ვების ტელესკოპმა ეგზოპლანეტის ატმოსფეროში ღრუბლები დააფიქსირა
ჯეიმს ვების კოსმოსურმა ტელესკოპმა კიდევ ერთი გასაოცარი აღმოჩენა გააკეთა. ის გიგანტური ეგზოპლანეტის ატმოსფეროს დააკვირდა და იქ ტურბულენტური ღრუბლები დააფიქსირა, რომლებიც დედამიწაზე არსებული ქვიშის მსგავსი სილიკატებისგან შედგება.
ეს ციური სხეული VHS 1256 b-ის სახელითაა ცნობილი და ის განლაგებულია სისტემაში, სადაც არა ერთი, არამედ ორი ვარსკვლავია. ამ ობიექტის შესწავლა მსოფლიოში უმძლავრესმა ობსერვატორიამ დეტალური სპექტრული მონაცემების მოპოვების გზით შეძლო, რაც მას აქამდეც გაუკეთებია, თუმცა თავად პლანეტის სინათლეს პირველად დაეყრდნო.
VHS 1256b ჩვენგან დაახლოებით 40 სინათლის წლის მოშორებით მდებარეობს და დედამიწისგან ძალიან განსხვავდება. ის იუპიტერზე 19-ჯერ მასიურია და მნათობების გარშემო მოძრაობას თითქმის 10 000 წელს ანდომებს. ასევე, მათგან 4-ჯერ მეტ დისტანციაზეა, ვიდრე პლუტონი მზისგან. ამის გამო მისი გამოკვლევა მარტივია, რადგან ვარსკვლავთა სინათლით არ იფარება.
ვების მონაცემებმა აჩვენა, რომ VHS 1256b-ის ღრუბლებიდან სილიკატები პერიოდულად წვიმის სახით ციურის სხეულის სიღრმეში ჩადის, ატმოსფეროში კი ცეცხლის ალივით ცხელი ფორმით გადაადგილდება, რადგან მისი ტემპერატურა 815 გრადუს ცელსიუსს აღწევს. ასეთი რამ დედამიწაზე არ გვხვდება, მაგრამ უკეთ გასაგებად ცხელი ქვიშის ღრუბლები წარმოიდგინეთ.
"მის ატმოსფეროში არსებული სილიკატის მცირე ზომის მარცვლები უფრო მეტად კვამლის პაწაწინა ნაწილაკებს შეიძლება ჰგავდეს, დიდი ზომისა კი ქვიშის ძალიან ცხელსა და პატარა ნაწილაკებს", — ამბობენ მეცნიერები.
სპეციალისტებმა იქ წყალი, მეთანი, ნახშირბადის მონოქსიდი და ნახშირორჟანგიც დააფიქსირეს. ეს მზის სისტემის გარეთ არსებულ პლანეტაზე ერთდროულად ამდენი მოლეკულის იდენტიფიცირების პირველი შემთხვევაა. ასტრონომები ვების მიერ შეგროვებული ინფორმაციის გაანალიზებას მომავალშიც განაგრძობენ.
კომენტარები