4 შეცდომა, რომლებსაც სახლში ინტერნეტთან დაკავშირებით ვუშვებთ
სტატიაში რამდენიმე რჩევასაც მოგცემთ, რათა ინტერნეტის პრობლემები გადაჭრათ.
ყველას გვაღიზიანებს, როდესაც ინტერნეტს პრობლემა ექმნება, თუმცა ამის მიზეზების დადგენა ხშირად არც ისე მარტივია. შესაძლოა, თავად ინტერნეტპროვაიდერის ხარვეზი იყოს, ინტერნეტმოწყობილობებს სჭირდეს რამე ანდა სულაც მეზობელი გვპარავდეს WiFi-ს.
ასევე იხილეთ: როგორ გავიგოთ, იყენებს თუ არა სხვა ჩვენს Wi-Fi-ს? — 3 გზა "ქურდების" გამოსაჭერად
ასეა თუ ისე, ხშირად ამის მოგვარება რამდენიმე საკითხის გათვალისწინებით შეიძლება. სტატიაში ოთხ შეცდომაზე ვისაუბრებთ, რომლებსაც გაუაზრებლად ვუშვებთ ხოლმე.
1. მოდემი და რაუტერი სხვადასხვა რამაა
მოდემი ერთგვარი ყუთია, რომლის საშუალებითაც სახლში ინტერნეტი შემოდის. ჩვეულებრივ, იგი კედელში არსებულ კაბელების საკონტაქტო ბუდეს უკავშირდება. მეორე მხრივ, რაუტერი მოდემს უკავშირდება ელექტროსადენით და ჩვენს მოწყობილობებს ქსელთან აკავშირებს, როგორც წესი, WiFi-ს საშუალებით.
საგულისხმოა ისიც, რომ ზოგიერთ მომხმარებელს ერთი ხელსაწყო აქვს, რომელშიც მოდემი და რაუტერი გაერთიანებულია.
იმას, თუ რატომაა მნიშვნელოვანი, აღნიშნული ორი ერთმანეთისგან განვასხვაოთ, შემდეგ ქვეთავში გეტყვით.
2. არ დადოთ WiFi რაუტერი დაფარულ ადგილას
მოდემს თუ წიგნების დასტის ქვეშ მოათავსებთ, დიდი არაფერი დაშავდება, თუმცა მსგავსი მიდგომა რაუტერის შემთხვევაში არ გამოდგება — WiFi საუკეთესოდ მაშინ მუშაობს, როდესაც რაუტერი სახლის ცენტრშია განთავსებული, გარშემო ზედმეტი ნივთებისგან თავისუფალ ადგილას. შესაბამისად, ნუ დადგამთ მას წიგნების თაროზე, მეტალის მაგიდის ქვეშ ანდა სულაც ტელევიზორის უკან.
ამასთანავე, რაც უფრო შორსაა მოწყობილობები რაუტერისგან, მით უფრო რთულია ხარისხიანი კავშირის შენარჩუნება. ყურადღება მიაქციეთ, რომ კედლებმა, მეტალმა, წყალმა და სხვა მსგავსმა დაბრკოლებებმა ისეთ ადგილას არ შეაფერხოს ქსელთან კავშირი, სადაც ყველაზე მეტად გჭირდებათ.
დაიმახსოვრეთ, რომ, თუკი ინტერნეტი შეფერხებით მუშაობს, WiFi რაუტერის მცირედით გადაადგილებამაც კი შეიძლება გამოასწოროს სიტუაცია.
3. არ შეიძინოთ სუპერჩქარი ინტერნეტი
ინტერნეტპროვაიდერები ხშირად გასაოცარ სისწრაფეს გვპირდებიან. მიუხედავად ამისა, 2019 წელს მკვლევრებმა დაადგინეს, რომ ადამიანთა უმრავლესობა იმ სიჩქარის მხოლოდ ნაწილს მოიხმარს, რომლისთვისაც ბევრად მეტს იხდის. ამასთანავე, კვლევისას შედარებით სწრაფი ინტერნეტით სარგებლობისას მნიშვნელოვნად არც სტრიმინგ ვიდეოების ხარისხი გაუმჯობესებულა.
