ჩვენი გალაქტიკა შესაძლოა, იმაზე განსხვავებული ფორმის იყოს, ვიდრე აქამდე გვეგონა
ბოლო წლებში მეცნიერებისთვის სულ უფრო ნათელი გახდა, რომ სამყაროში სამი მთავარი ტიპის გალაქტიკები არსებობს — ელიფსური, უსწორმასწორო და სპირალური, რომელსაც მეტწილად შუაგულიდან გადაჭიმული 2 შვერილი ახასიათებს. ჩვენი მშობლიური ირმის ნახტომის ილუსტრაციებში შენიშნავდით, რომ ის არა 2, არამედ 4 ამგვარი ე.წ. მკლავითაა გამოსახული, რაც მას გამორჩეულს ხდის.
ახალი კვლევის თანახმად, ჩვენი გალაქტიკა შესაძლოა, ასეთი ფორმის სულაც არ იყოს და სხვა სპირალური სისტემების მსგავსად, მხოლოდ 2 შვერილი ჰქონდეს. ამას ჩინეთის მეცნიერებათა აკადემიაში მომუშავე სპეციალისტები აქამდე შეგროვებული ინფორმაციის ანალიზის გზით ასკვნიან. კერძოდ, მათ დაახლოებით 200 ვარსკვლავს შორის არსებული დისტანციები გამოითვალეს და ის გაიას კოსმოსური ტელესკოპის მონაცემებთან შეაჯერეს. ეს ობსერვატორია დედამიწის პერსპექტივიდან მნათობების მოძრაობას აკვირდება, მათ შორის OB ვარსკვლავებს, რომლებიც შედარებით ნელა გადაადგილდება და რუკის შესადგენად გამოსადეგია.
შედეგად, ავტორებმა დაადგინეს, რომ ირმის ნახტომი შესაძლოა, ბარიანი სპირალური გალაქტიკა იყოს 2 მთავარი სიმეტრიული შვერილით, რომლებიც ცენტრიდან იწყება და შორეულ რეგიონებშია გადაჭიმული. გალაქტიკის გარე არეალში ფრაგმენტირებული მკლავები გვხვდება, რომლებიც ბირთვს არ უკავშირდება. მათი დანაწევრება, სავარაუდოდ, სხვა სისტემებთან შეჯახებამ გამოიწვია.
მეცნიერები ირმის ნახტომის სტრუქტურის უკეთ გამოკვლევას გეგმავენ და იმედოვნებენ, რომ ამ საკითხის შესახებ მეტს გაიგებენ. მათი ნაშრომი გამოცემაში Astrophysical Journal გამოქვეყნდა.
კომენტარები