აღმოჩნდა, რომ მარცხენა ყურით გაგონილი ხმები უფრო გვსიამოვნებს, ვიდრე მარჯვენით
ნეირომეცნიერთა გუნდმა დაადგინა, რომ ადამიანები სიცილის მსგავს დადებით ხმაზე უფრო მეტად რეაგირებენ, თუკი ის მარცხენა ყურში ესმით, რადგან ეს ჩვენს ტვინში უფრო ძლიერ ნეირონულ აქტიურობას იწვევს.
სპეციალისტებმა კვლევის ფარგლებში 13 ზრდასრული ინდივიდის ტვინის სკანირების მეთოდს მიმართეს მაშინ, როცა მათ სასიამოვნო ხმები ესმოდათ, ყურადღება კი ტვინის მსმენელობით რეგიონზე გამახვილდა. აღმოჩნდა, რომ ეს არეალი განსაკუთრებით იმ დროს აღიგზნებოდა, როცა ხმას მარცხენა ყურით იგებდნენ. რატომ ხდება ასე და მოქმედებს თუ არა ეს აღქმაზე, ჯერჯერობით გაურკვეველია, თუმცა ვიცით, რომ მარცხენა ყურით სხვის ემოციურ ტონს უკეთ ვარჩევთ.
როდესაც კვლევის მონაწილეებს სასიამოვნო ხმები მარცხნიდან, მარჯვნიდან და ცენტრიდან ესმოდათ, მათი ტვინის მსმენელობით რეგიონის ორივე ნახევარსფერო აქტიურდებოდა. ამის მიუხედავად, მარცხენა მხრიდან გაგონებისას უფრო
ძლიერი ნეირონული რეაქცია უვლინდებოდათ, რაც დანარჩენ ორ შემთხვევაში არ დაფიქსირებულა. საინტერესოა ისიც, რომ ეს ეფექტი მხოლოდ პოზიტიური ხმების დროს იჩენდა თავს.
"ამჟამად უცნობია, ადამიანის განვითარების რა ეტაპზე გაჩნდა მარცხენა ყურით გაგონილი დადებითი ვოკალიზაციის უპირატესობა მსმენელობით ქერქში და არის თუ არა ეს ჩვენთვის უნიკალური მახასიათებელი.
როგორც კი ამას გავიგებთ, შეგვეძლება ვიმსჯელოთ, რამდენადაა ეს დაკავშირებული ცაციობასთან ან მარჯვენა ხელის გამოყენებასთან და ორგანოების ასიმეტრიულ განლაგებასთან", — ამბობენ ავტორები.
მათი ნაშრომი გამოცემაში Frontiers in Neuroscience გამოქვეყნდა.
კომენტარები