ნახეთ: გასაოცარი კადრები შორეული ვარსკვლავის გარშემო პლანეტების მოძრაობას გვიჩვენებს
ჩვენგან 133.3 სინათლის წლის მოშორებით არსებობს ვარსკვლავი, სახელად HR8799, რომლის გარშემოც 4 ეგზოპლანეტა გადაადგილდება. მეცნიერებმა სწორედ ამ სისტემაში შემავალი ციური სხეულების მოძრაობის ამსახველი გასაოცარი კადრები მოიპოვეს, რაც კეკის ობსერვატორიის დახმარებით მოახერხეს.
ვიდეოში, რომელიც 12-წლიანი დაკვირვებების ერთობლიობაა, ცენტრალური მნათობის ირგვლივ 4 კაშკაშა წერტილის გადაადგილებაა ნაჩვენები. ისინი სინამდვილეში პლანეტებია, მათი ორბიტები კი ვარსკვლავისგან საკმარისადაა დაშორებული, რომ ჩვენი პერსპექტივიდან ობიექტები სინათლემ არ გადაფაროს. ეს თითოეული მათგანის დაფიქსირების საშუალებას გვაძლევს, რის გამოც აღნიშნული სისტემა პირველია, რომელიც პირდაპირ გადავიღეთ.
რა თქმა უნდა, ვიდეოში წარმოდგენილი კადრები აჩქარებულია, რათა ადამიანთა ერთგვარ დროით სკალას მოერგოს და ჩვენს კოსმოსურ სამეზობლოში არსებული ეგზოპლანეტების შთამბეჭდავი სანახაობა კარგად აღქმადი გახადოს.
როგორც წესი, ასტრონომები ციურ სხეულებს არაპირდაპირი გზებით აფიქსირებენ. მაგალითად, ტრანზიტის მეთოდით, ანუ მნათობთან მათი ჩავლით გამოწვეული სიკაშკაშის ცვლილებით. ამის უპირველესი მიზეზი ისაა, რომ ვარსკვლავების სინათლე პლანეტების დანახვას აძნელებს, მაგრამ ზოგჯერ გვიმართლებს, როგორც ეს HR8799-ის შემთხვევაში მოხდა.
ის 30 მილიონი წლის ვარსკვლავია, რომელიც მზეზე 1.5-ჯერ მასიური და 4.9-ჯერ უფრო კაშკაშაა. მასთან ყველაზე ახლომდებარე (16.25 ასტრონომიული ერთეულის დისტანციაზე) ობიექტი აირის გიგანტი HR8799e გახლავთ და ის იუპიტერზე 7.4-ჯერ მასიურია, ხოლო საკუთარ ორბიტაზე მოძრაობას 45 წელს ანდომებს.
მორიგი პლანეტა HR8799d არის, იუპიტერზე 9.1-ჯერ მასიური, 100-წლიანი ორბიტული პერიოდითა და მნათობთან 26.67 ასტრონომიული ერთეულის დაშორებით. მას HR8799c მოჰყვება, რომლის მასაც იუპიტერისას 7.8-ჯერ აღემატება და 41.4 ასტრონომიული ერთეულის დისტანციაზე ერთი წრის შემოვლას 190 წელს ანდომებს. საინტერესოა, რომ მის ატმოსფეროში მეცნიერებმა წყალი აღმოაჩინეს.
ბოლოს, ვარსკვლავისგან 71.6 ასტრონომიული ერთეულის მოშორებით, იუპიტერზე 5.7-ჯერ მასიური HR8799b მოძრაობს, რომლის ორბიტული პერიოდიც 460 წელია. შარშან გამოქვეყნებული ნაშრომის თანახმად, სისტემაში კიდევ ერთი პლანეტა შეიძლება იყოს, რომელიც შედარებით მცირე ზომისაა და ვარსკვლავთან უფრო ახლოს მდებარეობს, 4-5 ასტრონომიული ერთეულის მანძილზე.
ეს ნიშნავს, რომ ამ პლანეტური სისტემის შესახებ ჯერ კიდევ ბევრი რამ არ ვიცით, მაგრამ მეცნიერები მის გამოკვლევას განაგრძობენ და იმედოვნებენ, რომ მნიშვნელოვან მონაცემებს მოიპოვებენ.
კომენტარები