ალკოჰოლის ჭარბმა მოხმარებამ შეიძლება ტვინში ანთებითი პროცესები გამოიწვიოს — კვლევა
ჩვენი ნერვული და იმუნური სისტემები მუდმივ ურთიერთქმედებაშია, რათა ორგანიზმმა პათოლოგიური მიკროორგანიზმებით გამოწვეულ ინფექციებთან ბრძოლა შეძლოს. ამგვარი ნეიროიმუნური კავშირი მხოლოდ ტვინის, ემოციებისა და ხასიათის ფუნქციონირებას არ არეგულირებს, არამედ მნიშვნელოვან როლს ასრულებს ისეთ დაავადებებშიც, როგორიც ალკოჰოლის მოხმარებასთან დაკავშირებული აშლილობაა.
მსგავსი აშლილობა ნიშნავს, რომ ინდივიდი ალკოჰოლის მიღებას მაშინაც არ წყვეტს, როცა ეს სერიოზულ პრობლემებს უქმნის. ის უარყოფით ემოციურ მდგომარეობაში გადადის და შესაძლოა, ალკოჰოლიზმიც ჩამოუყალიბდეს. მეცნიერებმა ახალი კვლევის ფარგლებში ამგვარი სასმლის ჭარბ მიღებასა და ტვინის კრიტიკულ არეალებში ანთებით პროცესებს შორის კავშირი გამოავლინეს, რამაც არაა გამორიცხული, რომ გადაწყვეტილებების მიღებასა და იმპულსურობაზეც იმოქმედოს.
მეცნიერებმა ალკოჰოლზე დამოკიდებული თაგვების ერთი ჯგუფი მეორეს შეადარეს, რომელში შემავალი მღრღნელებიც მას ზომიერად ან საერთოდ არ იღებდნენ. სპეციალისტებმა დაადგინეს, რომ იმუნური სისტემის სასიგნალო მოლეკულები (IL-1β ტიპის), რომლებიც დაავადებებისგან გვიცავს და ანთებით რეაქციებს არეგულირებს, პირველ ჯგუფში უფრო მაღალი დოზით იყო წარმოდგენილი
დანარჩენ მღრღნელებში ზემოხსენებული მოლეკულები ჩვეულებრივ ფუნქციონირებდა და ანთების საწინააღმდეგო სიგნალებს გზავნიდა. ალკოჰოლზე დამოკიდებული თაგვების შემთხვევაში კი პირიქით, ანთების მაპროვოცირებელი იმპულსები წარმოიქმნებოდა, რაც იმპულსურობას ზრდის და სასმლის მიღების სურვილს ამძაფრებს.
საინტერესოა, რომ მსგავსი უარყოფითი ეფექტი მაშინაც შენარჩუნდა, რომ ცდისპირმა ცხოველებმა ალკოჰოლის მიღება შეწყვიტეს. უკანასკნელ შედეგებზე დაყრდნობით ავტორები გეგმავენ, რომ შეისწავლონ, როგორ შეიძლება მიზანში ამოიღონ IL-1β-ის სპეციფიკური კომპონენტები ალკოჰოლის მოხმარებასთან დაკავშირებული აშლილობის სამკურნალოდ.
მათი ნაშრომი გამოცემაში Brain, Behavior, and Immunity გამოქვეყნდა.
კომენტარები