აშშ-ის კოსმოსური ძალების მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გასულ თვეს დედამიწის ორბიტაზე რუსული ხელოვნური თანამგზავრი აფეთქდა და იქ ნარჩენები წარმოქმნა.

საუბარია Kosmos 2499-ის სახელით ცნობილ აპარატზე, რომელიც 3 იანვარს ნაწილებად დაიშალა და ჩვენი პლანეტის გარშემო არსებულ ორბიტულ ნაგავს სულ მცირე 85 დაკვირვებადი ფრაგმენტი შემატა. ამ მოვლენის შედეგად ფორმირებული ნარჩენების ღრუბელი დედამიწიდან 1 169 კილომეტრის მოშორებით მოძრაობს. სავარაუდოდ, ატმოსფეროში მათ შემოღწევას საუკუნეზე მეტი დრო დასჭირდება.

რუსული თანამგზავრის აფეთქების ზუსტი მიზეზი უცნობია. ის, 3 სხვა სატელიტთან ერთად, ხმელეთიდან ხომალდ Rockot-ის მეშვეობით 2014 წლის მაისში გაუშვეს. Kosmos 2499 ოფიციალურ ტვირთად არ იყო მოხსენიებული, ამიტომ აშშ-ში ის ორბიტულ ნარჩენად მიიჩნიეს, სანამ საეჭვო მანევრებს დააფიქსირებდნენ. ამის შემდეგ მისი კლასიფიკაცია შეიცვალა.

რაკეტის მეორე საფეხურთან მისი მოძრაობის ანალიზის გზით დაასკვნეს, რომ ეს, სავარაუდოდ, სხვა სატელიტებზე მისადევნებლად და შესაძლოა, მწყობრიდან გამოსაყვანად განკუთვნილი საცდელი ტექნოლოგია იყო. ამის მიუხედავად, რუსეთის კოსმოსურ სააგენტოში აღნიშნული მოსაზრების მართებულობა არ დაადასტურეს. მათ განაცხადეს, რომ მისია სრულიად უსაფრთხო ხასიათს ატარებდა და ის დასრულებულადაც გამოაცხადეს, თუმცა Kosmos 2499 ამის შემდეგ რამდენიმე წლის განმავლობაში პერიოდულად მაინც აქტიური იყო.

ახლა ის მხოლოდ ფრაგმენტების სახით არსებობს და დედამიწის გარშემო მოძრავ, დასაკვირვებლად საკმარისად დიდ 36 500 მდე ნარჩენს შორისაა. მცირე ზომის ობიექტების ჩათვლით ეს რაოდენობა 130 მილიონამდე აღწევს და კოსმოსურ მისიებს საფრთხის წინაშე აყენებს, რადგან სერიოზული ზიანის მოტანა შეუძლია.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.