10 ყველაზე უცნაური რამ, რაც ადამიანებს კოსმოსში გაგვიგზავნია
მას შემდეგ, რაც ადამიანმა კოსმოსის ათვისება დაიწყო, დედამიწის გარეთ სულ უფრო მეტი მოწყობილობა თუ უბრალო ნივთი იყრის თავს. დროთა განმავლობაში კოსმოსის დაბინძურებაც შევძელით და სპეციალისტები ახლა ძველი თანამგზავრებისა თუ სხვა ტიპის მოწყობილობების ნარჩენების მართვის გზებზე მუშაობენ.
კოსმოსური ნაგვის უმეტესობის ლოგიკის ფარგლებში წარმოდგენა ყველას შეგვიძლია — ეს შეიძლება იყოს ძველი ხომალდების ნაწილები და ნამსხვრევები, ასტრონავტთა კოსტიუმების დეტალები, მწყობრიდან გამოსული და უკვე უფუნქციო თანამგზავრები და ა.შ. თუმცა ის, რასაც ამ სტატიაში წაიკითხავთ ბევრისთვის მოულოდნელი შეიძლება იყოს. მაშ ასე, წარმოგიდგენთ 10 ყველაზე უცნაურ რამეს, რაც კი კაცობრიობას კოსმოსში გაუგზავნია.
1. გორილას კოსტიუმი
2016 წელს, პენსიაზე გასულმა ასტრონავტმა და ამჟამინდელმა ამერიკელმა სენატორმა, მარკ კელიმ თავის იდენტურ ტყუპს — სკოტს საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე გორილას კოსტიუმი გაუგზავნა. როგორც გავრცელებული, ვირუსული ვიდეოდან ვხედავთ, ISS-ის ბორტზე მყოფმა სკოტ კელიმ კოსტიუმის მორგება გადაწყვიტა და ბრიტანელი ასტრონავტის — ტიმ პიკის შეშინება შეძლო. მოგვიანებით ტიმმა აღიარა, რომ სინამდვილეში ხუმრობაში ისიც მონაწილეობდა და ISS-ზე "გორილას" ნახვა მოულოდნელობა არ ყოფილა. ბუნებრივია, ISS არც ისე დიდი სივრცეა იმისათვის, რომ თანამგზავრისგან გორილას კოსტიუმისხელა საიდუმლოს მალავდე.
2. ტარდიგრადები ანუ წყლის დათვები
კოსმოსში ადამიანის გასვლის ისტორია ათწლეულებს ითვლის, თუმცა ვიცით, რომ ჩვენზე ადრე კოსმოსში არაერთი ცხოველი გავუშვით. მათ შორის ძაღლები, მაიმუნები, მღრღნელები. ადამიანების დახმარებით, კოსმოსში ნამყოფია ისეთი სახეობები, როგორიცაა კატები, ბაყაყები, ბუზები, კუები, თევზები, მედუზა და ა.შ. მაგრამ ყველაზე უცნაური მოგზაურობა მაინც ტარდიგრადებს ჰქონდათ.
ტარდიგრადებს წყლის დათვებსაც ვეძახით. ეს სახეობა ცნობილია ექსტრემალურ პირობებში გადარჩენის უნარით. ევროპის კოსმოსური სააგენტოს ცნობით, 2007 წელს ისინი ასევე გახდნენ პირველი ცოცხალი არსებები, რომლებიც გადარჩნენ კოსმოსში პირდაპირი ზემოქმედებისას. ეს მაშინ მოხდა, როცა ისინი რუსული Foton-M3 კოსმოსური ხომალდის გარედან იყვნენ მიკრული 12 დღის განმავლობაში, მაშინ როცა ის დედამიწის გარშემო მოძრაობდა.
მოგვიანებით, 2008 წელს ჟურნალ Current Biology-ში გამოქვეყნებულმა ნაშრომმა აჩვენა, რომ ამ პროცესში ტარდიგრადების 68%-მა მოახერხა გადარჩენა. მიუხედავას უკიდურესი სიცივის, დეჰიდრატაციისა და კოსმოსური რადიაციის აქტიური ზემოქმედებისა. ეს ყველაფერი კი სამომავლოდ დაგვეხმარება, რომ ამ მიკროსკოპული არსებისგან კოსმოსში გადარჩენის გზები ვისწავლოთ.
