რა გვიშლის ხელს მარსზე სიცოცხლის კვალის აღმოჩენაში? — ახალი კვლევა
ახალი კვლევის მიხედვით, მარსზე ამჟამად არსებულ მავალებს წითელ პლანეტაზე სიცოცხლის კვალის დაფიქსირება გაუჭირდებათ, თუკი ის იქ მართლაც არის.
ჯერ კიდევ თითქმის ნახევარი საუკუნის წინ NASA-ს ზონდების მონაცემებით დადგინდა, რომ ჩვენს მეზობელ ციურ სხეულზე ძველად წყალი თხევადი ფორმით მოიპოვებოდა, დაახლოებით 3-4 მილიარდი წლის წინ. ეს სხვა მისიების ფარგლებშიც დადასტურდა, რამაც განამტკიცა მოსაზრება, რომ მარსზე შესაძლოა, სიცოცხლეც ყოფილიყო.
NASA-ს აპარატებსა და მარსმავლებს, როგორიც Curiosity და Perseverance გახლავთ, წითელ პლანეტაზე ცალსახად ბიოლოგიური წარმოშობის ორგანული მასალა არ აღმოუჩენია. უძველესი ტბებისა და მდინარის დელტის მიმდებარედ მხოლოდ მარტივი ორგანული მოლეკულების კვალი დაფიქსირდა, რომელზე დაყრდნობითაც კონკრეტული დასკვნების გამოტანა შეუძლებელია, რადგან არაა გამორიცხული, რომ მათი წარმოქმნა გეოლოგიურ პროცესებს უკავშირდებოდეს.
მაინც რატომ ვერ მივაგენით რაიმე ხელჩასაჭიდს ამდენწლიანი კვლევის განმავლობაში? ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად მეცნიერებმა თანამედროვე ხელსაწყოები გამოცადეს, რომლებიც მარსის შესასწავლად ახლა გამოიყენება ან მათი იქ გაგზავნა იგეგმება. მსგავსი ინსტრუმენტებით სპეციალისტებმა ატაკამის უდაბნოში მდებარე ადგილი, სახელად რედ სთოუნი გამოიკვლიეს, რომელიც ადრინდელი მდინარის დელტას ნარჩენია.
ამ არეალის მახასიათებლები ძალიან ჰყავს ეზეროს კრატერისას, რომელიც მარსზეა განლაგებული და მას Perseverance იკვლევს. რედ სთოუნის ტერიტორიაზე ხშირია ნისლი, რომელიც ამ ადგილსა და იქ მობინადრე მიკრობებს წყლის მოლეკულებით ამარაგებს. მეცნიერებმა იქ ცოცხალი და გადაშენებული მიკროორგანიზმების ბიოქიმიურ კვალს მიაგნეს, დნმ-ის ნახევარი კი ე.წ. ბნელ მიკრობიომს ეკუთვნის, რომელიც სათანადოდ აღწერილი არაა.
ამის მიუხედავად, ავტორთა მიერ გამოყენებულ ხელსაწყოებს რედ სთოუნის ნიმუშებში ორგანული მასალის გამოვლენა გაუჭირდა. აქედან ასკვნიან, რომ მსგავს სირთულეს გადააწყდება თითოეული მარსმავალიც, თუკი წითელ პლანეტაზე მიკრობების ნარჩენი ნამდვილადაა.
მეცნიერები ამბობენ, რომ მარსიდან ნიმუშების ჩამოტანაზე უნდა ვკონცენტრირდეთ, რათა ისინი ლაბორატორიებში დეტალურად შევისწავლოთ. მსგავსი მისიები უკვე დაგეგმილია, მათ შორისაა Perseverance-ის მიერ შეგროვებული მასალაც, რომელსაც დედამიწაზე 2033 წელს ჩამოვიტანთ.
ახალი ნაშრომი გამოცემაში Nature Communications გამოქვეყნდა.
კომენტარები