ნახეთ: კოსმოსურმა ზონდმა მარსის თანამგზავრი დეიმოსი რეკორდული სიახლოვიდან გადაიღო
არაბთა გაერთიანებული საამიროების მიერ მარსის შესასწავლად გაშვებულმა კოსმოსურმა ზონდმა Hope წითელი პლანეტის ბუნებრივი თანამგზავრი დეიმოსი უპრეცედენტოდ ახლო მანძილიდან გადაიღო. ამ დროს აპარატს მისგან მხოლოდ 100 კილომეტრი აშორებდა, სურათი კი 24 აპრილს გასაჯაროვდა.
"ეს ფოტომასალა და დაკვირვებები დეიმოსის, მისი ატმოსფეროს, შემადგენლობისა და წარმომავლობის შესახებ მეტის შესატყობად წინ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია. ასევე, იმის დასადგენად, თუ რას ნიშნავს ეს მარსის ჩვენეული გაგებისთვის", — აცხადებენ არაბთა გაერთიანებული საამიროების კოსმოსურ სააგენტოში.
მაგალითად, Hope-ის მიერ შეგროვებულმა მონაცემებმა დეიმოსის შემადგენლობა უკეთ დაგვანახა და ცხადყო, რომ ის შესაძლოა, თავად მარსისგან იყოს წარმოქმნილი და არა უბრალოდ პლანეტის გრავიტაციით მიზიდული უცხო ასტეროიდი. ეს ამ თანამგზავრის ფორმირების საიდუმლოს ამოხსნასთან გვაახლოებს.
1877 წელს მისი და მეორე ობიექტის, ფობოსის აღმოჩენიდან დღემდე, მრავალი კითხვა დაგროვდა. NASA-ს მისია Mariner 9-დან მოყოლებული, დეიმოსი მრავალმა ხომალდმა გადაიღო, თუმცა შედარებით დიდი დისტანციიდან. 100 კილომეტრზე მეტი მანძილიდან მისი შემადგენლობის გამოკვლევა ძნელია, სწორედ ამიტომაა Hope-ის მონაცემები მნიშვნელოვანი.
ადრინდელმა კვლევებმა აჩვენა, რომ მარსის ამ თანამგზავრების შემადგენლობა ასტეროიდებისას ან ჯუჯა პლანეტებისას ჰგავს და ნახშირბადით მდიდარი ქონდრიტების მსგავსია. ეს უკანასკნელი პლანეტების ფორმირებიდან მორჩენილი სხეულებია. საინტერესოა ფობოსისა და დეიმოსის უჩვეულო ფორმა და მცირე ზომაც, რაც მიუთითებს, რომ ისინი პლანეტამ მიახლოებისას მიიზიდა. ამის მიუხედავად, დეიმოსის ორბიტა ეჭვებს აჩენს.
ემირატების მისიამ ინფრაწითელი სპექტრული ანალიზით გაარკვია, რომ ფობოსი და დეიმოსი უფრო ბაზალტურ მარსს უკავშირდება, ვიდრე D ტიპის ასტეროიდს, რომლის მსგავსი მეტეორიტიც დედამიწაზე მოგვეპოვება და ხშირად ამ ობიექტების ანალოგად განიხილება.
აღსანიშნავია, რომ Hope დეიმოსის მახლობლად იანვრის მიწურულიდან გადაადგილდება, მაღალი გარჩევადობის სურათების გადაღება კი მან მარტიდან დაიწყო. ის დეიმოსს 2023 წლის განმავლობაში პერიოდულად ეწვევა ხოლმე.
კომენტარები