3. ამელია ეარჰარტის საათი
ამელია ეარჰარტი იყო წარმატებული ავიატორი. ის 1932 წელს გახდა პირველი ქალი, რომელმაც მარტო გადალახა ატლანტის ოკეანე, ასევე მოხსნა მრავალი საავიაციო რეკორდი. პიონერი პილოტი 1937 წელს დაღუპულად გამოაცხადეს, მას შემდეგ, რაც მისი თვითმფრინავი დაიკარგა, დედამიწის გარშემო შემოვლის მცდელობისას. აღსანიშნავია, რომ მისი თვითმფრინავი და ცხედარი არასდროს უპოვიათ.
ეარჰარტის ისტორია შთაგონების წყარო იყო მრავალი ახალგაზრდა ქალი მფრინავისა და ასტრონავტისთვის, მათ შორის NASA-ს ასტრონავტ შენონ უოკერისთვისაც, რომელმაც, Experts Watches-ის ცნობით, 2010 წელს კოსმოსში წაიღო ერჰარტის პირადი მაჯის საათი. ამ საათს ერჰარტი ატარებდა მის ცნობილ ტრანსატლანტიკურ ფრენაზე.
4. პიცა
2001 წელს, Pizza Hut გახდა პირველი კომპანია, რომელმაც საკვები კოსმოსში, ISS-ზე მყოფ ასტრონავტებს მიაწოდა. პიცის მიმღები ასტრონავტი იური უსაჩოვი იყო, რომელიც საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე მიღებულ პიცას კოლეგებთან ერთად შეექცეოდა.
ეს უპრეცედენტო მიწოდება მარკეტინგული გეგმა იყო, რომელიც კომპანიას საკმაოდ ძვირი — 1 მილიონი დოლარი დაუჯდა (ახლანდელი $1.7 მილიონი). კოსმოსში გასაგზავნი პიცის შემადგენლობაც განსაკუთრებით შეირჩა — მას დამატებითი სანელებლები დასჭირდა, რადგან ადამიანებს კოსმოსში გემოს შეგრძნება ხშირად ეკარგებათ. პეპერონის ნაცვლად კი "კოსმოსურ პიცაში" სალიამი გამოიყენეს, რადგან მისი შენახვის ვადა უფრო გრძელია. როგორც BBC იტყობინებოდა, რა თქმა უნდა, პიცა რაკეტის გაშვებამდე ცოტა ხნით ადრე უნდა მომზადებულიყო.
უნდა აღინიშნოს, რომ იმ დროისათვის NASA-ს ასტრონავტებს ISS-ის ბორტზე ეკრძალებოდათ ამ პიცის ჭამა, კორპორატიული სპონსორობის შესახებ სააგენტოს მკაცრი წესების გამო. შესაბამისად, ის მხოლოდ რუსმა ასტრონავტებმა მიირთვეს.
პიცა ერთადერთი საკვები როდია, რომელიც ISS-ს წარმატებით მიაწოდეს. 2021 წლის დეკემბერში, Uber Eats-მა განაცხადა, რომ მიაწოდა საკვები ISS-ზე მყოფ ასტრონავტებს, იაპონელი ანტრეპრენერისა და კოსმოსური ტურისტის — იუსაკუ მაეზავას მეშვეობით. ტურისტი საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე მოკლე ხნით იმყოფებოდა.
5. დინოზავრების ძვლები
დინოზავრის ძვლები კოსმოსში რამდენჯერმე გაგზავნილა. პირველად ეს 1985 წელს მოხდა, როცა 76 მილიონი წლით დათარიღებული დინოზავრის — მაიასაურას ჩონჩხის ნაწილმა და კვერცხის ნაჭუჭმა კოსმოსში NASA-ს კოსმოსურ შატლთან Challenger-თან ერთად იფრინა. ხოლო 1998 წელს, 210 მილიონი წლით დათარიღებული დინოზავრის სახეობის Coelophysis-ის თავის ქალამ Challenger-ის მემკვიდრის, კოსმოსურ შატლ Endeavour-ის ბორტზე იფრინა. 2014 წელს კი ტირანოზავრი რექსის ნაწილები გაფრინდა კოსმოსში, NASA-ს კოსმოსური ხომალდის — Orion-ის პირველი სატესტო ფრენისას.
