თიბისიმ უფროსკლასელებისთვის ტექნოლოგიური განათლების პროგრამა დაიწყო — რა უნდა იცოდე
დაფიქრებულხარ იმაზე, როგორ შეცვალეს ტექნოლოგიებმა შენი ცხოვრება? ნოუთბუქები, პლანშეტები, სმარტფონები და სხვა ჭკვიანი მოწყობილობები — ეს ყველაფერი ჩვენი ყოველდღიურობის განუყოფელ ნაწილად იქცა. ამიტომ, გასაკვირი არცაა, რომ მათ მრავალგვარი დანიშნულება მოვუძებნეთ: სწავლისთვის, მუშაობისთვის, გასართობად.
მოდი, ამჯერად, ყურადღება სწავლაზე შევაჩეროთ, რადგან მუშაობისა და გართობისგან განსხვავებით, ხშირად ბოლომდე ვერც ვიაზრებთ, რამხელა შესაძლებლობებს გვაძლევს 21-ე საუკუნე.
აი, სწორედ ახლახან თიბისიმ უფროსკლასელებისთვის (მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეებისთვის) ტექნოლოგიური განათლების პროგრამა წამოიწყო. პროგრამა რამდენიმე სასწავლო კურსს მოიცავს, რომელთა დახმარებითაც სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა მიმართულების საფუძვლებში გაერკვევიან და პროფესიული კუთხით ორიენტირებასაც უკეთ შეძლებენ.
მაშ ასე, სანამ უშუალოდ კურსებს გავიცნობდეთ, ერთი-ორი სიტყვით მეტი გავიგოთ ამ ახალი პროგრამისა და მისი მნიშვნელობის შესახებ.
თანამედროვე განათლება თანამედროვე თაობისთვის
ტექ-ინდუსტრია რომ მზარდია, ამაზე შეჩერება არც ღირს — დაგუგლვაც კი კმარა იმის გასაგებად, როგორ იზრდება მსოფლიოში მოთხოვნა ტექნოლოგიურ პროფესიებზე. ამას რომ თავი დავანებოთ, საბაზისო ტექნოლოგიური ცოდნა დღეს თითქმის ყველა სფეროშია საჭირო. ეს ტენდენცია კი განსაზღვრავს მოთხოვნას ტექნოლოგიურ განათლებაზე, რომელიც, სამწუხაროდ, ბევრისთვის ხელმიუწვდომელია. თუმცა, არა — თიბისის პროგრამით დაინტერესებული ახალგაზრდებისთვის. უმთავრესად იმიტომ, რომ პროგრამით შემოთავაზებული ყველა კურსი სრულიად უფასოა. დაგჭირდება მხოლოდ მოწყობილობა, რომელიც ინტერნეტს უკავშირდება და სურვილი, მიუახლოვდე საკუთარ მიზნებს. ჰო, სწორად მიხვდი — სწავლას ნებისმიერი ადგილიდან შეძლებ.
რადგან სწავლის ფორმატზე ჩამოვარდა სიტყვა, იმასაც გეტყვი, რომ კურსები მრავალფეროვან საგანმანათლებლო აქტივობებს მოიცავს: ონლაინსწავლება, ვორქშოფები, კონკურსები, ჰაკათონები და სხვა.
ასე რომ, თუკი მე-10 ან მე-11 კლასის მოსწავლე ხარ, ეს ხელიდან გასაშვები შესაძლებლობა არაა.
რას და როგორ ისწავლი
საწყის ეტაპზე, თიბისის ტექნოლოგიური განათლების პროგრამა ოთხ კურსს მოიცავს, თუმცა მათი რაოდენობა და მიმართულებები სამომავლოდ გაიზრდება და კიდევ უფრო გამრავალფეროვნდება.
ტექნოლოგიების საფუძვლები
ეს არის პროგრამის ყველაზე მოკლე, ერთთვიანი კურსი, რომელიც ჯამში 7 შეხვედრას მოიცავს. მისი მეშვეობით ტექნოლოგიური სფეროს ანაბანას გაეცნობი, შეიძენ საბაზისო ცოდნასა და უნარებს. ამასთან, კურსი მოგცემს ბიძგს და შესაძლებლობას, უკეთ გაერკვე შენს მიზნებსა და მისწრაფებებში.
უფრო კონკრეტულად კი, კურსის მეშვეობით, გაიგებ, როგორ იქმნება მოლაპარაკე პროგრამები (ჩატბოტები), კომპიუტერული თამაშები, ვებგვერდები და სხვა. ამ ყველაფერთან ერთად, მიიღებ მნიშვნელოვან ინფორმაციას ციფრულ სამყაროზე, რათა ინტერნეტის შესაძლებლობებით მაქსიმალურად ისარგებლო, ხოლო რისკები — თავიდან აიცილო.
კურსზე რეგისტრაცია და დამატებითი ინფორმაცია.
ვებგვერდის აწყობა
წინა კურსისგან განსხვავებით, ამ შემთხვევაში უფრო ვიწრო და სიღრმისეულ ცოდნას მიიღებ ისეთ საკითხზე, როგორიც ვებგვერდის შექმნაა. 3-თვიანი კურსის საშუალებით, ისწავლი სტატიკური და დინამიკური ვებგვერდის აწყობას, HTML-ის ტეგების, CSS ვებგვერდის სტილების და ანიმაციების შექმნა-გამოყენებას. ასევე Github-ით სარგებლობას.