ჩვეულებრივ, მაღალი სიჩქარისთვის საკმარისია გეგმა, რომლის ფარგლებშიც პროვაიდერი 50, 100, 200 ან 300 მბ/წმ სიჩქარეს გვთავაზობს. გადმოწერის სიჩქარე მაჩვენებელია, რომლის საშუალებითაც ინტერნეტიდან მონაცემების ჩვენამდე მოღწევის მაქსიმალური სიჩქარე იზომება. თავისთავად, მეტის გადახდა მაინცდამაინც იმას არ ნიშნავს, რომ მაქსიმალურ სიჩქარეს ყოველთვის მიაღწევთ.
პროვაიდერების მიერ შემოთავაზებული გადმოწერის სიჩქარეები, ჩვეულებრივ, სახლისათვის ადეკვატურია. მეორე მხრივ, შესაძლოა, პრობლემა ატვირთვის სიჩქარის (მაჩვენებელი, რომელიც ზომავს, რა სიჩქარით მიეწოდება მონაცემები ინტერნეტს ჩვენი მოწყობილობებიდან) კუთხით შეიქმნას. მაგალითისთვის, შესაძლოა, Zoom-ის ჩართვა გაიჭედოს, როდესაც იმავე ინტერნეტით ვინმე TikTok-ზე ვიდეოს ტვირთავს. როგორც წესი, აღნიშნულ მაჩვენებელს ინტერნეტკომპანიები ყურადღებას ნაკლებად უთმობენ ხოლმე, გადმოწერის სიჩქარესთან შედარებით.
საბოლოო ჯამში, უმჯობესია, თავდაპირველად ყველაზე ელემენტარული შემოთავაზებით ისარგებლოთ. თუკი ინტერნეტი ძალიან ნელი აღმოჩნდება, უფრო ძვირიანი გეგმის შეძენა შემდეგ განიხილეთ (თავისთავად, აქამდე რაუტერის გადაადგილებაც სცადეთ).
4. არაა აუცილებელი, რაუტერი თქვენი ინტერნეტპროვაიდერისგან იყიდოთ
ბევრი ინტერნეტპროვაიდერი თავისივე მოდემით/რაუტერით სარგებლობას გვთავაზობს, თუმცა მათი შეძენა თავადაც შეგვიძლია. ინტერნეტმოწყობილობების სანაცვლოდ, შესაძლოა, ზოგიერთი პროვაიდერი დამატებით თანხას მოითხოვდეს, დამოუკიდებლად ყიდვით კი ფინანსებსაც დაზოგავთ.
ამ შემთხვევაში მოდემს/რაუტერს მაშინ გამოცვლით, როცა მოგესურვებათ. თუკი რაუტერი 2-3 წელია გაქვთ, უმჯობესია, ახლის შეძენაზე დაფიქრდეთ; მოდემები, როგორც წესი, მეტხანს ძლებს.
გასათვალისწინებელია ისიც, რომ მოდემის/რაუტერის თქვენი ინტერნეტპროვაიდერისგან მიღებამ სარგებელიც შეიძლება მოიტანოს. მაგალითისთვის, კომპანია პროგრამული უზრუნველყოფის განახლებაზე იზრუნებს, სხვადასხვა პრობლემის გადაჭრაში დაგეხმარებათ და დარწმუნდება, რომ თქვენს აღჭურვილობას შეუძლია გაუმკლავდეს იმ სიჩქარეს, რომლისთვისაც იხდით.
სადაც არ უნდა შეარჩიოთ ინტერნეტმოწყობილობები, უმჯობესია, ყოველი შემთხვევისთვის არჩევანი წინასწარ აწონ-დაწონოთ ხოლმე.
კომენტარები