ზოგიერთი მეცნიერის აზრით, ტვინის ჩიპები შესაძლოა, კოგნიტიურ ცვლილებებს იწვევდეს
ილონ მასკის კომპანია Neuralink-ზე, ალბათ, ყველას გვსმენია. იქ მომუშავე მეცნიერები ტვინის ჩიპზე მუშაობენ, რომელსაც ნეიროკომპიუტერული ინტერფეისი ეწოდება და ადამიანის ტვინში ჩანერგილი ელექტროდების წყალობით, მას კომპიუტერთან აკავშირებს.
Neuralink ერთადერთი არაა, რომელმაც მსგავსი ტექნოლოგია შექმნა, მსოფლიოს მასშტაბით კიდევ მრავალი კომპანიაა, რომელიც სპეციალისტებს ამ იდეის გარშემო აერთიანებს და წარმატებებსაც აღწევს. ახლახან Business Insider-ზე გამოქვეყნებულ სტატიაში იმ კოგნიტიურ ცვლილებებზეა საუბარი (მათ შორის პიროვნებისა და მისი თვითაღქმის), რომლებსაც შესაძლოა, ზემოხსენებული ინტერფეისები იწვევდეს (სავარაუდოდ, არაპირდაპირ, არამედ ფსიქოლოგიურად).
"რა თქმა უნდა, ნეიროკომპიუტერული ინტერფეისები ცვლილებებს იწვევს. კითხვა იმაში მდგომარეობს, თუ რა ტიპის ცვლილებებია ეს და რამდენად მნიშვნელოვანია ისინი", — აცხადებს პენსილვანიის უნივერსიტეტის სამედიცინო ეთიკისა და ჯანდაცვის პოლიტიკის დეპარტამენტში ფილოსოფიის პროფესორი, ანა ვექსლერი.
მეცნიერებმა ზუსტად არ იციან, როგორი მიზეზ-შედეგობრივი მექანიზმია ტვინში იმპლანტის ჩადგმასა და პიროვნულ ცვლილებებს შორის. აღსანიშნავია, რომ ეს უკანასკნელი ყოველთვის უარყოფითი არაა, არამედ ზოგჯერ დადებითი ხასიათისაცაა. მაგალითად, არის შემთხვევები, როცა დაავადებებით დატანჯული ადამიანები იმპლანტაციის შემდეგ საკუთარ თავებს უბრუნდებიან. რაც შეეხება უჩვეულო შეგრძნებებს, მათ შორისაა თვითაღქმის, საკუთარ თავად ყოფნის შეგრძნების პრობლემები და გაუცხოება.
"პიროვნების, იდენტობის, ქმედების, ავთენტურობის, ავტონომიისა და თვითობის ცნებები ძალიან მჭიდრო, ბუნდოვანი და გაუმჭვირვალე განზომილებებია. ვერავინ თანხმდება, თუ რას ნიშნავს ისინი, მაგრამ გვაქვს შემთხვევები, როცა ცხადია, რომ ნეიროკომპიუტერულმა ინტერფეისებმა პიროვნებისა და სექსუალობის გამოხატვის ცვლილებები გამოიწვია", — ამბობს ტასმანიის უნივერსიტეტის ფილოსოფიის პროფესორი, ფრედერიკ გილბერტი.
აღსანიშნავია, რომ დღესდღეობით ბაზარზე არსებული მსგავსი იმპლანტების უმეტესობა კონკრეტული სამედიცინო დანიშნულებისაა, იქნება ეს სმენის აღდგენა, ეპილეფსიური შეტევების პროგნოზირება თუ პარალიზებული ადამიანების ცხოვრების გაუმჯობესება. ასეთი ჩიპების უსაფუძვლო დემონიზების მიუხედავად, ისინი ჩვეულ რეჟიმში დაბრუნებაში ბევრ პაციენტს ეხმარება.
ასევე, უნდა ითქვას, რომ მათ ფართო ხელმისაწვდომობამდე არაერთი კლინიკური ცდისა და მარეგულირებელი ორგანოების მიერ მკაცრი შემოწმებების გავლა უწევთ. სერიოზული უკუჩვენებები კი ოფიციალურად არ გამოვლენილა, წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი აქამდე აიკრძალებოდა.
კომენტარები