20-წლიანი ძიების შემდეგ, მეცნიერებმა დედამიწის უღრმეს ბირთვს მიაგნეს
დედამიწა მრავალ საიდუმლოს ინახავს, რომლებსაც ნელ-ნელა ვიგებთ. ახლახან მეცნიერთა ანალიზმა პლანეტის შიდა ბირთვში კიდევ ერთი, უღრმესი ბირთვის არსებობა გამოავლინა, რომელსაც რკინის მკვრივი ბურთის სახე აქვს. მან შესაძლოა, ციური სხეულის ევოლუციისა და ფორმირების შესახებ ღირებული ინფორმაცია მიგვაწოდოს.
დედამიწის შიდა სტრუქტურა რამდენიმე ფენისგან შედგება, მათ შორისაა ქერქი, მანტია, ლითოსფერო და ა.შ. ცენტრში, დაახლოებით 1 227 კილომეტრ რადიუსზე, შიდა ბირთვია განლაგებული, რომელიც სიმკვრივით გამოირჩევა და ძირითადად რკინასა და ნიკელს შეიცავს. მისი ზრდის პარალელურად მატერია მყარდება, ეს პროცესი კი გარეთა თხევად ბირთვში კონვექციას უწყობს ხელს. ის დინამოს აწვდის ძალას, რომელიც კინეტიკურ ენერგიას მაგნიტურ ენერგიად გარდაქმნის და პლანეტის მაგნიტური ველის შენარჩუნებას განაპირობებ, ურომლისოდაც აქ სიცოცხლე ვერ იარსებებდა.
შესაბამისად, შიდა ბირთვში მიმდინარე ცვლილებები უმნიშვნელოვანესია, მაგრამ ამ ყველაფრის შესწავლა მარტივი არაა, რადგან იქ ფიზიკურად ვერ ჩავაღწევთ, ამიტომ არაპირდაპირი გზებით გვიწევს გამოკვლევა. ასეთია სეისმური ტალღები, რომლებიც ციური სხეულის შიგნით გადაადგილდება და იქაური გარემოს შესახებ გვიყვება.
20 წელზე მეტი ხნის წინ მეცნიერებმა უღრმესი შიდა ბირთვის არსებობაზე დაიწყეს მსჯელობა, მაგრამ ამდენი ფენის ქვეშ მსგავსი სტრუქტურის გამოვლენა რთული საქმე აღმოჩნდა. ამის მიუხედავად, გლობალური სეისმური სადგურების რაოდენობა ნელ-ნელა გაიზარდა და მათი მეშვეობით უფრო დეტალური ინფორმაციის მიღება დავიწყეთ. სპეციალისტებმა კვლევაში ისეთი არეკლილი ტალღებიც გამოიყენეს, რომლებსაც აქამდე ყურადღება არ ექცეოდა. იგულისხმება მიწისძვრების სუსტი "ექოები", რომლებიც დედამიწის ცენტრს ორზე მეტჯერ კვეთს.
ავტორებმა 3, 4 და 5-გზის არეკლილი "ექოები" გააანალიზეს და მათი გადაადგილების პერიოდულობის გათვალისწინებით უღრმესი შიდა ბირთვის იდენტიფიცირება შეძლეს. ის 650 კილომეტრზე მეტი ზომის არაა, ხოლო მისი ფორმირება ჩვენი პლანეტის წარსულში შიდა ბირთვის ზრდის პროცესის ცვლილებას უკავშირდება.
უფრო სიღრმისეული სამომავლო კვლევებით მეცნიერები მისი მახასიათებლების შესახებ მეტის გაგებას შეეცდებიან. მათი ნაშრომი გამოცემაში Nature Communications გამოქვეყნდა.
კომენტარები