გუნება-განწყობის აშლილობების მქონე ადამიანები ალკოჰოლზე დამოკიდებულები უფრო მარტივად ხდებიან — კვლევა
მასშტაბური კვლევის თანახმად, შფოთვითი ან გუნება-განწყობის აშლილობების მქონე ადამიანებს ალკოჰოლთან დაკავშირებული პრობლემები უფრო ხშირად ექმნებათ, ვიდრე სხვებს — მაშინაც კი, როდესაც მიღებული ალკოჰოლის რაოდენობა იგივეა. ნაშრომი გამოცემაში Alcohol: Clinical & Experimental Research გამოქვეყნდა.
"ინტერნალიზებული აშლილობები" — შფოთვითი აშლილობა ან დიდი დეპრესიული აშლილობა — და ალკოჰოლის მოხმარებასთან დაკავშირებული აშლილობა (AUD) ადამიანებს ხშირად თანადროულად აქვთ: AUD ინტერნალიზებული აშლილობის მქონე ადამიანთა 20-40%-ს აქვს, როცა მთლიანი საზოგადოების შემთხვევაში ეს მაჩვენებელი მხოლოდ 5%-ს უდრის.
ცნობილია, რომ ინტერნალიზებული მდგომარეობების მქონე ადამიანები ალკოჰოლზე (ან ნიკოტინზე) დამოკიდებულები სხვებზე მალე ხდებიან მაშინაც კი, როდესაც მოხმარების დოზა იგივეა. ეს ფენომენი "ზიანის პარადოქსის" ერთ-ერთი მაგალითია — ნივთიერების მოხმარების უარყოფითი შედეგები გარკვეულ ჯგუფში უფრო სერიოზულია, ვიდრე ამ ჯგუფის მიღმა ადამიანებში.
კვლევის ფარგლებში მეცნიერებმა ინტერნალიზებული აშლილობის მქონე ადამიანებში AUD-თან დაკავშირებული სიმპტომები იმ ხალხისას შეადარეს, რომელთაც აღნიშნული ტიპის დაავადება არ ჰქონიათ. მკვლევრებმა ალკოჰოლის მოხმარება და სხვა ფაქტორებიც გაითვალისწინეს.
ნაშრომის ავტორებმა NESARC-იდან 26 ათასი ზრდასრულის მონაცემები მოიპოვეს და დაამუშავეს. მონაწილეთა 54% ქალი იყო, რომელთა საშუალო ასაკი 43 წელს შეადგენდა. მათ, ვინც გასული წლის განმავლობაში ალკოჰოლი მიიღეს, მკვლევრებს ინფორმაცია ალკოჰოლის მოხმარებისა და მასთან ოჯახური პრობლემების შესახებაც მიაწოდეს. ცდისპირებს დააზუსტებინეს ალკოჰოლთან დაკავშირებული სიმპტომები და შფოთვასთან, განწყობასთან არსებული გამოცდილებაც.
მკვლევრებმა მონაწილეები სამ კატეგორიად დაყვეს:
- ისინი, ვისაც ინტერნალიზებული აშლილობის დიაგნოზი არასოდეს მიუღია — 18 ათასი ადამიანი;
- ვისაც ინტერნალიზებული აშლილობის დიაგნოზი წარსულში დაუსვეს, თუმცა ამის შემდეგ მდგომარეობა გაუმჯობესდა — 3 ათასი ადამიანი;
- ვისაც ეს დიაგნოზი ამჟამად ჰქონდა — 4 700 ადამიანი. .
მეცნიერებმა სტატისტიკური ანალიზი გამოიყენეს და ამ სამ ჯგუფში AUD-ის სიმპტომების ხარისხი ერთმანეთს შეადარეს. მათ "ზიანის პარადოქსთან" დაკავშირებული ფაქტორებიც გაითვალისწინეს: სმის ყაიდა (მაგ: გადამეტებული), გენდერი და ოჯახური ისტორია. ამას გარდა, ჩაატარეს თითქმის იდენტური მეორეული ანალიზიც, რომლის ფარგლებშიც მონაწილეთა სხვა ჯგუფი გამოიყენეს.
შედეგად "ზიანის პარადოქსის" ეფექტი ვიხილეთ: ინტერნალიზებული აშლილობის სტატუსმა AUD-ის სიმპტომები მოასწავა. მათ, ვისაც იმჟამად ან წარსულში გუნება-განწყობის აშლილობები ჰქონდათ, AUD-ის უფრო მეტი სიმპტომი აღენიშნებოდათ, ვიდრე ამ დაავადებათა ისტორიის არმქონე პირებს. იმ მონაწილეებში, რომელთაც ერთზე მეტი ინტერნალიზებული აშლილობის დიაგნოზი ჰქონდათ, ალკოჰოლთან დაკავშირებული "ზიანის პარადოქსიც" უფრო მასშტაბური იყო.
საგულისხმოა, რომ AUD-ის სიმპტომთა რაოდენობას რამდენიმე დამატებითი ფაქტორიც პროგნოზირებდა. შედარებით მცირე ასაკი, მამრობითი სქესი, უკეთესი განათლება და ალკოჰოლის პრობლემების მქონე ახლო ნათესავის ყოლა AUD-ის უფრო მეტი სიმპტომის ქონას უკავშირდებოდა. მეორე მხრივ, თეთრკანიანობა და წელიწადში მინიმუმ $30 ათასი შემოსავალი ნაკლებ სიმპტომს მოასწავებდა. როგორც მოსალოდნელი იყო, იმჟამად ალკოჰოლის მოხმარება და გადამეტებული სმა სიმპტომების რაოდენობასთან ასევე მჭიდრო კავშირში იყო.
ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ ეს მიგნებები მონაცემთა მეორე ნაკრების ანალიზითაც გამეორდა.
კვლევა აჩვენებს, რომ ინტერნალიზებული აშლილობები ალკოჰოლთან დაკავშირებული "ზიანის პარადოქსის" ინდიკატორი შეიძლება იყოს. სმის მასშტაბისა და სხვა ფაქტორების მიუხედავადაც კი, დიაგნოზმა AUD-ის სიმპტომები მაინც მოასწავა. შესაბამისად, შესაძლოა, სწორედ ეს იყოს საფუძველი იმისათვის, რომ შფოთვითი და გუნება-განწყობის აშლილობების მქონე ადამიანებისთვის სმასთან დაკავშირებული რეკომენდაციები შეიცვალოს.
საგულისხმოა, რომ კვლევაში გამოყენებული მონაცემებით ნეირობიოლოგიური პროცესების როლი ვერ შეფასდა. მიუხედავად ამისა, AUD-ის ან ინტერნალიზებული აშლილობის ქონა სამომავლოდ მეორის განვითარების რისკს მნიშვნელოვნად ზრდის. ამრიგად, შესაძლოა, არსებობდეს ერთი ნეირობიოლოგიური მექანიზმი, რომელიც ორივე მდგომარეობის რისკს ზრდის.
კომენტარები