2 სტარტაპი ჰაბლის ტელესკოპის სიცოცხლის გასახანგრძლივებლად გაერთიანდა — როგორია მათი გეგმა
NASA-ს ჰაბლის კოსმოსური ტელესკოპი უკვე მრავალი წელია, სამყაროს იკვლევს და გასაოცარ სურათებს იღებს, მაგრამ ეს ისტორიული მისია ნელ-ნელა დასასრულს უახლოვდება. ობსერვატორია დედამიწის დაბალ ორბიტაზე ეტაპობრივად უფრო ქვემოთ და ქვემოთ მიიწევს, რაც მისთვის საზიანოა, ამიტომ საჭიროა, აპარატს ტრაექტორია შევუცვალოთ, რათა სიცოცხლე გავუხანგრძლივოთ.
სწორედ ამის გეგმა აქვს 2 სტარტაპს — ტოკიოში დაფუძნებულ Astroscale-სა და კალიფორნიაში არსებულ Momentus Space-ს, რომლებიც NASA-ს ჰაბლის გადარჩენის გზას სთავაზობენ. სააგენტომ კომერციულ სექტორს დასახმარებლად 2022 წელს მიმართა და ამ პროცესში ილონ მასკის კომპანია SpaceX-იც ჩაერთო.
სტარტაპების გეგმა ჩვენი პლანეტის ორბიტაზე უეკიპაჟო მისიის განხორციელებას გულისხმობს. მის ფარგლებში მცირე ზომის რაკეტით იქ წყალზე მომუშავე ძრავის მქონე სპეციალურ ხომალდს გაუშვებენ, რომელიც ტელესკოპს მიუახლოვდება და მიიერთებს, შემდეგ კი სათანადო მანევრების მეშვეობით მას 50 კილომეტრამდე მანძილით მაღლა გადაანაცვლებს. განცალკევების მერე, ასევე, ჰაბლის ორბიტის მიმდებარე არეალი საშიში ნარჩენებისგან გასუფთავდება.
მისიის პირველი ნაწილის შესრულებას მეტწილად სტარტაპი Astroscale საკუთარი ხომალდით ითავებს, ორბიტული ნარჩენების მოშორებას კი Momentus Space შეეცდება. რა თქმა უნდა, ეს იმ შემთხვევაში, თუ NASA არჩევანს სწორედ მათზე შეაჩერებს.
"ის, რაც NASA-ს შევთავაზეთ, არჩევანია, რომელიც წინა 5 უეკიპაჟო მისიის დროს ხელმისაწვდომი არ იყო", — აცხადებენ Astroscale-ში.
კომენტარები