ასე რომ, თუკი შენი სამომავლო მიზნები ვებდეველოპერობას უკავშირდება, სწორედაც რომ საჭირო კურსია. მით უმეტეს, რომ მას თიბისი აკადემიის კურსდამთავრებული და მოქმედი Front-End დეველოპერი, გეგა ლოთიშვილი, გაუძღვება. სწავლებასთან ერთად, გეგა საერთაშორისო პროექტებზე მუშაობითაცაა დაკავებული. სფეროში მომუშავე პროფესიონალთან კომუნიკაციით კი უფრო მეტი რამის სწავლაც შეიძლება.
კურსზე რეგისტრაცია და დამატებითი ინფორმაცია.
მოლაპარაკე პროგრამების (ჩატბოტების) შექმნა
თუკი ჩატბოტთან მიმოწერა ერთხელ მაინც გქონია, უთუოდ დაგაინტერესებდა, როგორ ხდება ეს ყველაფერი. ჰოდა, სწორედ ახლა გაქვს შანსი, მოლაპარაკე პროგრამების შექმნის მექანიზმი სიღრმისეულად გაიცნო და მეტიც, თავად ააწყო ჩატბოტი.
ეს ასევე 3-თვიანი კურსია და, მისი გავლის შედეგად, მხოლოდ ჩატბოტის აწყობას კი არა, პერსონაჟის შექმნას, მონაცემების შენახვასა და დამუშავებასაც ისწავლი. ამასთან, ქოფირაითინგის საფუძვლებშიც გაერკვევი.
აი, ამ ყველაფერში მეგზურობას კი კურსის ხელმძღვანელი, მარიამ გოჩიაშვილი, გაგიწევს. იგი ნარატივდიზაინერი, ქოფირაითერი და ჟურნალისტია. სხვადასხვა კომპანიასთან თანამშრომლობის პარალელურად, იგი 2020 წლიდან სწავლებითაცაა დაკავებული და არის საქართველოში გამართული ჩატბოტების ყველა ჰაკათონის მენტორი.
კურსზე რეგისტრაცია და დამატებითი ინფორმაცია.
კომპიუტერული თამაშების შექმნა
ჩატბოტთან ჩატაობამდე აუცილებლად გექნებოდა შეხება კომპიუტერულ თამაშთან, რომელიც ბევრი ადამიანისთვის თავშექცევის შესანიშნავი საშუალებაა. არანაკლებ თავშესაქცევი ყოფილა მისი შექმნაც. ყოველ შემთხვევაში, ამ 3-თვიანი კურსის გავლისას ნამდვილად იხალისებ.
ასე შეისწავლი პროგრამირების საფუძვლებს, პროგრამირების ენას lua, თამაშების შესაქმნელ პროგრამულ გარემოს love2D და კიდევ ბევრ რამეს. რასაკვირველია, კურსის დასასრულს თავადაც შექმნი თამაშს და, სერტიფიკატთან ერთად, საამაყოდ ეს ამბიციური ამბავიც გექნება.
რაც შეეხება კურსის ხელმძღვანელს — იგი თამთა ასათიანია, რომელიც 15 წლიდან თამაშების პროგრამირებითაა დაკავებული. აქამდე თამთას განათლების სამინისტროს არაერთ პროექტზე უმუშავია, დღეს კი სწავლებასაც აქტიურად ეწევა.
კურსზე რეგისტრაცია და დამატებითი ინფორმაცია.
თიბისი და ტექნოლოგიები
თიბისის ტექნოლოგიური განათლების პროგრამა, რომელიც სანდრო ასათიანთან ერთად შეიქმნა, ჯეოლაბის, უნილაბის, ექსპლორიუმის, USAID-ისა და PH International-ის პარტნიორობით ხორციელდება. როგორც ვთქვით, აღნიშნულ პროგრამებში სკოლის მოსწავლეებს სრულიად უფასოდ შეუძლიათ მონაწილეობა.
თიბისი უკვე წლებია, ტექნოლოგიურ კორპორაციად ტრანსფორმირდა. კომპანიაში ტექმიმართულების განვითარებასთან ერთად, ის აქტიურად ცდილობს, პოპულარიზება გაუწიოს და დანერგოს უახლესი მიღწევები ქვეყანაში. ამასთან, თიბისიმ ტექნოლოგიური განვითარების ხელშეწყობა ჯერ კიდევ 2019 წელს დაისახა მიზნად, როცა IT აკადემია დააფუძნა და ყველა მსურველს მისცა შესაძლებლობა, თანამედროვე და მოთხოვნად პროფესიებს დაუფლებოდა.
"ახალი თაობის მხარდაჭერა და განათლების ხელშეწყობა წელს თიბისის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მთავარ მიმართულებად ვაქციეთ", — ამბობს ალექსანდრე მაყაშვილი, თიბისის სტრატეგიული პროექტების ლიდერი, — "ვინაიდან, თანამედროვე ტექნოლოგიების სათანადო ცოდნა არის გზა ახალი შესაძლებლობების სამყაროსკენ, ჩვენ, თიბისის ტექნოლოგიური განათლების პროგრამით, გვინდა, გავუმარტივოთ ახალ თაობას გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღება და ათასობით ახალგაზრდას მივცეთ წვდომა ხარისხიან განათლებაზე".
თიბისის ტექნოლოგიური განათლების პროგრამაზე რეგისტრაცია 2 მაისიდან 12 მაისის ჩათვლით მიმდინარეობს. დეტალური ინფორმაციის მიღებასა და სასურველ კურსზე რეგისტრაციას ვებგვერდზე შეძლებ: www.tbceducation.ge
კომენტარები