მეტისმეტი აგზნება კაცებს ორგაზმის მიღწევაში უშლის ხელს — ახალი კვლევა
მათემატიკოსების გუნდმა კაცებისთვის ორგაზმის მისაღწევი მათემატიკური "ფორმულა" შექმნა. კვლევის პროცესში მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ მეტისმეტი აგზნება საწყის ეტაპზე, რეალურად, ხელს უშლის ორგაზმის მიღწევას. თუმცა, კარგი ამბავი ისაა, რომ კვლევა იმასაც გვიჩვენებს, თუ როგორ შეიძლება ავარიდოთ თავი ამ პრობლემას.
ფიზიკური და ფსიქოლოგიური აგზნებადობის ათწლეულების განმავლობაში შეგროვებულ მონაცემებზე დაკვირვებით, გაერთიანებული სამეფოს სასექსის უნივერსიტეტის მკვლევრებმა აღმოაჩინეს ორგაზმის მიღწევის იდეალური პირობები.
"ჩვენ შევიმუშავეთ ორგაზმის მიღწევის პირველი წარმატებული მათემატიკური მოდელი", — ამბობს მათემატიკოსი კონსტანტინ ბლისი. "ჩვენი შედეგები ფარავს ორგაზმის მისაღწევად საჭირო ფსიქოლოგიურ და ფიზიოლოგიურ ასპექტებს. ისინი აძლიერებს და მათემატიკურად ამტკიცებს სექსის ფსიქოლოგიის არსებულ კვლევებს."
მონაცემებზე დაყრდნობით, მკვლევართა ჯგუფის მთავარი დასკვნა ისაა, რომ საწყის ეტაპზე მეტისმეტი ფსიქოლოგიური აგზნება უარყოფითად აისახება ორგაზმის მიღწევაზე.
"ამის ერთ-ერთი ახსნა ისაა, რომ როდესაც ვიღაც ძალიან აღტაცებულია, იგი უფრო მეტად ფოკუსირებულია პერფორმანსზე ან ორგაზმის მიღწევაზე", — განმარტავენ ისინი. "მარტივად რომ ვთქვათ, ჩვენი შედეგები შეგვიძლია, ასე შევაჯამოთ: 'მეტისმეტად ბევრს ნუ იფიქრებთ'."
მეცნიერების თქმით, ეს კვლევა ხელს შეუწყობს სექსუალური დისფუნქციის შესწავლასა და სამომავლოდ ამ პრობლემის გადაჭრას.
მკვლევრები ასევე აპირებენ, შეისწავლონ ქალების ორგაზმიც, რომელიც, როგორც თავად აღნიშნავენ, ბევრად უფრო კომპლექსურია.
საბოლოო ჯამში, მკვლევრებმა განმარტეს, რომ ორგაზმამდე ითიშება ტვინის ბევრი ადგილი, როგორებიცაა: ამიგდალა (პასუხისმგებელია ემოციების დამუშავებაზე), შუბლის კორტიკალური რეგიონები (აკონტროლებს განსჯასა და გადაწყვეტილების მიღებას) და ორბიტოფრონტალური ქერქი (აერთიანებს სენსორულ მონაცემებს და მონაწილეობს გადაწყვეტილების მიღებაში ემოციური და ჯილდოსთან დაკავშირებული ქცევისთვის).
აქედან გამომდინარე, როგორც მკვლევრები აღნიშნავენ, ორგაზმი დაკავშირებულია "გაშვებასთან" — იგი არა მხოლოდ ფიზიკური, არამედ მენტალური გათავისუფლებაცაა.
კომენტარები