2021 წლის 20 მაისს კი, ჯეფ ბეზოსის Blue Origin-მა კოსმოსური ხომალდი გაუშვა, რომელსაც კომპანიამ თითქმის 200 დინოზავრის ინდივიდის ძვლების ფრაგმენტები გაატანა კოსმოსში, New Shepard-ის რაკეტის მეშვეობით. ეს ძვლები 66-დან 70 მილიონ წლამდეა დათარიღებული და სავარაუდოდ, ეკუთვნოდა ჩიტისებრ დინოზავრ Dromaeosaurus-ს. ის 2 მეტრის სიგრძისა და 0.6 მეტრის სიმაღლის უნდა ყოფილიყო. დედამიწაზე დაბრუნების შემდეგ Blue Origin-მა კოსმოსში ნამყოფი დინოზავრის ძვლების აუქციონი მოაწყო, შეგროვებული თანხა კი ქველმოქმედებისთვისაა განკუთვნილი.
6. დისკოს გიგანტური ბურთი
2018 წლის 21 იანვარს, ამერიკულმა საჰაერო კოსმოსურმა კომპანია Rocket Lab-მა ფარულად გაუშვა უზარმაზარი, მრავალწახნაგიანი სარკე კოსმოსში. ეს კომპანიის ერთ-ერთი სატესტო ფრენის ფარგლებში მოხდა.
უჩვეულო ობიექტი, რომელაც მოგვიანებით "კაცობრიობის ვარსკვლავიც" კი უწოდეს, 1 მეტრის სიგანის იყო და ზედაპირზე 65 ამრეკლავი პანელი ჰქონდა. ის სწრაფად ბრუნავდა დედამიწის გარშემო, ჩვენი პლანეტის ორბიტაზე და აირეკლავდა მზის შუქს, იმისათვის, რომ შეუიარაღებელი თვალითაც ხილული ყოფილიყო.
დედამიწის ეს მბზინავი თანამგზავრი შეიქმნა იმისათვის, რომ დედამიწელთათვის სამყაროში ჩვენი ადგილის სიმყიფის შემახსენებელი ნათელი სიმბოლო ყოფილიყო. თუმცა, ეს შეხსენება ჩვენ თავზე სულ ორი თვით ეკიდა. The Atlantic-ის ცნობით, ის 2018 წლის 22 მარტს ჩვენი პლანეტის ატმოსფეროში შემოვიდა და დაიწვა. ეს იმაზე 7 თვით ადრე მოხდა, ვიდრე მოსალოდნელი იყო.
გიგანტური დისკო ბურთის დრო კოსმოსში ხანმოკლე იყო. ის დედამიწის ატმოსფეროში კვლავ შევიდა 22 მარტს, გაშვებიდან ორი თვის შემდეგ და მოსალოდნელზე შვიდი თვით ადრე.
"კაცობრიობის ვარსკვლავი" არ არის პირველი დისკო ბურთი, რომელიც კოსმოსში გაუშვიათ. აშშ-ის საზღვაო კვლევითი ლაბორატორიის მიერ წარმოებული პროექტის — Starshine-ის ფარგლებში, 1999-2001 წლებში კოსმოსში სამი მსგავსი ობიექტი გაუშვეს, თითოეული მათგანი ორბიტაზე ერთ წელზე მეტხანს დარჩა. 1986 წლის აგვისტოში კი იაპონიის სარკით დაფარული თანამგზავრი გაეშვა, სახელად Ajisai და როგორც Space.com იტყობინება, ის ჯერ კიდევ დედამიწის ორბიტაზეა.
7. რკინის საფარი (ბირთვული ცდების გზით)
1957 წლის 28 მაისიდან 7 ოქტომბრამდე აშშ-ის სამხრედროები ნევადას უდაბნოში ბირთვულ ცდებს ატარებდნენ. ეს პროექტი ცნობილია, როგორც Operation Plumbbob. ტესტი მოიცავდა 29 ატომურ დეტონაციას, რომელთაგანაც ორი ცნობილია როგორც Pascal-A და Pascal-B. ეს ორი დეტონაცია მიწის ქვეშ მოხდა.
