ასტრონომებმა შორეული კოსმოსიდან მომავალი 25 სწრაფი განმეორებადი რადიოსიგნალი დააფიქსირეს
ჩვენ მიერ დაფიქსირებული სწრაფი განმეორებადი რადიოსიგნალების რაოდენობა გაორმაგდა. ასტრონომებმა შორეული გალაქტიკებიდან მომავალი მძლავრი რადიაციის ახალი 25 ნაკადი დააფიქსირეს. ისინი იმდენად კაშკაშაა, რომ მთლიანი გალაქტიკების სინათლესაც კი ფარავს, მაგრამ მათი წარმოშობის საკითხი დღემდე გაურკვეველია.
ახალი აღმოჩენით ჩვენთვის ცნობილი სწრაფი განმეორებადი რადიოსიგნალების რიცხვი 50-მდე გაიზარდა, რაც იმის შანსს ზრდის, რომ მათი ფორმირების შესახებ მეტი შევიტყოთ. ასეთი ნაკადების დიდი ნაწილი მეცნიერებმა გასულ დეკადაში დააფიქსირეს, თუმცა მათი უმეტესობა ერთჯერადი მოვლენა იყო. ამან სპეციალისტები დააფიქრა, რამდენად შეიძლება აღნიშნულ ორი ტიპის რადიაციას ერთი და იგივე წყარო ჰქონდეს. ეჭვს ისიც ამტკიცებს, რომ ეს ორი ჯგუფი ერთმანეთისგან სიხშირის დიაპაზონითა და ხანგრძლივობითაც განსხვავდება.
მკვლევრებმა ახალი სტატისტიკური მეთოდის მეშვეობით მონაცემები გააანალიზეს და განმეორებადი სიგნალები შეისწავლეს. მათ გამოთვალეს, რამდენად შესაძლებელი იყო, რომ ერთი რეგიონიდან 2 ან მეტი სიგნალის მიღება უბრალო დამთხვევა არ ყოფილიყო. ავტორები CHIME-ის სახელით ცნობილი ტელესკოპის მნიშვნელობასაც ხაზს უსვამენ, რომელიც ჩრდილოეთის ცას ყოველდღე აკვირდება და სწრაფი რადიოსიგნალების დაფიქსირებაში დიდი წვლილი მიუძღვის.
ასტრონომები ამბობენ, რომ კვირის განმავლობაში, ტელესკოპის დაკვირვების პერიოდში, ამ ნაკადების უმრავლესობა დაახლოებით ერთხელ მეორდება, ანუ ისინი აქტიური არაა. მიზეზი შესაძლოა, ის იყოს, რომ მათ საკმარისად ხანგრძლივად არ ვადევნებთ თვალს. ფაქტი, რომ ერთი არეალიდან მომავალ რამდენიმე სიგნალს ვიღებთ, ძალიან კარგია, რადგან საშუალება გვეძლევა, მათი ბუნება უკეთ შევისწავლოთ და პოტენციურ წყაროს სხვა ობსერვატორიებიდანაც დავაკვირდეთ.
ავტორების განცხადებით, მათ რამდენიმე გალაქტიკა უკვე გამოავლინეს, რომლებიდანაც შესაძლოა, 2 მსგავსი სიგნალი მოდიოდეს. ისინი ფიქრობენ, რომ ამგვარი რადიაცია, სავარაუდოდ, ვარსკვლავთა აფეთქებას და მათ ასეთ სიკვდილს უკავშირდება.
ახალი ნაშრომი გამოცემაში The Astrophysical Journal გამოქვეყნდა.
კომენტარები