შემოდგომის ყვითელ დღეებს ძალიან უხდება წიგნები, რომელიც უფრო გაგიფერადებს განწყობას. 27 ოქტომბერი ქართული საბავშვო წიგნის დღეა, რაც ნიშნავს იმას, რომ მკითხველმა უნდა გაიგოს თუ რამხელა სიმდიდრეს ინახავს ქართული ლიტერატურა და რამდენი წიგნი იმსახურებს მათ ყურადღებას.

მოკლედ, წარმოგიდგენთ ქართველი საბავშვო მწერლების წიგნებს, რომელთა შემოდგომის თბილ და ზოგჯერ სუსხიან დღეებში წაკითხვა მისწრება იქნება!

1. ლელა ცუცქირიძე — მხიარული ოჯახი… და სხვებიც

ფოტო: სულაკაურის გამომცემლობა

ლელა ცუცქირიძე ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული საბავშვო მწერალია თანამედროვე ქართულ ლიტერატურაში. არაერთ პროზაულ ნაწარმოებთან ერთად, მას ზღაპრები, ლექსები და საბავშვო სიმღერების ტექსტებიც კი დაუწერია.

მხიარული ოჯახი... და სხვებიც პატარა მკითხველმა რამდენიმე წლის წინ გაიცნო პირველად. აქ ჩვენ ისეთ დასამახსოვრებელ პერსონაჟებს შევხვდით, როგორებიც კატებიანი დირექტორი, უუმკაცრეს მასწი და ჯადოქარი არიან. მათთან ერთად კი, ერთ უცნაურ ოჯახში ამოვყავით თავი. არა, უცნაურში კი არა, მხი-ა-რუ-ლში!

2. ირმა მალაციძე — სატკბილეთის ქვეყანა

ფოტო: სულაკაურის გამომცემლობა

ირმა მალაციძის ჯადოსნურ სამყაროს უკვე თაობები იცნობენ. ლიტერატურული პრემიებისა და კონკურსების არაერთგზის გამარჯვებული ავტორის ეს წიგნიც — სატკბილეთის ქვეყანა, მკითხველს პირველად თითქმის 20 წლის წინ შეხვდა. თუმცა, მას შემდეგ არც მწერლის პოპულარობა განელებულა და არც — წიგნის.

ციდან კანფეტების ცვენაზე ხომ ყველა ბავშვს უოცნებია? ჰოდა, სწორედ ასეთი ზღაპრული ქვეყანაა სატკბილეთი, სადაც ყველაფერი გემრიელია — სადაც ლიმონათის მდინარეს შოკოლადის ჯებირები აქვს შემოვლებული, ცაზე კი ფორთოხლის მზეს ბანანის მთვარე ენაცვლება ხოლმე. თუმცა, ასეთ ქვეყნებსაც ემუქრებათ საფრთხე...

3. ზაირა არსენიშვილი — მოკლე კატოს თავგადასავალი

ფოტო: სულაკაურის გამომცემლობა

თამამად შეიძლება ითქვას, ზაირა არსენიშვილი ჩვენი დროის კლასიკოსია, რომლის არაერთი "საუფროსო" რომანი უკვე მკითხველთა ფართო წრემ შეიყვარა. თუმცა, არანაკლებ შთამბეჭდავი ხელწერით გამოირჩევა ავტორის საბავშვო წიგნი, მოკლე კატოს თავგადასავალი.

წიგნი ერთ დაუდგრომელ კაფანდარა გოგოზე გვიყვება, რომელსაც ყველაზე მეტად ფრაზის "არ შეიძლება" გაგონება სძულს. ეს ამბავი კი, ისევე, როგორც ბევრი სხვა სახალისო თავგადასავალი, ნაყინით იწყება. კატო უკვდავების წყაროს მოსაძებნად გაეშურება და გზად ისეთ გასაოცარ რაღაცებს გადაეყრება, მხოლოდ ზაირა არსენიშვილის სიტყვებითა და თათია ნადარეიშვილის ფანტასტიკური ილუსტრაციებით რომ შეიძლება გაცოცხლდეს.