Pascal-A 1957 წლის 26 ივლისს შესრულდა. ატომური ბომბი აფეთქდა მიწის ქვეშ, 152 მეტრის სიღრმის ხვრელის ფსკერთან, რომელიც დაფარული იყო 10 სანტიმეტრის სისქის რკინის საფარით. აფეთქების სიმძლავრემ საფარი ახადა და ამის შემდეგ ის აღარავის უნახავს. ამის შესახებ ლოს-ალამოსის ეროვნული ლაბორატორიის ასტროფიზიკოსმა და პასკალის ტესტების წამყვანმა მეცნიერმა, რობერტ ბრაუნლიმ Business Insider-ს 2018 წელს განუცხადა. მაშინ მეცნიერს სჯეროდა, რომ საფარი დედამიწაზე დაბრუნდებოდა, მაგრამ ეს არასდროს მომხდარა.
იმის შესამოწმებლად, თუ რა დაემართა აღნიშნულ საფარს, დაახლოებით ერთ თვეში ექსპერიმენტი გაიმეორეს. ეს მოხდა 1957 წლის 27 აგვისტოს. ეს ექსპერიმენტი Pascal-B-ის სახელითაა ცნობილი და მისი მიმდინარეობა სპეციალური კამერით ჩაწერეს. კამერას ერთ მილიწამში ერთი კადრის გადაღება შეეძლო. ჩანაწერმა აჩვენა, რომ საფარს შეეძლო მიეღწია 201 000 კმ/სთ სიჩქარისთვის, რაც დაახლოებით ხუთჯერ აღემატება დედამიწის გრავიტაციისთვის თავის დასაღწევად საჭირო სიჩქარეს. ანუ, საფარი ამჟამინდელ რაკეტებზე დაახლოებით 5-ჯერ სწრაფად გაფრინდა... ეს იმაზე მეტყველებს, რომ ორივე დეტონაციისას, აფეთქების "დამჭერი" რკინის საფარი, სავარაუდოდ, კოსმოსში გავუშვით. ეს ფაქტი ნევადას უდაბნოში არსებულ ფოლადის წრეებს ადამიანის მიერ ყველაზე სწრაფად შექმნილი ობიექტების კანდიდატადაც აქცევს.
8. პენისის ნახატი?
მოქანდაკე ფორესტ მაიერსს ჰქონდა იდეა, რომ შექმნილიყო "მთვარის მუზეუმის" სახელით ცნობილი პატარა კერამიკული ფილა, რომელიც მთვარეზე გაემგზავრებოდა. მან შუამდგომლების მეშვეობით ამ იდეით NASA-ს მიმართა, რაზეც უარი მიიღო. მოგვიანებით, როგორც ჩანს, მოქანდაკე Bell Laboratories-ის მეცნიერებს დაუკავშირდა და მათ ფარულად მიამაგრეს ფილა Apollo 12-ის მთვარის მისიის ხომალდზე. მისია მთვარისკენ 1969 წლის ნოემბერში დაიძრა და როგორც ჩანს, მან თან ეს ფილაც წაიღო.
ფილაზე ექვსი ჩანახატიდან ერთ-ერთი ენდი უორჰოლისაა და ის პენისს ძალიან ჰგავს. უორჰოლი ამტკიცებდა, რომ ეს მხოლოდ მისი ინიციალები იყო, თუმცა მოხაზულობა ინტერპრეტაციების საფუძველს ნამდვილად იძლევა.
The Modern Art Museum-ის (MoMA) ცნობით, ეს ფილა ამჟამად მთვარეზეა, თუმცა ეს ამბავი ოფიციალურად არასდროს დადასტურებულა.
9. ვარსკვლავური ომების რეკვიზიტები
ვარსკვლავური ომების ტრილოგია, რომელიც 1977-1983 წლებში გამოვიდა, ასტრონავტებისა და კოსმოსური მეცნიერების მთელი თაობის შთაგონების წყაროდაა მიჩნეული. შესაბამისად, მართებულია იმის თქმა, რომ ვარკვლავური ომების ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი რეკვიზიტის — ლუკ სკაიუოკერის სინათლის მახვილის საბოლოო დანიშნულების ადგილი კოსმოსი უნდა ყოფილიყო.
