მეცნიერებმა კაცებისთვის ორგაზმის მისაღწევი მათემატიკური "ფორმულა" შექმნეს
სასექსის უნივერსიტეტში მომუშავე სპეციალისტებმა უპრეცედენტო მათემატიკური მოდელი შექმნეს, რომელიც კაცებისთვის ორგაზმის მიღწევის ერთგვარი ინსტრუქციაა. მათ დეკადების განმავლობაში შეგროვებულ მონაცემებს მოუყარეს თავი და აღგზნების ფიზიოლოგიური თუ ფსიქოლოგიური ფაქტორები შეისწავლეს, რათა ორგაზმისთვის იდეალური პირობები გამოევლინათ.
მათ 4 ფაზაზე გაამახვილეს ყურადღება, რომელიც კაცებში გვხვდება: აღგზნება, პლატო, ორგაზმი და რეფრაქტორული პერიოდი. ავტორებმა ისინი 2 მათემატიკური განტოლების სახით წარმოადგინეს, რომლებიდანაც ერთი ფიზიოლოგიურ ასპექტებს შეესაბამება, მეორე კი — ფსიქოლოგიურს. ამისთვის სხვადასხვა კვლევის შედეგები გააანალიზეს, მაგალითად, ფუნქციურ მაგნიტურ-რეზონანსულ აპარატში სქესობრივი აქტისას განხორციელებული, 10 წლის წინანდელი დაკვირვებები.
"წარსულში მეცნიერები უშედეგოდ ცდილობდნენ, ორგაზმამდე მისასვლელი ფიზიოლოგიური მოდელი შეემუშავებინათ. ადრინდელ მონაცემებსა და ჩვენსავე კვლევებზე დაყრდნობით, რომლებიც ეპიდემიოლოგიისა და იმუნოლოგიის ბიოლოგიური ფენომენების მოდელირებას გულისხმობდა, სქესობრივი აქტის პირველი წარმატებული მოდელი შევქმენით.
მთავარი მიგნება ისაა, რომ სექსის ადრეულ ეტაპზე ზედმეტი ფსიქოლოგიური აღგზნება ორგაზმის მიღწევის შანსს ამცირებს. უფრო მარტივად, შედეგებს შევაჯამებთ სიტყვებით: ბევრი არ იფიქროთ", — აცხადებენ ავტორები.
ისინი კაცების სქესობრივ რეაქციებზე კონცენტრირდნენ, რადგან მათი აღგზნების ციკლი უფრო მარტივია, ვიდრე ქალების, ამის მიუხედავად, სასექსის უნივერსიტეტის სპეციალისტები ახლა უკვე ქალების ორგაზმის მოდელირებაზე მუშაობენ.
"ჩვენი მიგნება ნათელს ჰფენს სოციალურად ტაბუირებულ საკითხს, რომელიც შესაძლოა, სექსუალური დისფუნქციის კლინიკური მკურნალობისთვის გამოვიყენოთ და საზოგადოებას სქესობრივი ცხოვრების გასაუმჯობესებლად გამოცდილი ფორმულა შევთავაზოთ", — ამბობენ მკვლევრები.
ახალი ნაშრომი გამოცემაში Chaos: An Interdisciplinary Journal of Nonlinear Science გამოქვეყნდა.
კომენტარები