას, რომ 1 სინაფსი 1 ბაიტ ინფორმაციას იტევს. თუმცა, ეს მანამდე იყო, სანამ ერთ-ერთი კვლევის თანახმად დადგინდებოდა, რომ 1 სინაფსს 4.7 ბიტი ინფორმაციის შენახვა შეუძლია. ამ კვლევის ერთ-ერთი მთავარი ავტორი, ტერი სეინოვსკი 2016 წელს, ნაშრომზე დაყრდნობით ამბობდა, რომ მისმა კვლევამ აქამდე არსებული წარმოდგენები შეცვალა და აჩვენა, რომ ტვინის მეხსიერება სულ მცირე 1 პეტაბაიტი მაინც უნდა იყოს.
"ჩვენი ახალი გაზომვები, რომელიც ტვინის მეხსიერების შესაძლებლობებს უკავშირდება, ზრდის აქამდე არსებულ კონსერვატიულ შეფასებებს, მინიმუმ 10-ჯერ მაინც, პეტაბაიტამდე. რაც იგივე მოცულობის ინფორმაციაა, რაც, ამ ეტაპზე, მსოფლიო ინტერნეტშია (World Wide Web) მოქცეული", — ამბობდა ნეირომეცნიერი ტერი სეინოვსკი 2016 წელს.
ჯერჯერობით, რთულია იმის დაზუსტებით თქმა, თუ რომელი კვლევა ან მსჯელობა ასახავს რეალობას ზედმიწევნით. თუმცა, როგორც ჩანს, ადამიანის მეხსიერება არათუ ტერაბაიტებში, არამედ პეტაბაიტებში უნდა გავზომოთ. ჯერ არ ვიცით რომელია უფრო ზუსტი პასუხი — 1 პეტაბაიტი თუ 2.5 პეტაბაიტი. თუმცა, დაზუსტებით შეიძლება ითქვას, რომ თანამედროვე ადამიანი, რომლის სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობაც ამჟამად 70-დან 75 წლამდეა, მეხსიერების ლიმიტთან ახლოს არასდროს მისულა. ხოლო ტვინის მუშაობის მექანიზმებს თუ გავითვალისწინებთ, შესაძლოა ამ ლიმიტთან მიახლოება, სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობის ასწლეულებით გაზრდის პირობებშიც, არ გვეწეროს.
კომენტარები