4. არჩილ სულაკაური — სალამურას თავგადასავალი

ფოტო: სულაკაურის გამომცემლობა

კლასიკოსებზე საუბრისას ვერაფრით გამოვტოვებთ არჩილ სულაკაურს, რომელიც უკვე რა ხანია, პატარა მკითხველის საყვარელი ავტორია. მეტიც — სულაკაურის ძალიან კეთილ და ცოტათი გულის ამაჩუყებელ ნაწარმოებებზე გაზრდილი მკითხველები დღეს უკვე შვილებთან და, ვინ იცის, შვილიშვილებთან ერთადაც კითხულობენ საყვარელ ტექსტებს.

მისი ავტორის არ იყოს, სალამურას თავგადასავალსაც არ სჭირდება განსაკუთრებული წარდგენა; ქონდარეთის ძილისგუდა უფლისწულ ქონდარუხსა და ჭიამაიების მწყემს სალამურას ხომ ისედაც დიდი და პატარა იცნობს. ეს წიგნი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ქართული საბავშვო ნაწარმოებია, რომლის მიხედვითაც ანიმაციური ფილმი და არაერთი სპექტაკლიც შექმნეს.

5. დავით ჯავახიშვილი — ბიძია სევას ამბები

ფოტო: სულაკაურის გამომცემლობა

ქართველ მკითხველთან ერთად, კინომოყვარულებიც კარგად იცნობენ დავით ჯავახიშვილს — მოთხრობებისა და საბავშვო ნაწარმოებების ავტორს, სცენარისტსა და მსახიობსაც კი. რაც უნდა გასაკვირი იყოს, ასეთი მრავალფეროვანი შემოქმედებითი საქმიანობის მიუხედავად, ჯავახიშვილს სულ სხვა პროფესია ჰქონდა — იგი გეოლოგი გახლდათ.

ბიძია სევას ამბები უკვე ნახევარი საუკუნისაა — ეს უცნაური კაცი, რომელსაც თეთრი ბლის კომპოტი, ბევრი სიცილი და პატარა ბავშვები უყვარს, პირველად 1973 წელს გაიცნეს მკითხველებმა. ამ სასაცილო და დაუჯერებელ ამბებს კი ბიძია სევას პატარა მეგობარი, ცოტნე, მოგვითხრობს. თუმცა, დაუჯერებელიც რა არის — ეს მხიარული კაცი ხომ თბილისის ერთ-ერთ ძველ უბანში მართლაც ცხოვრობდა.

6. თეა თოფურია — ერთი გრძელი დღე სხვა პლანეტაზე

ფოტო: სულაკაურის გამომცემლობა

დავუბრუნდეთ თანამედროვე ქართველ ავტორებს — თეა თოფურიას სახელი ქართველი მკითხველისთვის კარგად ნაცნობი და საყვარელია. ავტორს ეკუთვნის უამრავი მოთხრობა, ლექსი და, რაც მთავარია, საბავშვო ნაწარმოები.

ერთი გრძელი დღე სხვა პლანეტაზე ერთ ჩვეულებრივ ბიჭზე, გრინკოზე, გვიყვება, რომელიც კოსმოსითა და პლანეტებზე დაკვირვებითაა გატაცებული. თუმცა, რას წარმოიდგენდა, რომ ოდესმე თავადაც ამოყოფდა თავს ერთ-ერთ იმ პლანეტაზე, მანამდე მხოლოდ ტელესკოპში რომ ენახა. მოახერხებს თუ არა იგი, თავი დააღწიოს ტყვეობას და შინ დაბრუნდეს, ამას მხოლოდ წიგნიდან გაიგებთ.

7. თამრი ფხაკაძე — გრძელცხვირა ჯადოქარი მარსია

ფოტო: სულაკაურის გამომცემლობა

მეფე ბუთხუზ პირველის სახელი თუ აქამდე გსმენიათ, ალბათ თამრი ფხაკაძის ზღაპრულ სამყაროებსაც კარგად იცნობთ. ცნობილი ქართველი მწერალი ხომ დიდებისთვის განკუთვნილ რომანებთან და მოთხრობებთან ერთად პატარა მკითხველების საყვარელ ამბებსაც წერს.

