ჰაბლის კოსმოსური ტელესკოპის ორბიტა იცვლება და ეს მის სურათებზეც აისახება — კვლევა
ილონ მასკის Starlink-ის ხელოვნურ თანამგზავრთა თანავარსკვლავედი და სხვა მსგავსი აპარატები, რომელთა რაოდენობაც დედამიწის ორბიტაზე დღითიდღე იზრდება, ასტრონომიულ დაკვირვებებს საფრთხის წინაშე აყენებს. გამონაკლისი არც ჰაბლის კოსმოსური ტელესკოპია.
სატელიტების სიკაშკაშის გამო ღამის ცის აღბეჭდვა ხმელეთზე განლაგებული ობსერვატორიებისთვის უკვე დიდი ხანია, პრობლემურად მიიჩნევა. ასტრონომები კომპანიებს მოუწოდებენ, რამე იღონონ, რათა თანამგზავრებს ასეთი მკვეთრი სინათლე არ ჰქონდეს. ახლა მათი ყურადღება ჰაბლმაც მიიპყრო, რომელიც ჩვენი პლანეტის გარშემო მოძრაობს. სპეციალისტებმა თავიანთ ბოლოდროინდელ ნაშრომში წარმოადგინეს, თუ როგორ მოქმედებს ეს ყველაფერი ამ უმნიშვნელოვანეს მოწყობილობაზე.
საქმე ისაა, რომ 1990 წელს ჰაბლი დედამიწიდან 547 კილომეტრის მოშორებით გაუშვეს. იქიდან მოყოლებული დღემდე, მისი ორბიტა საგრძნობლად შეიცვალა და დაახლოებით 538 კილომეტრამდე შემცირდა. ამის შედეგად, ტელესკოპზე სატელიტების სიკაშკაშის გავლენა გაიზარდა, რის მიმართაც ხელსაწყო მგრძნობიარეა.
ავტორებმა მანქანური დასწავლის მეთოდი გამოიყენეს და ჰაბლის 20-წლიანი მონაცემები გააანალიზეს, მათ დაადგინეს, რომ სურათების 2.7 პროცენტში ხელოვნური თანამგზავრების კვალი იყო აღბეჭდილი. აქედან 144 ფოტოზე რამდენიმე ასეთი კვალი გამოვლინდა: 133-ში 2, 10-ში 3, 1-ში კი 4.
მეცნიერები ვარაუდობენ, რომ 2009 წლიდან დაფიქსირებულ ყველა კადრში, რომელიც 11.2-წუთიანი დაყოვნებითაა გადაღებული, სატელიტის კვალის აღმოჩენაა მოსალოდნელი. ამის შანსი ფართოკუთხოვანი ულტრაიისფერი კამერისა და ACS/WFC კამერების შემთხვევაში 59 და 71 პროცენტამდეა გაზრდილი.
ავტორთა ნაშრომი გამოცემაში Nature Astronomy გამოქვეყნდა.
კომენტარები