ასტრონომებმა შავი ხვრელის მძლავრი ნაკადის პირველი პირდაპირი გამოსახულება მოიპოვეს
ისტორიაში პირველად, ასტრონომებმა შავი ხვრელისთვის დამახასიათებელი უმძლავრესი ნაკადის პირდაპირი გამოსახულება მოიპოვეს. ახალი სურათი გალაქტიკა M87-ს გვიჩვენებს, რომლის ცენტრალური შავი ხვრელიც ასევე პირველი მსგავსი ობიექტი იყო, რომელიც გადავიღეთ.
ფოტო თითქმის სინათლის სიჩქარით მოძრავ ნაკადს გვიჩვენებს, რომელიც შავი ხვრელის გარშემო არსებულ მატერიას, იგივე აკრეციულ დისკოს უკავშირდება. შავი ხვრელი და მისი ნაკადები M87-ის სხვა გამოსახულებებზეცაა აღბეჭდილი, თუმცა ორივე ერთად — არა.
"ახალი ფოტო მთლიან სურათს ავსებს იმით, რომ შავი ხვრელის გარშემო რეგიონსა და ნაკადს ერთდროულად გვიჩვენებს", — აცხადებენ ავტორები.
ამისთვის სპეციალისტებმა ჩვენგან 55 მილიონი სინათლის წლის მოშორებით მდებარე ზემასიური შავი ხვრელის შესახებ 2018 წელს რამდენიმე ტელესკოპის მიერ შეგროვებული მონაცემები გამოიყენეს. მსგავსი ობიექტები დიდი ოდენობით აირსა და მტვერს შთანთქავს, შედეგად კი ენერგიულ რადიაციას გამოყოფს, რომელიც ძალიან სწრაფად გადაადგილდება და ათასობით სინათლის მანძილზეა გადაჭიმული, ზოგჯერ გალაქტიკის საზღვრებს მიღმაც. აღნიშნული პროცესი ბოლომდე შესწავლილი ჯერ კიდევ არაა.
"ვიცით, რომ ეს ნაკადები შავი ხვრელების ირგვლივ არსებული არეალიდან მომდინარეობს, მაგრამ ჯერ ბოლომდე არ გვესმის, ეს როგორ ხდება. ამის პირდაპირ გამოსაკვლევად გვჭირდება, რომ დავაკვირდეთ ნაკადის საწყისებს შავ ხვრელთან შეძლებისდაგვარად ახლოს", — ამბობენ მეცნიერები.
როდესაც შავი ხვრელის გარშემო სწრაფად მოძრავი მატერია ცხელდება, ის კაშკაშებს, რაც ნათელ რგოლს ქმნის, რომელიც მოვლენათა ჰორიზონტის ტელესკოპის მიერ დაფიქსირებულ სურათებზეა ნაჩვენები (საუბარია როგორც M87*-ზე, ასევე ირმის ნახტომის გალაქტიკის ცენტრალურ ზემასიურ შავ ხვრელ მშვილდოსან A*-ზე). ამ რგოლის შუაში სრული სიბნელეა, რასაც შავი ხვრელის ჩრდილს უწოდებენ. მას ახალ სურათზე სინათლის უფრო გრძელ ტალღებში ვხედავთ, ვიდრე ადრე, რაც ნაკადს უკეთ გამოკვეთს.
ასევე, რგოლის ზომა აქ 50 პროცენტით აღემატება წინა გამოსახულებას, რაც ცხადყოფს, რამდენად აქტიურად შთანთქავს მატერიას ზემოხსენებული შავი ხვრელი. ეს ტელესკოპთა ქსელის მეშვეობით გავიგეთ, რომელიც მომავალში ნაკადების გამოყოფის შესახებ მეტ ინფორმაციას მოგვაწვდის.
ახალი ნაშრომი გამოცემაში Nature გამოქვეყნდა.
კომენტარები