რეკვიზიტი კოსმოსში 2007 წელს გაუშვეს, ასტრონავტთა გუნდთან ერთად, რომლებმაც მიიტანეს და ააწყვეს ISS-ის Harmony მოდული. გაშვება დაემთხვა ვარსკვლავური ომების პირველი ფილმის, A New Hope-ის 30 წლის იუბილეს.
სინათლის მახვილი არ არის ვარსკვლავური ომების ერთადერთი სამახსოვრო ნივთი, რომელიც კოსმოსში გაიგზავნა. 2017 წელს, ახალი ტრილოგიის მეორე ფილმის მარკეტინგული კამპანიის ფარგლებში, Disney-მ სფერული ნარინჯისფერი დროიდის BB-8-ის ასლი გაგზავნა ISS-ზე.
10. Tesla და მანეკენი "ასტრონავტი"
2018 წლის 6 თებერვალს SpaceX-მა კომპანიის დამფუძნებლის — ილონ მასკის წითელი Tesla Roadster კოსმოსში გაუშვა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც მილიარდერმა გადაწყვიტა, მანქანა და კოსმოსურ კოსტიუმში გამოწყობილი მანეკენი "მძღოლი" (Starman) Falcon Heavy-ის რაკეტის პირველადი მისიის საცდელ ტვირთად გამოეყენებინა.
Starman-ის მარშრუტი მარსისკენ იყო დაგეგმილი, მას წითელი პლანეტის ირგვლივ უნდა ეფრინა, ამან გარკვეული შიში გააჩინა, რომ ის მარსს დააბინძურებდა (ზედაპირზე დაცემის შემთხვევაში). თუმცა მანქანამ წითელ პლანეტას გვერდი აუარა და ახლა მზის გარშემო მოძრაობს. მას მზის გარშემო ერთი სრული წრის შესასრულებლად, ამ მომენტისთვის, 557 დღე სჭირდება.
კოსმოსის ამ უცნაური სტუმრისთვის თვალის დევნება ამ საიტზეა შესაძლებელი. 2023 წლის მაისის მდგომარეობით, Tesla-მ შეასრულა, დაახლოებით, 3.4 ორბიტა მზის გარშემო და გაიარა 4 მილიარდ კილომეტრზე მეტი. ეს ნიშნავს, რომ დედამიწაზე შექმნილმა მანქანამ მოსალოდნელ გასავლელ მანძილს კოსმოსში უკვე 73 000-ჯერ გადააჭარბა.
Starman-ს დიდი ხანია დედამიწაზე ფოტოების გამოგზავნა აღარ შეუძლია. ასტრონომები ვარაუდობენ, რომ მანქანასა და მანეკენს უკვე სერიოზული ზიანი მიადგა.
ბონუსი — ნულოვანი გრავიტაციის ინდიკატორები
ასტრონავტთა შორის ტრადიციად იქცა ის, რომ ეკიპაჟს თან უჩვეულო ნივთი მიაქვს, იმისათვის, რომ დედამიწის ატმოსფეროდან გასვლის შემდეგ, ნულოვანი გრავიტაციის ინდიკატორად გამოიყენონ. ეს ნივთი, ბუნებრივია, დედამიწის გრავიტაციისთვის თავის დაღწევის შემდეგ ფრენას იწყებს და ეს არის ერთ-ერთი პირველი კოსმოსში გასვლის ნიშანი ჩვენი პლანეტიდან წასული ადამიანებისათვის. ამ მიზნით ასტრონავტებს აინშტაინის თოჯინა, Baby Yoda-ს სათამაშო და სხვა ნებისმიერი ნივთი მიაქვთ. მათ შორის, ერთ-ერთი ცნობილი დინოზავრის ბრჭყვიალა სათამაშოა, რომელიც 2020 წელს, SpaceX-ის ისტორიული Crew Dragon-ის ფრენისას წაიღეს.
კომენტარები