რა მოხდება, თუ ზედმეტ ვიაგრას მიიღებთ?
სილდენაფილი, რომელიც ვიაგრას სახელით იყიდება, ყველასთვის კარგად ცნობილი მედიკამენტია. მას, ძირითადად, ერექციული დისფუნქციის დროს იყენებენ და როგორც ყველა პრეპარატს, გარკვეული დოზები გააჩნია, რომელსაც არ უნდა გადააჭარბოთ. მაინც რა მოხდება, თუ ასე არ მოიქცევით? რამდენიმე პაციენტის მაგალითზე პოტენციურ საფრთხეებზე საუბარი ნამდვილად შეგვიძლია.
პირველ რიგში, უნდა ითქვას, რომ ვიაგრას გვერდითი ეფექტები გამორჩეული არაფრითაა, ანუ სხვა მედიკამენტებისას ჰგავს. ესაა თავბრუსხვევა, გულისრევა, თავის ტკივილი, ცხვირის გაჭედვა და ალები. ამის მიუხედავად, ყოფილა შემთხვევა, რომ სილდენაფილის ზედმეტი დოზის მიღების გამო 60 წელს გადაცილებულ კოლუმბიელ კაცს პენისის ამპუტაცია ჩაუტარდა.
მას ერექცია რამდენიმე დღის განმავლობაში ჰქონდა და საავადმყოფოს ძლიერი ტკივილით მიაკითხა. აღმოჩნდა, რომ პაციენტის სასქესო ორგანო დაზიანებული იყო. დაფიქსირდა განგრენაც, რომლის გავრცელების თავიდან ასაცილებლადაც პენისის მოკვეთა გახდა საჭირო.
მეორე შემთხვევა შედარებით მსუბუქია: 31 წლის კაცმა თხევადი სილდენაფილი ინტერნეტით გამოიწერა და იმის ნაცვლად, რომ ის პიპეტით დოზირებულად მიეღო, პირდაპირ ბოთლიდან სვამდა. მალევე, პაციენტმა შენიშნა, რომ მის მხედველობით არეალს მოწითალო ელფერი მიეცა, მრავალფეროვანი ციმციმებისა თუ ლაქების დანახვაც დაიწყო, რასაც ფოტოპსია ეწოდება და კონტრასტიც დაუქვეითდა.
როგორც წესი, მსგავსი სიმპტომები 24 საათში ქრება, მაგრამ მკურნალობის შემდეგ კაცს მხედველობის არეში მოწითალო ელფერი და დაქვეითებული კონტრასტი მაინც შეუნარჩუნდა. ეს ნიშნები ბოლომდე მხოლოდ 1 წელში გაქრა.
სხვა სერიოზულ გვერდით ეფექტებს შორისაა გონების დაკარგვა, გულ-მკერდის ტკივილი, გულის შეტევა და ინსულტი. ასევე, ერექცია, რომელიც 4 საათზე მეტხანს გრძელდება.
კომენტარები