ვარდანიანის გათავისუფლების შემდეგ სტეფანაკერტი და ბაქო ერთმანეთს ხვდება
სახელმწიფო მინისტრის, რუბენ ვარდანიანის გადაყენებიდან ერთი დღის შემდეგ, მთიანი ყარაბაღისა და აზერბაიჯანის ოფიციალური პირები შეხვდნენ, რათა განიხილონ ლაჩინის დერეფნის ბლოკადა და ენერგეტიკული კრიზისი რეგიონში.
შაბათს შეხვედრის შესახებ მედიაში გავრცელებული ინფორმაცია სტეფანაკერტის ხელისუფლებამ დაადასტურა.
სტეფანაკერტის ცნობით, მთიანი ყარაბაღისა და აზერბაიჯანის წარმომადგენლებმა განიხილეს ლაჩინის დერეფნის ბლოკადა და რეგიონის ენერგომომარაგების შეფერხება.
ბაქოს შეხვედრაში მონაწილეობა ჯერ არ დაუდასტურებია.
არამაის აღაბექიანმა, რომელიც მმართველი პარტიის, თავისუფალი სამშობლოს დეპუტატია, რადიო თავისუფლებას განუცხადა, რომ შეხვედრა არ იყო "უპრეცედენტო", იყო წმინდა ტექნიკური და ამასთანავე, "პოლიტიკურ კონტექსტს" მოკლებული.
ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც სტეფანაკერტმა და ბაქომ მთიანი ყარაბაღის ბლოკადის შემდეგ მოლაპარაკებები გამართეს. მოლაპარაკება მას შემდეგ შედგა, რაც ერთი დღით ადრე პრეზიდენტმა არაიიკ ჰარუტიუნიანმა სახელმწიფო მინისტრი რუბენ ვარდანიანი გაათავისუფლა.
სახელმწიფო მინისტრის თანამდებობიდან გათავისუფლებამდე რამდენიმე დღით ადრე, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ ბაქო მზად იყო სტეფანაკერტთან მოლაპარაკებისთვის — მაგრამ ვარდანიანის გარეშე.
ტიგრან გრიგორიანი, ერევნელი პოლიტიკური ანალიტიკოსი, ამბობს, რომ ალიევის და ბაქოს მიერ გაკეთებული განცხადებები ვარდანიანის შესახებ პირდაპირ კავშირშია მის გათავისუფლებასთან.
"[ვარდანიანის გათავისუფლებისთვის] მხოლოდ ერთი მიზეზი არ არსებობდა, არამედ მთელი რიგი მიზეზებისა", — განუცხადა გრიგოიანმა OC Media-ს და დასძინა, რომ გადაწყვეტილებას ასევე ხელი შეუწყო "შიდა და პოლიტიკურმა არეულობამ, ერევანთან ურთიერთობამ და ვარდანიანის მართვის სტრატეგიებთან დაკავშირებულმა უთანხმოებამ".
ენერგეტიკული კრიზისი მიმდინარე ბლოკადის ფონზე
12 დეკემბრის შემდეგ გადაკეტილია ლაჩინის დერეფანი — ერთადერთი გზა, რომელიც მთიან ყარაბაღს სომხეთთან და გარე სამყაროსთან აკავშირებს.
მას შემდეგ, რეგიონი იბრძვის სურსათისა და ენერგო დეფიციტის აღმოსაფხვრელად და მიმართავს რაციონალურ და დროებით გათიშვებს.
პრეზიდენტმა ჰარუტიუნიანმა გასულ კვირას განაცხადა, რომ სარსანგის წყალსაცავში წყლის მარაგი მკვეთრად მცირდება, რადგან რეგიონის პირველადი ჰიდროელექტროსადგურის მუშაობისთვის მეტი წყლის გამოყოფაა საჭირო.
გრიგორიანის თქმით, სომხებსა და აზერბაიჯანელებს შორის მოლაპარაკებები, სავარაუდოდ, ექსკლუზიურად რეგიონის ენერგომომარაგებაზე იქნება ორიენტირებული.
მან განაცხადა, რომ ბლოკადის დასრულება დამოკიდებულია იმაზე, დათანხმდება თუ არა სომხეთი ლაჩინის დერეფანზე აზერბაიჯანული საგუშაგოების შექმნას — მოთხოვნას, რომელსაც ერევანი კატეგორიულად ეწინააღმდეგება.
გრიგორიანის თქმით, აზერბაიჯანმა სომხეთს კომპრომისის სახით შესთავაზა რუსი სამშვიდობოების დერეფნის გასწვრივ მანქანების სკანერების დაყენება.
მან დასძინა, რომ ერევანი სავარაუდოდ დათანხმდება წინადადებას, მიუხედავად იმისა, რომ იგი არღვევს "9 ნოემბრის შეთანხმებას" — შეთანხმებას ცეცხლის შეწყვეტაზე, რომელმაც მეორე მთიანი ყარაბაღის ომი დაასრულა.
შეთანხმება ითვალისწინებდა, რომ გზაზე განლაგდებოდა რუსი სამშვიდობოები, ხოლო აზერბაიჯანი უზრუნველყოფდა "ლაჩინის დერეფნის გასწვრივ, ორივე მიმართულებით ადამიანების, მანქანებისა და ტვირთების უსაფრთხოდ მოძრაობას".
სტატიაში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის ავტორს და არ წარმოადგენს On.ge-ის პოზიციას. მასალა ქვეყნდება OC Media-სთან პარტნიორობის ფარგლებში, რომლის შედეგად, გამოცემის სტატიები ამიერიდან ოთხ ენაზე გავრცელდება. საქართველოში OC Media-ს პარტნიორი On.ge-ა. სტატია ინგლისურად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.
OC Media-ს რედაქცია ამჯობინებს, არ გამოიყენოს ისეთი ტერმინები, როგორიცაა "დე ფაქტო", "არაღიარებული" ან "ნაწილობრივ აღიარებული", როდესაც სტატია ეხება ოკუპირებულ აფხაზეთს ან ე.წ. სამხრეთ ოსეთს, ასევე, მთიან ყარაბაღს. ეს არ ასახავს რედაქციის პოზიციას მათ სტატუსთან დაკავშირებით.
კომენტარები