ბიოლოგები ბოლომდე ვერ თანხმებიან იმაზე, თუ სად გაჩნდა დედამიწაზე პირველად სიცოცხლე. ის შესაძლოა განვითარებულიყო ოკეანის ფსკერზე, არაღრმა კლდოვან აუზებში ან ასტეროიდების შეჯახების შედეგად მოწოდებული სამშენებლო ბლოკებიდან. შეიძლება ყველაფერ ამას ერთობლივი როლი ჰქონოდა.

ჩვენ ვიცით, რომ დედამიწაზე სიცოცხლეს წყალი სჭირდება, ამიტომ სავარაუდოდ ის სწორედ წყალში აღმოცენდა. თუმცა, მხოლოდ წყალი არ არის საკმარისი სიცოცხლის ნაპერწკალის გასაჩენად, მას ასევე სჭირდება ენერგია.

დღეს ცოცხალი არსებების უმეტესობა ენერგიას შაქრის მეტაბოლიზმის შედეგად იღებს, მაგრამ ეს მოლეკულები 3,7 მილიარდი წლის წინ უბრალოდ არ არსებობდა. არადა ეს ის მომენტია, როდესაც სიცოცხლე პირველად განვითარდა.

მაშ, ენერგიის რა წყაროები იყო ხელმისაწვდომი დედამიწის პირველი მკვიდრების გასანვითარებლად?

დაახლოებით 4,6 მილიარდიდ წლის წინ, დედამიწა ძირითადად ოკეანის სამყარო იყო, სადაც ზოგჯერ ვულკანური კუნძულები იჩენდა თავს. სიცოცხლის წარმოშობის შესახებ ერთი თეორია არის ის, რომ მზის ულტრაიისფერი (UV) გამოსხივება ვულკანურ კუნძულებს კლდოვან აუზებში რთული მოლეკულების შექმნაში დაეხმარა. ელოი კამპრუბი-კასასმას თქმით, ეს საკმაოდ საინტერესო თეორიაა. ელოი ბიოლოგია, რომელიც სიცოცხლის წარმოშობას სწავლობს.

"UV მნიშვნელოვანია, რადგან წარმოქმნის იონიზებულ მოლეკულებს, რაც მათ უფრო რეაქტიულს ხდის. ეს დიდი ალბათობით ერთიანდება უფრო დიდ, უფრო რთულ მოლეკულებში, რომლებიც საჭიროა სიცოცხლის სამშენებლო ბლოკების შესაქმნელად. თუმცა, ულტრაიისფერი გამოსხივება აჩენს პრობლემას, რადგან შლის ყველაფერს, რისგანაც შევდგებით. შესაბამისად, რთული მოლეკულების წარმოქმნისას ისინიც დაიშლებოდნენ მზის გამოსხივების გამო", — განუცხადა Live Science-ს კამპრუბი-კასასმა.

კამპრუბი-კასასი და მისი კოლეგები ეჭვობენ, რომ სიცოცხლის წარმოშობა მოხდა ზღვის ფსკერზე, სადაც ცხელი, ტუტე წყალი შერეული იყო გრილ, მჟავე წყალთან და ქმნიდა ქიმიურ ენერგიას. ამას შეეძლო სიცოცხლის ევოლუციის ნაპერწკალი გაეჩინა.

როდესაც წყალში ნახშირორჟანგთან ერთად ჰიდროთერმული წყალი იხსნება, შედეგად მიღებული მოლეკულები ქიმიურად უფრო აქტიური ხდება და შეგიძლიათ დაიწყოთ აზოტის დამატება ამინომჟავების შესაქმნელად.

სიცოცხლის სამშენებლო ბლოკების მოწოდება კოსმოსიდან

"დედამიწაზე სიცოცხლის წარმოშობის შესახებ ერთი თეორიის მიხედვით, სიცოცხლის საშენი ბლოკები პლანეტას ასტეროიდების შეჯახებით მიეწოდა. ასტეროიდზე, ყინულის ფენა დაიცავდა მარტივ შაქარს და მცირე ამინომჟავებს — პრებიოტიკური ქიმიისთვის საჭირო ნედლეულ ინგრედიენტებს", — თქვა პარტა ბერამ, NASA-ს მკვლევარმა.

მეცნიერების თქმით, ეს ინგრედიენტები მზის სხივების ზემოქმედებას განიცდიან. შედეგად ჩნდება აქტიური ინგრედიენტები, რომლებსაც შეუძლიათ რეაგირება მოახდინონ ერთმანეთთან დაბალ ტემპერატურაზეც კი.

სიცოცხლის წარმოშობის ამ ჰიპოთეზის თანახმად, როდესაც მსგავსი ასტეროიდები დედამიწას დაეჯახა, უაღრესად რეაქტიული მოლეკულები ოკეანეს შეერია. ასე უნდა გაჩენილიყო რთული ქიმია, რომელიც საჭიროა სიცოცხლის გასაჩენად. ამ შემთხვევაში, ენერგიის წყარო ასევე იქნებოდა გეოთერმული სითბო.

საერთო ჯამში, იმის გამო, რომ დედამიწის ისტორიის ამ პერიოდიდან ძალიან ცოტა (და მცირე) კლდის ნიმუშები შემორჩა, შეუძლებელია ზუსტად ვიცოდეთ ენერგიის რომელმა წყარომ — მზემ, გეოთერმულმა ქიმიამ თუ გეოთერმულმა სიცხემ გამოიწვია სიცოცხლის ევოლუცია.


მეცნიერებს მიაჩნიათ, რომ შემდეგი კვლევები დაგვეხმარება ჩვენი შესაძლო წარმოშობის გარკვევაში.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.