ვების ტელესკოპმა ერთ-ერთი ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავის ასტეროიდთა სარტყელი გადაიღო
ჯეიმს ვების კოსმოსურმა ტელესკოპმა ღამის ცის ერთ-ერთი ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავის, ჩვენგან 25 სინათლის წლით დაშორებული ფომალჰაუტის ირგვლივ არსებული ასტეროიდთა სარტყელი გადაიღო, რომლის მსგავსიც მზის სისტემის მიღმა აქამდე არ დაფიქსირებულა. ის იმაზე ბევრად რთული სტრუქტურისაა, ვიდრე აქამდე ვარაუდობდნენ.
ფომალჰაუტის გარშემო განლაგებული მტვრიანი რეგიონი 1983 წელს აღმოაჩინეს, მაგრამ 2 შიდა რგოლი მხოლოდ ახლა გამოვლინდა. მთლიანობაში 3 რგოლი დაახლოებით 23 მილიონ კილომეტრ მანძილზეა გადაჭიმული. ამგვარი წარმონაქმნები ასტეროიდების, კომეტების ან სხვა ასეთი ობიექტების შეჯახებისას ფორმირდება და "ნარჩენთა დისკო" ეწოდება, განსხვავებით "პროტოპლანეტური დისკოსგან", რომელშიც ციური სხეულები იბადება.
აღსანიშნავია, რომ დაფიქსირებულია მტვრის დიდი ღრუბელიც, რომელიც შესაძლოა, გარეთა რგოლში პროტოპლანეტების სავარაუდო შეჯახებაზე მიანიშნებდეს.
მეცნიერები ამბობენ, რომ ფომალჰაუტის მაგალითზე შეგვიძლია, ჩვენს გალაქტიკაში მდებარე მსგავსი დისკოების შესახებ მივიღოთ ინფორმაცია და ერთგვარ არქეტიპად მოვიაზროთ. რომ არა ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპი, შიდა რგოლებს ვერ გამოვიკვლევდით, ამიტომ ასტრონომები აპირებენ, მისი მეშვეობით სხვა ასეთი სტრუქტურებიც გადაიღონ, რაც უმნიშვნელოვანესია.
ავტორთა ნაშრომი გამოცემაში Nature Astronomy გამოქვეყნდა.
კომენტარები