ახალი ტექნოლოგია პლასტმასას საკვებად გარდაქმნის — როგორ მუშაობს ის
სტარტაპ Beehex-ის მკვლევრები ტექნოლოგიაზე მუშაობენ, რომელიც პლასტმასის ნარჩენებს საკვებად ვარგის ბიომასად გარდაქმნის. ამისათვის ისინი ლაბორატორიაში გამოყვანილ პლასტმასის მჭამელ ბაქტერიებს იყენებენ.
ასევე იხილეთ: ევოლუციის შედეგად მიკრობები პლასტმასის ჭამას იწყებენ — ბუნება ანთროპოგენური დაბინძურების წინააღმდეგ
"სატვირთო კონტეინერს დაინახავთ, თუმცა იგი სრულებით გარდავქმენით", — განმარტავს ანჯან კონტრაქტორი, სტარტაპის დამფუძნებელი — "ცალ მხარეს პლასტმასის ნარჩენები გროვდება, რომლებიც შემდგომში დანაწევრდება. მერე თანდათანობით ბიორეაქტორში გადაინაცვლებს, რომელშიც სპეციალურად შექმნილი ბაქტერიები არიან. შესაბამისად, თუ პლასტმასისგან სტეიკის მომზადებას მოინდომებთ, მთლიანი მექანიზმი ამ კონტეინერის ცალ მხარეს პლასტმასისგან სტეიკს მოამზადებს".
იდეა, ასე თუ ისე, არარეალურად შეიძლება ჟღერდეს, თუმცა ამგვარ მოწყობილობას არაერთი პრაქტიკული დანიშნულება მოეძებნება. მაგალითისთვის, შესაძლოა, ერთ დღეს იგი შორეულ კოსმოსურ მისიებში მყოფმა ასტრონავტებმა გამოიყენონ და პლასტმასისგან ნუტრიენტებით მდიდარი საკვები დაბეჭდონ — დედამიწის მიღმა საკვების მოყვანა მარტივი საქმე როდია.
Beehex-ის თანამშრომლებიც ფიქრობენ, რომ მათი გამოგონება სამომავლოდ შეიძლება ერთ-ერთ ისეთ პრაქტიკად ინტეგრირდეს, რომელსაც შორეულ კოსმოსში საკვების მოსაყვანად გამოიყენებენ.
"თუ ასტრონავტებს ჭარხალი მოჰყავთ, მთლიანი მცენარე არაა საკვებად ვარგისი. საკვებად ვარგისია ფესვები, მაგრამ სხვა ნაწილები, ფოთლები, ღეროები და ფესვების ნაწილი, ისინი გადაიყრება", — ხსნის კონტრაქტორი — "ამ გადაყრილ ნაწილებს ვაგროვებთ".
შემდგომში ამ ნარჩენებს შეაგროვებენ, გამოაშრობენ და დაფქვავენ. ფხვნილის სახით მიღებულ ბიომასას შემდგომში დაცულად შეინახავენ, როგორც "სამრეწველო ნედლეულს" 3D ტექნიკით დაბეჭდილი საკვებისთვის.
სტარტაპის დამფუძნებლის განცხადებით, მათ მიერ შექმნილი 3D პრინტერით ასტრონავტები იდეალურად შეძლებენ აწარმოონ "არაერთი სახის საკვები, მათ შორის: ხორცის ალტერნატივა, ბოსტნეული, ხილი, პური, ჩიფსები, დესერტები".
ჯერჯერობით უცნობია, საბოლოოდ უსაფრთხო იქნება თუ არა ასეთი საკვების მიღება. მკვლევართა განმარტებით, თავად ბაქტერიას საერთო არაფერი აქვს ადამიანისთვის საზიანო მიკრობებთან. ამასთანავე, პროექტი ჯერჯერობით განვითარების საწყის ეტაპზეა, ამიტომ პლასტმასისგან დაბეჭდილ საკვებს ახლო მომავალში ვერ ვიხილავთ.
კომენტარები