რა გავლენა აქვს LED განათებას ჯანმრთელობასა და გარემოზე
LED ნათურები ბოლო ათწლეულების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიღწევაა კაცობრიობისთვის. ჩვეულებრივი ნათურები გამოყენებული ენერგიის მხოლოდ 5%-ს გარდაქმნიან ხილულ სინათლედ, ხოლო LED ნათურები მიღებული ენერგიის 90%-ს ხილული სინათლის სახით ასხივებენ. თუმცა, გარდა ეფექტურობისა, რით განსხვავდება LED ნათურები ჩვეულებრივი ნათურებისგან და უქმნის თუ არა მისი გამოყენება საფრთხეს გარემოს და ჩვენს ჯანმრთელობას?
სტატიაში სწორედ ამ მნიშვნელოვან შეკითხვაზე ვეცდებით პასუხის გაცემას, ასევე გავიგებთ, თუ რას წარმოადგენს LED განათება და რა მეცნიერულმა მიღწევებმა მიგვიყვანეს ამ ტექნოლოგიურ გარღვევამდე.
რა არის LED განათება
LED (Light Emitting Diode) განათება წარმოადგენს ნახევარგამტარულ დანადგარს, რომელიც ასხივებს სინათლეს ინფრაწითელ და ხილულ სპექტრში მასში დენის გატარებისას. მას ხშირად იყენებენ მობილურ ტელეფონებში, ლეპტოპებში, ბილბორდებზე, ალფანუმერული გამოსახულებებისთვის (მაგალითად, ავტობუსებზე) და ა.შ.
ტრადიციული ნათურები სინათლეს კონკრეტული ლითონების მავთულების (მაგ. ვოლფრამი) გახურების შედეგად ასხივებს, თუმცა ამ პროცესში გადაცემული ენერგიის 95%-ს კარგავს სითბოს გამოყოფაში.
LED ნათურებში იყენებენ დიოდებს, რომლებიც წარმოადგენენ ნახევარგამტარულ მასალებს, როგორიცაა გალიუმის არსენიდი (GaAs). დიოდი შედგება ორი კომპონენტისგან, ესენია დადებითი მუხტის, იგივე ჭარბი "ვაკანსიების" მატარებელი ანოდი და უარყოფითი მუხტის, ანუ ჭარბი ელექტრონების მატარებელი კათოდი. მათ შორის ბუნებრივად არსებობს ბარიერი, რომლის გადალახვა შესაძლებელია ძაბვის მოდებით. შედეგად უარყოფითად დამუხტული ელექტრონები იკავებენ "ვაკანსიებს", რომლებიც განაპირობებენ დადებით მუხტს კათოდში. სწორედ ელექტრონების მიერ "ვაკანსიების" დაკავებისას სხივდება ელექტრომაგნიტური ტალღები ანუ სინათლე. სინათლის ფერს კი განაპირობებს ის ფაქტორი, თუ რომელი ელემენტისგან შედგება ნახევარგამტარი.
LED განათებებისთვის ტიპიურად 2 ვოლტ ძაბვას იყენებენ, რაც საკმაოდ ცოტაა, თუ შევადარებთ ტრადიციულ ნათურებს, რომლებიც 110-130 ვოლტ ძაბვას საჭიროებენ.
LED ტექნოლოგიის დადებითი გავლენა გარემოსა და ჯანმრთელობაზე
LED ნათურების ეფექტურობის გამო მას დღევანდელ რეალობაში არაერთი გამოყენება აქვს. საინტერესოა, რა ეფექტი აქვს გარემოზე და ჩვენს ჯანმრთელობაზე ნათურების მასობრივ წარმოებას.
- ენერგოეფექტურობა — როგორც უკვე ვახსენეთ, ტრადიციულ ნათურებთან შედარებით, LED ნათურები ბევრად ეფექტურად მოიხმარენ მათთვის გადაცემულ ენერგიას, რაც ნიშნავს იმას, რომ მოსახლეობას ნაკლები ელექტროენერგიის საჭიროება უჩნდება. ეს კი, თავის მრივ, გულისხმობს ენერგოსადგურების ნაკლებ მოთხოვნილებას და, შესაბამისად, გარემოსადმი ზიანის შემცირებას.
- მუშაობის დრო — LED ნათურები სხვა ნათურებზე 5-6-ჯერ დიდხანს ძლებს, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს ბუნებრივ რესურსებზე მოთხოვნილებას.
- არ შეიცავს ტოქსიკურ ელემენტებს — როგორც ცნობილია, ტრადიციული ნათურები შეიცავს მავნე ნივთიერებებს, როგორიცაა მერკური(Hg). ნათურის გასკდომის შემთხვევაში ეს ტოქსიკური ნივთიერება შესაძლოა ჩვენს ფილტვებში მოხვდეს და უარყოფითი გაგვლენა იქონიოს ჩვენს ჯანმრთელობაზე. გამოყენების შემდეგ ეს ნათურები ხშირად ხდება გარემოს დაბინძურების ერთ-ერთი მიზეზი. ამიტომ LED ნათურებზე გადასვლა ამ მხრივაც სასარგებლოა.
- უკეთ მუშაობს სიცივეში — ცნობილია, რომ LED ნათურები სხვა ნათურებთან შედარებით ცივ ტემპერატურას უკეთ უძლებენ. სწორედ ამიტომ გამოიყენება LED განათება მაცივრებში, საყინულეებში და გარე განათებებში.
