ტერფის ორგაზმის სინდრომი — უჩვეულო სამედიცინო ფენომენი და მისი გამომწვევი მიზეზი
მედიცინის ისტორიაში მრავალი უჩვეულო ფენომენია დაფიქსირებული, რომელთა შორისაც ტერფის ორგაზმის სინდრომია. მისი სახელწოდებიდან გამომდინარე, ძნელი მისახვედრი არაა, რას ნიშნავს ის — ესაა ორგაზმის შეგრძნება ტერფში, რაც ძალიან იშვიათია.
მსგავსი პრეცედენტი 2013 წლის კვლევაშია აღწერილი. ნაშრომში მოთხრობილია ნიდერლანდებში მცხოვრებ 55 წლის ქალზე, რომელმაც სამედიცინო დაწესებულებას უცნაური პრობლემით მიმართა: მას მარცხენა ტერფის მიმდებარედ ორგაზმული შეგრძნებები ჰქონდა. ეს 2008 წლიდან დაიწყო, იმის შემდეგ, რაც პაციენტს ნაღვლის ბუშტის ოპერაცია ჩაუტარდა.
ექიმებმა ქალს ნერვული დაზიანების, დისესთეზიის, სიმპტომების მოსახსნელად ანტიდეპრესანტის ყოველდღიური დოზა დაუნიშნეს, რომლის მიღებიდან რამდენიმე დღეშიც თავი ზემოხსენებულმა მდგომარეობამ იჩინა.
"ეს შეგრძნებები საკმაოდ ძლიერი იყო და მისი მარცხენა ტერფიდან, წვივის უკანა კუნთის გავლით, ვაგინასა და თავს გადაეცემოდა, თუმცა ამ უკანასკნელს ნაკლები ინტენსივობით. მსგავსი არასასურველი შეგრძნებები ნამდვილი ორგაზმის მაგვარად განიცდებოდა, ხანმოკლე იყო (დაახლოებით 5-6-წამიანი) და სექსუალურ ლტოლვას ან ფიქრებს არ უკავშირდებოდა. ამას ხშირად თან სდევდა ვაგინალური გამონადენი და შარდის შეუკავებლობა", — წერენ კვლევის ავტორები.
ეს შესაძლოა, დღეში დაახლოებით 5-ჯერ ან 6-ჯერ მომხდარიყო და ქალის სქესობრივ ცხოვრებაზე უარყოფით გავლენას არ ახდენდა, თუმცა დისკომფორტს ნამდვილად ქმნიდა, რადგან მოულოდნელი ხასიათის იყო. საინტერესოა, რომ ვულვის მარცხენა მხარეს კანის სტიმულაცია ტერფში ორგაზმის მსგავს შეგრძნებებს აჩენდა და პირიქითაც იგივე ხდებოდა.
სპეციალისტებმა პაციენტის ტერფი და კოჭი გამოიკვლიეს, მაგრამ უჩვეულო ვერაფერი შენიშნეს. მიზეზს ვერც სხვა ანალიზებსა და ტესტებში მიაგნეს, ამიტომ გაჩნდა ჰიპოთეზა, რომ შესაძლოა, ყველაფერი ნერვული სისტემიდან მომდინარეობდეს. კერძოდ, მათ ივარაუდეს, რომ ნერვის დაზიანებამ ტვინის მიერ შეგრძნებითი ინფორმაციის არასწორად აღქმა გამოიწვია, ამიტომ მარცხენა ტერფზე შეხებას გენიტალიებზე შეხებასთან აიგივებდა.
ტერფის ორგაზმის სინდრომის ყველაზე მიღებული მიზეზი სწორედ ეს გახლავთ. ასევე, ზოგიერთი მეცნიერის აზრით, ტერფების ფეტიში იმის გამო ვითარდება, რომ სხეულის ამ ნაწილისა და გენიტალიების სტიმულაციის თანმდევი სიგნალები ტვინში ერთმანეთთან ახლომდებარე რეგიონებს გადაეცემა.
კომენტარები