შესაძლოა, ვენერა ვულკანურად ჯერ კიდევ აქტიური იყოს
ხომალდ Magellan-ის რადარის მიერ მოპოვებული მონაცემების ანალიზის შედეგად მეცნიერები ასკვნიან, რომ შესაძლოა, ვენერას ზედაპირზე აქტიური ვულკანიზმი ახლაც იყოს. მათ დაადგინეს, რომ 1991 წელს 8 თვეზე მეტი ხნის განმავლობაში ერთ-ერთი ნაპრალური ვულკანის ზომა და ფორმა შეიცვალა.
ამგვარი ცვლილებები დედამიწაზეც ხდება, იქნება ეს ამოფრქვევების თუ მაგმის დინების გამო, რაც ნაპრალის გადიდებასა და კედლების ჩამოშლას იწვევს. ახალი კვლევის ფარგლებში სპეციალისტები კონცენტრირდნენ რეგიონზე, სადაც ორი უდიდესი ვულკანია განლაგებული: Ozza და Maat Mons. NASA-ს ზონდით 1991 წლის თებერვალსა და ოქტომბერში გადაღებული სურათების შედარებისას მათ Maat Mons-ის მიმდებარედ არსებული ფარისებრი ვულკანის ჩრდილოეთ ნაწილში სხვაობა შენიშნეს.
კერძოდ, დაახლოებით 2.5 კვადრატული კილომეტრი ფართობის მქონე მომრგვალო ნაპრალი თითქმის 3.8 კვადრატულ კილომეტრამდე იყო გაზრდილი, ხოლო მისი ფორმა უფრო უსწორმასწორო გახდა. მოგვიანებით გადაღებულ სურათში კი ჩანდა, რომ ეს ნაპრალი თითქმის გაივსო, ხოლო მისი კედლების ზომა შემცირდა.
უცნობია, ვულკანის შიგთავსი თხევადი იყო, გაცივებული თუ გამყარებული, თუმცა მეცნიერთა ჰიპოთეზის თანახმად, 8 თვის განმავლობაში იქ მაგმა წარმოიქმნა. ნაპრალის გადიდების ალტერნატიული ახსნა არავულკანური, მიწისძვრით პროვოცირებული კოლაფსია.
მეცნიერები ამბობენ, რომ დედამიწაზე ამოფრქვევების შემდეგ ნაპრალების კოლაფსი ხშირია. ეს მაშინ ხდება, როცა მაგმა ერთი ადგილიდან მეორისკენ ინაცვლებს. ამასთან, საინტერესოა, რომ ვენერას ზედაპირი, ჩვენი მზის სისტემის სხვა მყარ სხეულებთან შედარებით, გეოლოგიურად ძალიან ახალგაზრდაა, თუ არ ჩავთვლით დედამიწასა და იუპიტერის თანამგზავრ იოს.
ავტორები იმედოვნებენ, რომ მომავალი მისიების მეშვეობით ვენერას ვულკანიზმზე მეტის გაგებას შევძლებთ. მათი ნაშრომი გამოცემაში Science გამოქვეყნდა.
კომენტარები