სატურნის ერთ-ერთ თანამგზავრზე შესაძლოა, ფარული ოკეანე იყოს — ახალი კვლევა
სატურნის ბუნებრივ თანამგზავრ მიმასზე შესაძლოა, ოკეანე არსებობდეს, რომელსაც ყინულის სქელი ფენა ფარავს. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ის საკმარისი ოდენობის სითბოს გამოიმუშავებს, რათა წყალი თხევად მდგომარეობაში შეინარჩუნოს.
მკვლევართა ბოლოდროინდელი სიმულაციები, რომლებიც მიმასზე მდებარე ჰერშელის კრატერზე იყო ორიენტირებული, ფილების ტექტონიკასთან ერთად, მხარს უჭერს იდეას, რომ ამ ციურ სხეულზე გეოლოგიურად ახალგაზრდა ოკეანეა. მის ზემოთ კი ყინულის ქერქი ნელ-ნელა თხელდება.
"NASA-ს Cassini-ს მისიის მიწურულს, აპარატმა მიმასის ბრუნვაში საინტერესო რყევა დააფიქსირა, რაც ხშირად გეოლოგიურად აქტიურ სხეულზე მიანიშნებს, რომელზეც შიდა ოკეანის არსებობაა შესაძლებელი", — ამბობენ ავტორები.
ამგვარი რყევის მიუხედავად, სატურნის თანამგზავრის კრატერიანი ზედაპირის გამო მეცნიერებმა თავდაპირველად ის ყინულის სფეროდ მიიჩნიეს. ეს იმიტომ, რომ ოკეანური ობიექტების შემთხვევაში, როგორიც, მაგალითად, ენცელადია, გეოლოგიური აქტიურობის სხვა ნიშნებიც ვლინდება, რომლებიც მიმასზე არ ფიქსირდება.
"თუ მიმასზე მართლაცაა ოკეანე, ის მიეკუთვნება ახალ ტიპს მცირე ზომის, ფარული ოკეანური ობიექტებისა, რომელთა ზედაპირიც მის არსებობაზე საერთოდ არ მეტყველებს", — აცხადებენ მეცნიერები.
სიმულაციებმა აჩვენა, რომ მიმასის ყინულოვანი ქერქი ჰერშელის კრატერის წარმოქმნისას სულ მცირე 55 კილომეტრი სისქის უნდა ყოფილიყო. შიდა ტემპერატურისა და სხვა ფაქტორების მიხედვით, ეს საფარველი ახლა 30 კილომეტრი სისქისაა, რისი მიხედვითაც ოკეანე მთელი ამ დროის განმავლობაში თბებოდა და ფართოვდებოდა. აგრეთვე, კომპიუტერულ მოდელში კრატერის ფორმის აღდგენა მხოლოდ წყლის უზარმაზარი აუზის დამატების შემდეგ გახდა შესაძლებელი.
მიმასის შესახებ მეტის გაგება მის ფორმირებასა და ევოლუციაზე, ასევე, სატურნის რგოლებსა და სხვა მსგავს თანამგზავრებზე მნიშვნელოვან ინფორმაციას მოგვაწვდის. ახალი ნაშრომი გამოცემაში Geophysical Research Letters გამოქვეყნდა.
კომენტარები