- ნაკლები სითბო და ნულოვანი ულტრაიისფერი გამოსხივება — აღსანიშნავია, რომ LED ნათურები საკმაოდ ვიწრო დიაპაზონში ასხივებენ სინათლეს, შესაბამისად ისინი არ ასხივებენ ულტრაიისფერ სხივებს, როდესაც კლასიკურ ნათურებში დაბალსიხშირულ ელექტრომაგნიტურ ტალღებთან ერთად ულტრაიისფერიც გვხვდება. ასევე მარტივი შესამოწმებელია, რომ LED ნათურები ბევრად ნაკლებ სითბოს გამოყოფენ.
უარყოფითი გავლენები
მიუხედავად იმისა, რომ LED ტექნოლოგიას მრავალი დადებითი მხარე აქვს, აუცილებელია აღვნიშნოთ მისი უარყოფითი მხარეებიც.
ზოგადად, ხელოვნური გარე განათება — რაც გულისხმობს დღის ბნელ პერიოდში ხელოვნური გზით გარემოს განათებას — იწვევს "სინათლის დაბინძურებას". ხელოვნური გარე განათება დღესდღეობით უმეტესწილად LED განათებაზე მოდის და ის უარყოფითად მოქმედებს სხვადასხვა მწერის, ამფიბიის, მფრინველისა თუ ძუძუმწოვრის რეპროდუქციაზე. მაგალითად, ციცინათელების გამრავლება დამოკიდებულია მათი ნათების უნარზე: ამგვარად იზიდავენ მამრი ციცინათელები მდედრებს გასამრავლებლად. მაგრამ ამისთვის სჭირდებათ სრული წყვდიადი. ვისაც უნახავს ციცინათელები, იცის, რომ ისინი საკმაოდ მკრთალად ანათებენ. სწორედ ამიტომ, იშვიათად თუ შევხვდებით ციცინათელებს ქალაქებში.
ასევე იხილეთ: სად გაქრნენ ციცინათელები?
როგორც უკვე ვახსენეთ, LED ნათურები არ ასხივებენ ულტრაიისფერ ან უფრო მაღალსიხშირულ დიაპაზონებში, თუმცა ხშირად გამოიყენება ლურჯი განათება, რომელიც, სხვა ფერებთან შედარებით, მაღალი სიხშირით გამოირჩევა. კვლევების მიხედვით, ლურჯი გამოსხივება აზიანებს მხედველობას, უფრო კონკრეტულად, ის უარყოფით გავლენას ახდენს ბადურაზე.
თუმცა, ლურჯი გამოსხივების უარყოფითი ზეგავლენა ადამიანის ჯანმრთელობაზე ამით არ ამოიწურება. აღმოჩნდა, რომ ხელოვნური ლურჯი სინათლე ხელს უშლის მელატონინის გამომუშავებას. მელატონინი არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ჰორმონი, რომელიც არეგულირებს ჩვენს ბიოლოგიურ საათს. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ლურჯ გამოსხივებას ყოველდღიურად მზისგანაც ვიღებთ. ის გვეხმარება ვიყოთ აქტიურები, ამცირებს ჩვენი რეაქციის დროს და ასოცირდება სიფხიზლესთან. თუმცა, მრავალი ჩვენგანი ღამითაც იღებს ლურჯ გამოსხივებას, რის გამოც ორგანიზმი "ტყუვდება" — ის ისევ ფხიზელ მდგომარეობაშია, როგორც დღის პერიოდში და ითრგუნება მელატონინის გამომუშავება. მელატონინის გამომუშავების დაქვეითება კი ასოცირებულია სხვადასხვა დაავადებასთან, მათ შორის ავთვისებიანი სიმსივნის განვითარებსთანაც კი.
როგორ ავარიდოთ თავი უარყოფით ზეგავლენებს?
მიუხედავად იმისა, რომ გარე განათების შემცირება არაერთ პრობლემასთან არის დაკავშირებული და მოითხოვს საზოგადოების კონსენსუსს, ყველას ინდივიდუალურად შეგვიძლია თავიდან ავიცილოთ ლურჯი განათების უარყოფითი ეფექტები.
ამის ყველაზე ეფექტური მეთოდი არის ეკრანთან გატარებული დროის შემცირება (განსაკუთრებით ღამის საათებში). თუმცა ასევე არსებობს არაერთი საშუალება, რომლითაც შეგვიძლია შევამციროთ ლურჯი გამოსხივების "რაოდენობა":
- თანამედროვე ლეპტოპების, კომპიუტერების, სმარტფონების და სხვ. უმრავლესობას გააჩნია ფუნქცია, რომელიც ამცირებს ლურჯ გამოსხივებას. ის სხვადასხვა მოწყობილობაზე სხვადასხვა სახელით გვხვდება როგორებიცაა: Blue light filter, Night light და ა.შ. ამ მეთოდის გამოყენებით მკვეთრად შევამცირებთ ლურჯი გამოსხივების უარყოფით ეფექტებს;
- საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობს ლურჯი განათების გამფილტრავი სათვალეები, თუმცა, მათი ეფექტურობა დამოკიდებულია ბრენდზე, მოდელზე და ა.შ.
LED განათება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ტექნოლოგიური წინსვლაა ბოლო ათწლეულების. ენერგოეფექტურობამ და სხვა დადებითმა თვისებებმა გაზარდა მოთხოვნა LED ნათურებზე, რომლებმაც უკვე ნაწილობრივ ჩაანაცვლა ტრადიციული ნათურები. თუმცა, მას გააჩნია თავისი უარყოფითი მხარეებიც და სწორედ ამიტომ აუცილებელია გამოვიჩინოთ განსაკუთრებული სიფრთხილე და ყურადღება, რომ ვისარგებლოთ ამ არაჩვეულებრივი დანადგარის საუკეთესო თვისებებით.
კომენტარები