წიგნში გრძელცხვირა ჯადოქარი მარსია სწორედ მეფე ბუთხუზ პირველის თავს გადამხდარი გაუგონარი ამბავია მოთხრობილი. აბა, სხვა რა უნდა ეწოდოს იმას, თუ როგორ გააქრო ერთმა დაუდევარმა ჯადოქარმა წვიმაში გალუმპული მეფე? აი, მერე კი გაუჩინარებული ხელმწიფის ძებნას სამეფოში ყველა იწყებს...

8. ელისო ჩუბინაშვილი — ვარსკვლავების მდინარე

ფოტო: სულაკაურის გამომცემლობა

ელისო ჩუბინიშვილი ქართველი მხატვარი და მწერალია, რომელიც საკუთარ თავს თავგადასავლების მოყვარულ ადამიანად ახასიათებს. პრინციპში, მისი წიგნის — ვარსკვლავების მდინარე — წაკითხვის შემდეგ ამის გამოცნობა რთული სულაც არ იქნებოდა.

პატარა გოგო რომ მეგობარ ფრინველთან ერთად მაღალ ხეზე მოწყობილ ბუდეში ცხოვრობს, ეს უკვე ისედაც თავგადასავალია. თუმცა, დაიცადეთ, სანამ მისი კიდევ ერთი მეგობარი, ჩაჩალა, შორ და სახიფათო გზას დაადგება ხელშეუხებელი განძის საპოვნელად. ამ ამბავში კი მეგზურობას ავტორის ილუსტრაციებიც გაგვიწევენ.

9. ნილს სიმეონი — 14 კრისტალის თეორია

ფოტო: სულაკაურის გამომცემლობა

ავტორის სახელმა არ დაგაბნიოთ — ნილს სიმეონი ქართველი რეჟისორის, სცენარისტისა და მხატვრის, გიორგი მასხარაშვილის, ფსევდონიმი გახლავთ. ეს ამბავი კი შორეული ფინეთის უცნაურ ტყეში მცხოვრები ბიჭის, უგოს შესახებ მოგვითხრობს. უგო, რომელსაც გარესამყაროსთან ურთიერთობა აკრძალული აქვს, სასახლეშია გამოკეტილი, მის იქიდან დახსნას კი მხოლოდ ერთი შეუპოვარი გოგო, ინგე, ცდილობს.

14 კრისტალის თეორია ავტორის სადებიუტო წიგნია, რომელმაც მკითხველების სიყვარულთან ერთად კრიტიკოსების აღიარებაც დაიმსახურა — საბავშვო რომანმა 2019 წელს პრემია საბა მოიპოვა წლის საუკეთესო დებიუტის ნომინაციაში.

10. კატო ჯავახიშვილი — სიყვარულით, ელლი

ფოტო: სულაკაურის გამომცემლობა

"ყველაზე ჯადოსნური ამბები მაშინ ხდება, როცა ფიქრობ, რომ შენი არავის ესმის და ყველაფერი არც ისე კარგადაა", — ასეთი აღწერით გაიცნობთ ქართველი პოეტის საბავშვო წიგნს სიყვარულით, ელლი. ეს წიგნი კი პირველი გვერდიდანვეა საინტერესო — ბევრი ავტორი როდი უძღვნის წიგნს თავის წარმოსახვით მეგობარს.

ასეთ მეგობრად ევლინება პატარა ლილეს ელლი, რომელიც მის ცხოვრებაში დედის გარდაცვალების შემდეგ ჩნდება. ელლის დახმარებით გოგო ისევ იჯერებს, რომ ამ საოცარ სამყაროში მოულოდნელი და კარგი რაღაცებიც ხდება, მასზე კი კვლავ ზრუნავენ.


სტატიაში ნახსენებ ყველა საბავშვო წიგნს, ასევე ავტორების სხვა ნაწარმოებებს სულაკაურის გამომცემლობის ვებსაიტზე და წიგნის მაღაზიებში იპოვით.