ყოველ 6 ადამიანში 1 უნაყოფოა — WHO-ს კვლევის საგანგაშო შედეგები
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ (WHO) ახალი ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც გლობალურად ზრდასრული პოპულაციის 17.5 პროცენტი უნაყოფოა. ეს ნიშნავს, რომ მსგავსი პრობლემა ყოველ 6 ადამიანში 1-ს აქვს.
ასევე, აღსანიშნავია, რომ მსოფლიოს მასშტაბით სხვადასხვა რეგიონში არაფერტილურობის მაჩვენებლების მხოლოდ მცირედი სხვაობა გამოვლინდა. "ის ადამიანებს არ განარჩევს" — ამბობს WHO-ს ხელმძღვანელი.
"ამ დაავადების მქონე მრავალრიცხოვანი პოპულაცია გვიჩვენებს, რამდენად საჭიროა სათანადო მკურნალობაზე ფართო ხელმისაწვდომობა და იმის გააზრება, რომ ეს პრობლემა ჯანდაცვის სფეროში კვლევებისა და მეთოდოლოგიური პოლიტიკის მეორეხარისხოვანი საზრუნავი არაა. აუცილებელია, შევიმუშაოთ უსაფრთხო, ეფექტიანი და ბიუჯეტური გზები, რათა მშობლობა ყველას შეეძლოს, ვისაც ეს სურს", — აცხადებს ტედროს გებრეისუსი
უნაყოფობა ნიშნავს, როცა 12 ან მეტი თვის განმავლობაში რეგულარული დაუცველი სქესობრივი კავშირის შედეგად განაყოფიერება ვერ ხერხდება. ეს ადამიანთა მენტალურ და ფიზიკურ კეთილდღეობაზე ცუდად აისახება და მთელ რიგ ფინანსურ სირთულეებთანაა დაკავშირებული. ამ საკითხზე მეტის გასაგებად WHO-მ 1990-დან 2021 წლამდე პერიოდის 12 241 კვლევა გააანალიზა. სპეციალისტები, მონაცემების რელევანტურ შედეგებზე დაყრდნობით, მუდმივი და პერიოდული არაფერტილურობის გავრცელებულობის შესახებ ვარაუდებზე შეჯერდნენ.
მიუხედავად დაავადების სიხშირისა, მისი დიაგნოსტირება და მკურნალობა საშუალო და დაბალი ფენის წარმომადგენლებისთვის ხელმისაწვდომი არაა. ყველაზე გაჭირვებულ ქვეყნებში მცხოვრები მოსახლეობა შემოსავლის დიდ ნაწილს სწორედ უნაყოფობის პრობლემის მოსაგვარებლად ხარჯავს, ფასები კი იზრდება, რაც მათ გაღატაკებას ან მკურნალობაზე უარის თქმას იწვევს.
"უკეთესი მიდგომა და საჯარო დაფინანსება მკურნალობაზე ხელმისაწვდომობას მნიშვნელოვნად გაზრდის. ასევე, ეს გაჭირვებულ ოჯახებს გაღატაკებისგან იხსნის", — აცხადებენ WHO-ში.
აღსანიშნავია, რომ ზოგიერთ ქვეყანასა და რეგიონზე საკმარისი მონაცემები არ მოგვეპოვება, რაც გამოკვეთს საჭიროებას, რომ სახელმწიფოებში ამასთან დაკავშირებით მეტი ინფორმაცია შეგროვდეს.
კომენტარები